Aa Aa
7 ოქტომბერი 2020  |  11:18

ტოპ 10 „ცხელი“ ჰეჩბეკი, რომლებმაც დროს გაუძლო

დღეს წარმოგიდგენთ ტოპ 10 „ცხელ“ ჰეჩბეკს, რომლებმაც დროს გაუძლო. ეს ის ჰეჩბეკებია, რომლებიც გამოსვლის დღიდან დღემდე, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, თავის „სიცოცხლეს“ კვლავ ინარჩუნებს.

ჩვენს სიაში თქვენ ვერ ნახავთ ახალ ჰეჩბეკებს, როგორიცაა Ford Focus Mk. IV ან 2019 Honda Civic Type R. კი, ძალიან ძლიერი ავტომობილები არიან, მაგრამ ჯერ არ გასულა საკმარისი დრო, რომ მათ ჩვენს სიაში ადგილი დაიმკვიდრონ.

ამ ტოპში შესულია, როგორც ძალიან ცნობილი „ჰოთ-ჰეჩები“, ასევე ისეთი მოდელები, რომლის შესახებაც შეიძლება არასდროს გსმენიათ, მაგრამ „ცხელი“ ჰეჩბეკის სტატუს არანაკლებ ირგებს.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეირჩა 10 საუკეთესო „ცხელი“ ჰეჩბეკი, რომლებმაც დროს გაუძლო.

დავიწყოთ იქედან, თუ რა არის „ცხელი“ ჰეჩბეკი.  „ცხელი“ ჰეჩბეკების სიაში პრაქტიკული, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი, მარტივად შესანახი და მაღალი სარბოლო პოტენციალის მქონე ავტომობილები შედის.

 

1.Toyota AE86 Sprinter Trueno (1983)
ცხენის ძალა: 122

მაბრუნი მომენტი: 146 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 8.5 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 200 კმ/სთ
წონა: 970 კგ

იაპონური მეხი, შავ-თეთრი „ჰაჩი-როკუ“, სარბოლო ბოლიდი, დრიფტ მონსტრი - ეს ყველაფერი Toyota AE86-ის ჯერ მხოლოდ სახელის წაკითხვისთანავე გვახსენდება. ამ ავტომობილს ფილმებიდან, კომპიუტერული თამაშებიდან, დრიფტის შეჯიბრებებიდან ან უბრალოდ YouTube-ს ვიდეოებიდან ვიცნობთ. მაგრამ, რამ გამოიწვია ამ იაპონური ჰეჩბეკის პოპულარიზება?

ყველაფერი გენიალური მარტივია. AE86-ის შემთხვევაშიც ასეა. იაპონელებმა აიღეს 4-ცილინდრიანი 1.6 ლიტრიანი 120 ცხენისძალიანი ძრავა, დაამატეს 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, მსუბუქი ძარა და უკანა წამყვანად აქციეს. შედეგად გამოვიდა ძალიან კარგად მართვადი ავტომობილი. წვრილი ტყავის საჭით, გზის საფარის თითო კენჭს და ყველა მოსახვევს გრძნობთ. AE86 ძალიან სახალისო სამართავია, უკანა ნაწილს ისე იქნევს, როგორც პატარა ლეკვი კუდს. 16-სარქველიანი მაღალბრუნიანი ძრავის ჟღერადობა კი ცალკე ხელოვნების ნიმუშია. ეს ავტომობილი იყო შექმნილი მძღოლისთვის, რათა რუტინულ გარემოში, სამსახურიდან სახლში ბედნიერი ბრუნდებოდე.

გარდა იმისა, რომ ძალიან სასიამოვნო სატარებელი და პრაქტიკული ქალაქის მანქანა იყო, AE86 ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინის, განსაკუთრებით დრიფტის, მრბოლელებს შორის დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა. ეს განპირობებული იყო  მსუბუქი, მყარი ძარითა და უკანაწამყვანი თვლებით, რაც ჰეჩბეკებში იშვიათობაა. ავტომობილს ყველა უკანაწამყვანი მანქანის თვისება და ჰეჩბეკის მოქნილობა ახასიათებდა. ამის გარდა, ძრავის სივრცეში „ტოიოტას“ ლეგენდარული ძრავა, 2JZ, უპრობლემოდ ეტეოდა, რის გამოც დრიფტერებს AE86 შეუყვარდათ.

 

2.Peugeot 205 GTi (1986)

ცხენის ძალა: 126

მაბრუნი მომენტი: 161 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 8.2 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 205 კმ/სთ
წონა: 875 კგ

1980-იან წლებში ყველა ავტომწარმოებელი ცდილობდა ავტოსპორტის ეპიცენტრში მოხვედრილიყო: Group B რალიში - იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ ავტოსპორტის სახეობაში. ბ ჯგუფის რალის მონსტრების სანახავად ძალიან ბევრი მაყურებელი იკრიბებოდა. ეს კი ავტომწარმოებლებს რეკლამის ძალიან კარგ საშუალებას აძლევდა.  ასე რომ, 1986 წელს „პეჟომ“ გადაწყვიტა ამ სიგიჟეში მონაწილეობის მიღება თავისი Peugeot 205 T16-ით, რომელიც Peugeot 205 GTi-ს ბაზაზე იყო აწყობილი.

1986 წლამდე, ფრანგული ავტომწარმოებლებიდან, „პეჟო“ ყველაზე კონსერვატიულ და რაციონალურ კომპანიად ითვლებოდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 205 GTi-ს გამოშვებასთან ერთად.

B ჯგუფის რალის წარმატებების კვალზე 205 GTi ძალიან პოპულარული გახდა. ამ მოდელის პოპულარობა გამოწვეული იყო ავტომობილის პატარა ზომით, პრაქტიკულობით და ავტომობილის სპორტული ხასიათით. ყველა GTi-ს მფლობელი საჭესთან თავს B ჯგუფის რალის პილოტად გრძნობდა.

3.Lancia Delta HF Integrale 16v (1990)
ცხენის ძალა: 210

მაბრუნი მომენტი: 298 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 6.0 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 216 კმ/სთ
წონა: 1300 კგ

იტალიაში წარმოებული ცუდი როდესმე რამე შეგხვედრიათ? არც Lancia Delta HF Integrale არის გამონაკლისი.
1990 წელს გამოსულს Lancia Delta HF Integrale 8V-ს, ბ ჯგუფის რალი მონსტრის Lancia S4-თან შედარებით,  უკეთესი მომავალი ელოდა. Lancia Delta-მ ახალ შექმნილ Group A-ში ყველა მოწინააღმდეგეს მტვერს აჭმევდა. ამ წარმატების აღსანიშნავად „ლანჩამ“ Delta HF Integrale 16V-ს გამოშვება დაიწყო. ეს 90-იანების „ცხელი“ ჰეჩბეკების „დავიდი“ და „მონა-ლიზა“ იყო. ეს იყო ყოველდღიური მოხმარების პირველი ავტომობილი ჰეჩბეკების ისტორიაში, რომელსაც ჰქონდა 4x4-ზე წამყვანი თვლები და ტურბოდაბერვის ძრავა ერთდროულად. Delta HF Integrale პირველი სერიული წარმოების და ყოველდღიურად ხელმისაწვდომი, რალისთვის გამზადებული „ცხელი“ ჰეჩბეკი იყო.

ამ ავტომობილს ორი მინუსი ჰქონდა: პირველი - საკმაოდ ძვირი ღირდა და მეორე - სანდოობის პრობლემები ჰქონდა. ამიტომ დღეს-დღეისობით ძალიან ცოტა ეგზემპლარი შემორჩა.

4.VW Golf mk.II GTI G60 (1990)
ცხენის ძალა: 158

მაბრუნი მომენტი: 225 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 8.3 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 216 კმ/სთ
წონა: 1032 კგ

წინა კანდიდატებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მიღწევებით ავტოსპორტში „გოლფი“ არ გამოირჩეოდა. თუმცა, იმდენად პოპულარული იყო, რომ დღეს, GTI-ს ხსენებაზე, უმეტესობას, პირველ რიგში, Volkswagen Golf ახსენდება.
გერმანელი ინჟინრები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი გულგრილი რაციონალურობით, რაც Golf-ის შემთხვევაში მის პრაქტიკულობასა და მაღალ საიმედოობაში გამოიხატა. ეს თვისებები ყველა „გოლფს“ ახასიათებდა. ამ ყველაფერს ემატება GTI: სიჩქარე, მოქნილობა და გართობა.

მეორე თაობის „გოლფი“ ისტორიაში მაინც საუკეთესო „გოლფად“ დარჩება. თუ პირველში გერმანელმა მწარმოებელმა ახალი იდეები გამოსცადა, მეორეში ის ყველაფერი კარგი, რაც პირველს ჰქონდა, გააუმჯობესა და უფრო ხელმისაწვდომი შეფუთვით გამოუშვა.

Volkswagen Golf GTI Mk.II-ის მონაცემები, ფასთან მიმართებით, ბევრ კონკურენტს სჯობდა, რამაც ეს მოდელი 90-იანების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ „ცხელ“ ჰეჩბეკად აქცია.

5.BMW Compact E36 (323 ti) (1997)
ცხენის ძალა: 170

მაბრუნი მომენტი: 245 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 7.8 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 230 კმ/სთ
წონა: 1255 კგ

ყველამ ვიცით, რომ თავის დროზე არსებულ ბაზარზე, BMW E36 M3 ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კუპე იყო. მაგრამ ნაკლებს ეცოდინება, რომ E36-ს ძალზედ საინტერესო ჰეჩბეკის ვერსიაც ჰქონდა, 323 ti. M3-თან შედარებით შეიძლება უსუსური მოგეჩვენოთ, თუმცა ჰეჩბეკების ქვეყანაში იყო „ცხელი“, როგორც ზაფხულის 40-გრადუსიანი სიცხე. იმ დროს, როდესაც არსებული „ცხელი“ ჰეჩბეკების 90% 4-ცილინდირიანი და წინაწამყვანი იყო, უკანაწამყვანი E36 323 ti თავისი 6-ცილინდრიანი ძრავით, დანარჩენების ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა.

323 ti-ში 325-ის 2.5-ლიტრიანი დეფორსირებული ძრავა დევს, რომელიც 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ, კომპიუტერში პატარა ჩარევით და რამდენიმე ნაწილის შეცვლით, თქვენ იმავე 192 ცხენის ძალას მიიღებთ, რაც 325 კუპეს ჰქონდა, ან სულაც ძალიან მარტივად 328 მოდელის ძრავით შეგეძლოთ ჩაგენაცვლებინათ დეფორსირებული ძრავი და მიგეღოთ 280 ნიუტონი. ნიუტონი, რომელიც მუდამ ღიმილს მოგვგვრიდათ. (BMW E36 323ti, მოყვარულთა და პროფესიონალ მრბოლელებს შორის, დღემდე პოპულარულია თავისი უკანაწამყვანის, ჰეჩბეკის თვისებების და მძლავრი 6-ცილინდრიანი ძრავის ერთობლიობის გამო.)

 

6.Citroen Saxo VTS (1998)
ცხენის ძალა: 120

მაბრუნი მომენტი: 149 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 8.3 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 205 კმ/სთ
წონა: 970 კგ

Peugeot 106 GTi 16v ძალიან კარგი ფრანგული „ცხელი“ ჰეჩბეკია, თუმცა მასზე უფრო „ცხელი“ ჰეჩბეკიც არსებობს: Citroen Saxo VTS.

Peugeot 106 Gti-ს ბაზაზე აწყობილი, Citroen Saxo VTS ძალიან ბევრ საერთო ნაწილს იყოფდა „პეჟოსთან“. დიზაინითაც კი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ასე რომ,  ნასვამზე მათი გარჩევა შეიძლება გაგიჭირდეთ. თუმცა სხვაობა მაინც არის. ფრანგული ავტოინდუსტრიის ტრადიციებში, ორივე ჰეჩბეკი ძალიან პატარაა. მიუხედავად ამისა, სალონში ოთხი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. ორივეს ერთნაირი ძრავა აქვს, მაგრამ, „საქსო“ ყოველთვის უსწრებდა „პეჟოს“. ამის მიზეზი ისაა, რომ „საქსოს“ უფრო განიერი ბაზა აქვს და „პეჟოზე“ 15 კილოგრამით უფრო მსუბუქია. ეს ორი მაჩვენებლი შეიძლება უმნიშვნელო იყოს თქვენთვის, მაგრამ ასეთი მსუბუქი და პატარა ჰეჩბეკებისთვის ეს საგრძნობ სხვაობას იძლევა რეალურ პირობებში, განსაკუთრებით ტრეკზე.

ამის გამო რალიში, სუპერ 1600 კლასში მთელი იმედები სწორედ, რომ „საქსოზე“ დაამყარეს და იმედებიც გამართლდა, ამ მოდელმა კომპანიას არაერთი დიდი წარმატება მოუტანა და რალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა მრბოლელმა, სებასტიან ლოებმაც კი „საქსო“ 1600-ით დაიწყო წარმატების პირველი ნაბიჯები.

7.Civic Type-R (EK9) Facelift (1998)
ცხენის ძალა: 170

მბრუნავი მომენტი: 152 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 6.8 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 235 კმ/სთ
წონა: 1073 კგ

ყველა იცნობთ ამ მანქანას. თუ ოდესღაც გყავდათ Vtec-იანი „სივიკი“, ძალიან რთულია გადაეჩვიო 9000 ბრუნის და Vtec-ის გახსნის მიმზიდველ და მომხიბვლელ ხმას.

ახალი თაობის „სივიკი“ „ნორდშლაიფზე“ რეკორდებს კი ამყარებს, მაგრამ ჩვენთვის მაინც EK9 არის საუკეთესო. პირველი Civic Type-R EK9 1997 წელს იყო გამოშვებული. ეს იყო პირველი „სივიკი“, რომელმაც Type-R-ის წოდება დაიმსახურა და ეს იყო მესამე Type-R, Type-R-ების ოჯახში, NSX-ის და Integra-ს შემდეგ.

იაპონელებმა ძალიან კარგად დაინახეს, რა სურდათ მათ მომხმარებლებს: იაფიანი, მარტივად შესაკეთებელი, გამზადებული სარბოლო ბოლიდი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და ეკონომიურიც იქნებოდა.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ EK9 Type-R მხოლოდ იაპონიის ლოკალური ბაზრისთვის იყო შექმნილი. თუმცა, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ყველაზე საბაზო კომპლექტაციის Civic EK4 აიღოს და გადააკეთოს ისე, როგორც გაუხარდება, რადგან Civic-ის EK ძარა იმდენად უნივერსალურია, რომ ნებისმიერი ნაწილი Type-R-ს ნაწილით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.


8.Proton Satria GTI k.a Mitsubishi Colt GTI (1998)
ცხენის ძალა: 138

მაბრუნი მომენტი: 164 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 7.8 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 210 კმ/სთ
წონა: 1115 კგ

ოცდამეერთე საუკუნეში მალაიზიის ხსენებაზე უმეტესობა ავტომოყვარულს  ფორმულა 1 და სეპანგის გრან პრი ახსნედება. ნამდვილ ავტომოყვარულებს კი ერთი ძალიან საინტერესო ავტომობილი გვახსენდება: Proton Satria GTI.

ცნობილი პრაქტიკაა, რომ სხვადასხვა ავტომწარმოებელი ერთმანეთს სხვადასხვა ნაწილს უზიარებს. Proton Satria-ც არ არის გამონაკლისი. ერთი შეხედვით Mitsubishi -ისა და Colt GTI-ის შორის ძალიან ბევრ მსგავსებას და ამავდროულად ბევრ სხვაობას დაინახავთ. ყველაზე რადიკალურ სხვაობას დიზაინში შეამჩნევთ. სპორტული ბამპერები, გაბერილი ფრთები, სპოილერი და ორმაგი ოთხკუთხედი მაყუჩები - ეს ყველაფერი ამ ჰეჩბეკის „სიცხელეზე“ მეტყველებს. მაგრამ Proton Satria GTI-ს „ჰოთ ჰეჩობა“ ამაზე არ მთავრდება. კოლტისგან განსხვავებით „სატრიას“ ჰქონდა „ლოტუსის“ მიერ შემუშავებული დაკიდების სისტემა, რომელიც მოსახვევის დაძლევას მარტივად უმკლავდებოდა.

არ არსებობს ავტომოყვარული, რომელიც დაინახავს „პროტონ სატრიას“ და არ მოეწონება.


9.Renault Clio 172 Phase I (1999)
ცხენის ძალა: 162

მაბრუნი მომენტი: 198 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 6.6 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 223 კმ/სთ
წონა: 1059 კგ

ფრანგებმა „ცხელი“ ჰეჩბეკების კეთება ყოველთვის იცოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ფრანგული ავტომწარმოებელი, რომელიც „ცხელი“ ჰეჩბეკების ადათ-წესებს დღემდე იცავს, არის „რენო“.

ყველა ნამდვილ ავტომოყვარულს ემახსოვრება უძლიერესი Renault Clio Williams, მაგრამ, სამწუხაროდ, იქედან გამომდინარე, რომ ლიმიტირებული წარმოების იყო, ჩვენს სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ მოხვდა მისი შთამომავალი: Renault Clio 172 (RS) Mk.II.

წლების განმავლობაში, მოერე თაობის „კლიომ“ ბევრი მოდიფიცირება (Facelift) განიცადა, მაგრამ ყველაზე „ცხელი“ ჰეჩბექი მაინც პირვანდელი მოდელი იქნება. Clio 172 Phase I იყო მხეცი, რომლის დამორჩილება არც თუ ისე მარტივი, თუმცა შედეგიანი იყო. Phase II-ისგან განსხვავებით, Phase I არ გპატიობს შეცდომებს. პირველი Clio 172 ძალიან განსხვავდებოდა სტანდარტული მოდელისგან, რასაც მის მომდევნო მოდელებზე ვერ ვიტყვით. დიდი სანისლე მაშუქები, რომელიც „კლიოს“ რალის ისტორიას და წარმატებას გახსენებდა, გაუმჯობესებული ჰაერის შემშვები სისტემა, დამატებითი საჰაერო ჭრილები, ძრავის უკეთესი გაგრილებისთვის და ქარხნული OZ F1-ის მსუბუქი დისკები - ეს ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ეს არის RS – Renault Sport ვერსია და არა ჩვეულებრივი მოსაბეზრებელი საბაზო კომპლექტაციის მოდელი.

Renault Clio 172 Phase I იმდენად „ცხელია“, რომ რეალობაში, რბოლისას, მესამე თაობის „კლიოსაც“ კი სჯობს.

 

10.Ford Focus RS Mk. I (2003)
ცხენის ძალა: 215

მაბრუნი მომენტი: 310 ნმ
აჩქარება 0-100კმ/სთ: 6.7 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 232 კმ/სთ
წონა: 1270 კგ

რა ხდება, როდესაც ამერიკულ ბრენდში ბრიტანული ხელი ერევა? იქმნება ისტორიული მნიშვნელობის ავტომობილები, როგორებიცაა Ford Cortina, Ford Escort, Ford Fiesta და ამ სიას დაემატა Ford Focus-იც.

2002 წლის რალიში, კოლინ მაკრეის დამსახურებით, მიღწეული წარმატების აღსანიშნად, „ფორდმა“ Focus 170 ST-ს გაუმჯობესებული, RS (Rallye Sport) ვერსიის გამოშვება გადაწყვიტა. Ford Focus RS-მა „ცხელი“ ჰეჩბეკების ინდუსტრია შეცვალა და შთამომავლებს მიმართულება აჩვენა, თუ როგორ უნდა განვითარდნენ ისინი.

Ford Focus RS-ის დიზაინი „ფოკუსის“ რალის ბოლიდიდან იყო გადმოტანილი და გაბერილი ფრთები და 18-ინჩიანი სპორტული დისკები ძალიან კარგად მოერგო. რაც შეეხება სიჩქარეს და მართვადობას, „ფოკუსს“ კონკურენტი არ ჰყავდა. 215-ცხენისძალიანი ტურბოდაბერვის ძრავის, ახალი დიფერენციალის (LSD) და Brembo-ს სამუხრუჭე სისტემის კომბინაცია სასწაულ შედეგებს აჩვენებდა.

სულ 4501 მანქანა იყო გამოშვებული და უკლებლივ ყველა იყო ლურჯი (Imperial Blue) ფერის.

 

გაზიარება: