Aa Aa
6 ოქტომბერი 2020  |  19:15

უნდა გადააკრათ თუ არა თქვენს ავტომობილს ფირი?

არის თუ არა ფირის გადაკვრა შეღებვაზე უკეთესი გამოსავალი?

თუ ქალაქში ავტომობილებზე სრულად ქრომირებული ან სამხედრო კამუფლაჟის ზედაპირი გინახავთ, მაღალი ალბათობით, ეს გადაკრული ფირია. ფირების გადაკვრის ტრენდი საკმაოდ სწრაფად მიიწევს წინ. 2025 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მისი მოცულობა 10,8 მილიარდი დოლარის ტოლფასი იქნება. 2015 წლისთვის ეს მაჩვენებელი კი 1.62 მილიარდი დოლარი იყო. ფირის გადაკვრა ავტომობილის იერსახის შეცვლის შესაძლებლობას იმგვარად იძლევა, რომ პირვანდელი იერსახის დაბრუნების პრობლემა საერთოდ არ არსებობს.

რა არის საავტომობილო ფირი?

საავტომობილო ფირი დასაკრავი ვინილია, რომელიც ავტომობილის კორპუსის პანელებზე ეკრობა. მსურველებს ფერთა და დიზაინთა არჩევანის უამრავი საშუალება აქვთ: სტანდარტული გლუვი ზედაპირი, გარდამავალი ფერი, ე.წ. მატი ზედაპირი, ქრომირებული მეტალიკი და გრაფიკული დიზაინი. შეზღუდვას მხოლოდ წარმოსახვის უნარი და ბიუჯეტი წარმოადგენს.

ფირის გადაკვრის დადებითი მხარე არის ის, რომ მოგვიანებით მისი მოცილება არსებული საღებავის დაზიანების გარეშეა შესაძლებელი.

რატომ უნდა გადააკრათ ავტომობილს ფირი?

იმ შემთხვევაში თუ თქვენი საყვარელი ფერით თქვენთვის სასურველი ავტომობილი არ იწარმოება, ფირი ამ პრობლემას მოგიგვარებთ. გარდა ამისა, არსებობს ფირების ნაირსახეობა, რომელიც ავტომობილის ქარხნულ საღებავს ნაჩხაპნებისგან, კენჭებისგან და სხვა გარემო ფაქტორებისგან დაიცავს. მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის კი გამორჩეულობა, სტილი და მრავალფეროვნებაა მნიშვნელოვანი. ფირის გადაკვრა კი, ამ მხრივ, მომხმარებელს მეტ მოქნილობას სთავაზობს.

რა მდგომარეობაში უნდა იყოს ავტომობილი?

არ შეცდეთ და არ იფიქროთ, რომ ფირი ცუდად შეღებილ ადგილებს გამოასწორებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადგილები გადასაკრავით დაიფარება, უსწორმასწორო ან დახაზული ზედაპირი აუცილებლად გამოჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ ძველი საღებავი აძრობას და დარბილებას დაიწყებს ფირი ვერ გიერთგულებთ და დაზიანებას მაინც გამოაჩენს.

როგორ მონტაჟდება ფირი?

ფირის გადაკვრა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფირი მის ქვეშ არსებულ ზედაპირს ზუსტად იმეორებს. სწორედ ამიტომ საწყის ეტაპზე ავტომობილი საგულდაგულოდ ირეცხება. მომუშავეთა ნაწილი ავტომობილს იზოპროპილის ხსნარითაც ამუშავებს.

ამის შემდეგ, ბამპერები იხსნება. საჭიროებას პანელების სიღრმეებში ხელმისაწვდომის სირთულე ქმნის. ხშირ შემთხვევაში ცხაურა და მაშუქების მოხსნის აუცილებლობაც დგება დღის წესრიგში.

მომდევნო ეტაპი უკვე ფირის გადაკვრაა. პროცესში გამათბობელი აპარატიც გამოიყენება, რაც მატერიალს მეტ მოქნილობას და დამყოლობას ანიჭებს. ფინალური ფაზა მცირე ზომის ჰაერის ჯიბეების შევსების სამუშაოებს მოიცავს, რომელიც რბილი ბრტყელი ინსტრუმენტით სრულდება.

მთლიანი პროცესი შესაძლოა რამდენიმე დღეც გაგრძელდეს.



რამდენ ხანს გაძლებს გადაკრული ფირი?

რაც უფრო დამალულია ფირის ნაპირები, მით უფრო დიდხანს გაგიძლებთ ის. იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად მოუვლით მისი სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა 5 წელს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ზაფხულის ცხელი მზის სიჭარბეს ფირის დაზიანება შედარებთ მარტივად შეუძლია. ხოლო, თუ ავტომობილს ქუჩაში გააჩერებთ და დიდი ხნის განმავლობაში მას არ გარეცხავთ, გადასაკრავი ერთი წელიც ვერ გაძლებს.

როგორ უნდა მოვუაროთ გადაკრულ ავტომობილს?

იმისათვის, რომ გადასაკრავი დიდი ხნით მოგემსახუროთ, უმჯობესი იქნება თუ ავტომობილს ფარეხში გააჩერებთ. იმ შემთხვევაში თუ ფარეხი არ გაქვთ, გამოსავალი მანქანის გადასაფარებლის გამოყენებაა. გარდა ამისა, ავტომობილი ხელით და გლუვი ზედაპირის საწმენდი საშუალებებით უნდა გაირეცხოს. ავტომატური გარეცხვის ბოქსების გამოყენებისგან კი თავი უნდა შეიკავოთ.

ეს ყველასთვის არ არის.

უნდა გახსოვდეთ, რომ ვინილის დაკვრა და შემდეგ ყველაფრის დავიწყება ცუდი იდეაა. თქვენი საცხოვრებელი ადგილის კლიმატური პირობები ძალზედ მნიშვნელოვანია. მარილს, რომელსაც თოვლის გასადნობად იყენებენ, ფირზე უარყოფითი ეფექტი აქვს. ხოლო, თუ ცხელ კლიმატურ პირობებში ცხოვრობთ და ავტომობილი ქუჩაში მზეზე ხშირად დგას, ფირის გადაკვრა კარგი გამოსავალი არ არის. ასეთ შემთხვევებში კი ავტომობილის საღებავით შეღებვა უკეთესი იქნება. გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და კომპანიებში ფირის გადაკვრის განსხვავებული ტარიფია, მისი ფასის დასახელებისგან თავს ვიკავებთ. თუმცა, გეტყვით იმას, რომ გადაკვრის საფასური ხშირ შემთხვევაში საღებავით შეღებვასაც აღემატება.

გაზიარება: