Aa Aa
5 ოქტომბერი 2020  |  11:32

2021 წლის ბოლოს Honda ფორმულა 1-ს დატოვებს

ოფიციალურად: 2021 წლის სეზონის შემდეგ „ჰონდა“ფორმულა 1-ს გუნდებს ძრავებით აღარ მოამარაგებს.

ავტომწარმოელები დღეს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებაზე არიან ორიენტირებული და „ჰონდას“ არ სურს, ამ ტენდენციას ჩამორჩეს. გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ, მაგრამ, საბოლოოდ, მათი თანამშრომლობა ფორმულა 1-თან შემდეგი წლის ბოლოს შეწყდება.

„ჰონდა“ ამ ეტაპზე ძრავებით Red Bull Racing-სა და Scuderia AlphaTauri-ს ამარაგებს. ეს თანამშრომლობა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება და გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ამ პარტნიორებთან ერთად გამარჯვება 2019 წლის სეზონში სამჯერ მოიპოვეს. წელსაც მოულოდნელად კარგი შედეგები აქვთ.

„როგორც გუნდის ხელმძღვანელი, კარგად ვხვდები, როგორ გაუჭირდა „ჰონდას“ ამ გადაწყვეტილების მიღება. ავტოსამყაროს პრიორიტეტებმა ეს შედეგი განაპირობა. ჩვენ კარგად გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას. ვამაყობთ იმ 5 გამარჯვებითა და 15 პოდიუმით, რომლებიც ჩვენმა გუნდებმა თანამშრომლობის პერიოდში მოიპოვა და გვინდა, „ჰონდას“ თავდადებისთვის მადლობა გადავუხადოთ“. - ამბობს Red Bull-ის გუნდის ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი.

„ჰონდას“ ფორმულა 1-ში მოღვაწეობა ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა. 2015 წელს ისინი ძრავებით „მაკლარენის“ გუნდს ამარაგებდნენ. 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მუდმივად ბოლიდის ძალის დაკარგვაზე ჩიოდა. გუნდის ერთ-ერთ რადიოში ძრავას „ფორმულა 2-ს ძრავა“ უწოდა. „ჰონდაც“ არ მალავდა, რომ პრობლემები ჰქონდათ.

„ჰონდა“ ამბობს, რომ ფორმულა 1-ში დაგროვილი გამოცდილება მომავალში მათ აუცილებლა დაეხმარებათ.

„ავტოსპორტი „ჰონდას“ დნმ-შია. შემდგომში ვეცდებით, ვიყოთ პირველები ავტოსპორტის ყველა სახეობაში, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ“. - ნათქვამია მათ განცხადებაში.  

 

გაზიარება: