Aa Aa
20 მარტი 2021  |  15:23

ფორმულა 1-ს ყველა დროის 10 საუკეთესო პილოტი

ფორმულა 1-ს ყურება გულშემატკივრებისთვის ძალიან ამაღელვებელია. კიდევ უფრო დიდი ადრენალინია პილოტებისთვის, რომლებიც ტრასაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ გამარჯვებისთვის იბრძვიან. ამ ავტოსპორტის ისტორიაში წლების განმავლობაში პილოტები ტიტულებისთვის არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ სიკვდილსაც ეჯიბრებოდნენ. 1952 წლიდან დღემდე ტრასაზე (ტესტირებების ჩათვლით) 52 პილოტი დაიღუპა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უსაფრთხოების ნორმებიც გამკაცრდა და სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში გახდა, მაგრამ პილოტობას ჯერ კიდევ ფოლადის ნერვები და სიმამაცე სჭირდება.

ფორმულა 1-ში მხოლოდ საუკეთესო პილოტები ხვდებიან და მათგან 10 საუკეთესოს გამორჩევა რთულია. ამ სიაში თქვენ შეხვდებით ყველა დროის 10 საუკეთესო პილოტს, რომლებმაც გულშემატკივრებს თავი არა მხოლოდ ტიტულებით, არამედ ქარიზმით, ბრძოლისუნარიანობითა და დიდი გამბედაობითაც დაამახსოვრეს. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ყველაფრით, რის გამოც ეს სპორტი გულშემატკივრებს ასე უყვართ.

10. ფერნანდო ალონსო

მსოფილიო ჩემპიონის ტიტული: 2 (2005, 2006)

კარიერული გამარჯვებები: 32

პოდიუმი: 97

ქულა: 1899

ფერნანდო ალონსოს ბევრი საუკეთესო პილოტად მიიჩნევს. ესპანელმა 1994-1997 წლებში ესპანეთში კარტინგის ზედიზედ სამი ჩემპიონატი მოიგო. მისი დებიუტი კი ფორმულა 1-ში 2001 წლის ავსტრალიის გრან პრიზე შედგა. „რენოსთან“ ერთად, მან 2003 წელს კი მან თავისი პირველი უნგრეთის გრან პრი მოიგო. 2005-2006 წლებში კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. 2013 წელს მან საშინაო, ესპანეთის გრან პრიში გაიმარჯვა. ამ წელს მან მთლიანობაში 242 ქულა მოიაგროვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა. გამარჯვება „რედ ბულთან" და სებასტიან ფეტელთან დათმო.

2021 წლის სეზონიდან 39 წლის ნანდო „რენოს“ გუნდში დაბრუნდა და შედეგების გაუმჯობესებას შეეცდება.   

9. სებასტიან ფეტელი

 

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 4 (2010-2013)

კარიერული გამარჯვებები: 53

პოდიუმი: 121

ქულა: 3018

მართალია, სებასტიან ფეტელისა და „ფერარის“ თანამშრომლობა წარუმატებელი გამოდგა და მისი რეპუტაცია ცოტათი შელახულია, მაგრამ, ვერავინ უარყოფს, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ყველა დროის 10 საუკეთესო პილოტში ყოფნას.

გერმანელის დებიუტი 2007 წლის ამერიკის გრან პრიზე შედგა, რომელშიც პილოტმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. სებასტიან ფეტელი არის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ფორმულა 1-ს ისტორიაში. მან პირველი ტიტული 2010 წელს მოიგო. იმ დროსთვის ის 23 წლისა და 134 დღის იყო. მას შემდეგ „რედ ბულის“ ბოლიდით მან კიდევ ზედიზედ სამჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.

2021 წლიდან ის „ასტონ-მარტინის" გუნდს შეუერთდა და ახალი გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.

 

8. მიკა ჰაკინენი

 

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 2 (1998, 1999)

კარიერული გამარჯვებები: 20

პოდიუმი: 51

ქულა: 420

ავტოსპორტში ბევრი წარმატებული ფინელი პილოტია. იყო მათში გამორჩეული, მარტივი სულაც არ არის. მიკა ჰაკინენმა კი ეს შეძლო. მან „ლოტუსისა“ და „მაკლარენის“ ბოლიდებით მონაწილეობა 165 რბოლაში მიიღო. მისი დებიუტი 1991 წლის ამერიკის გრან პრიზე შედგა. 1995 წლის სიცოცხლისთვის საშიში ავარიის შემდეგ, ჰაკინენი ფორმულა 1-ს დიდი წარმატებით დაუბრუნდა. მან გამარჯვება ზედიზედ 1998 – 1999 წლებში მოიპოვა. ის მიხაელ შუმახერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი იყო.

 

7. ალენ პროსტი

 

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 4 (1985, 1986, 1989, 1993)

კარიერული გამარჯვებები: 51

პოდიუმი: 106

ქულა: 798.5

ალენ პროსტი, აირტონ სენასთან მეტოქეობით არის ცნობილი. სინამდვილეში კი ის ამ სიაში ყოფნას გაცილებით უფრო მეტი მიზეზის გამო იმსახურებს. 1987 წლიდან 2001 წლამდე ის ფორმულა 1-ში ყველაზე მეტი გამარჯვების რეკორდს ფლობდა. „მაკლარენის“, „ფერარის“ და „რენოს“ ბოლიდით 202 რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მისი დებიუტი 1980 წლის არგენტინის გრან პრიზე შედგა. 1981 წელს საფრანგეთში, ფრანგული გუნდით, ფრანგმა მისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1985, 1986, 1989 და 1993 წლებში მოიგო. მეოთხე, საბოლოო ტიტულის მოგების შემდეგ, მან ფორმულა 1-დან წასვლა გადაწყვიტა. გუმშემატკივრებმა, ამ ავტოსპორტისადმი მისი მიდგომის გამო, პროსტს „პროფესორი“ შეარქვეს.

 

6. ნიკი ლაუდა

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 3 (1975, 1977, 1984)

კარიერული გამარჯვებები: 25

პოდიუმი: 54

ქულა: 420,5

ნიკი ლაუდა ბევრისთვის უსაყვარლესი პილოტია. შუმახერამდე, სწრაფ მძღოლებს ნიკი ლაუდას ადარებდნენ. მონაწილეობდა 171 რბოლაში. ავსტრიელის დებიუტი 1971 წელს სწორედ ავსტრიის გრან პრიზე შედგა. 1995 წელს მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული „ფერარის“ ბოლიდით მოიპოვა.

მას ყველაზე კარგად იმისთვის იცნობენ, რაც 1976 წელს, ჯეიმს ჰანტთან დაპირისპირებისას მოხდა. ნიკი ლაუდა, ძლიერი წვიმის გამო, რბოლის გადადებას ითხოვდა. მისი მოთხოვნა არ დაკმატყოფილდა. ნიურბურგრინგზე ავსტრილიელის ბოლიდი ცეცხლის ალში გაეხვა და ლაუდა მასში გამომწყვდეული აღმოჩნდა. ნიკი ძლიერი დამწვრობებით ავარიაში მოხვდა. ის ტრასაზე, ყველასგან გასაკვირად მხოლოდ 42 დღეში დაბრუნდა.

მას შემდეგ ტიტული კიდევ ორჯერ მოიგო. 1977 წელს „ფერარით“ და 1984 წელს „მაკლარენით“. ნიკი ლაუდას ზედმეტსახელად გარეგნობის გამო „ვირთხას“ ეძახდნენ, თუმცა, ეს მას არასდროს აღიზიანებდა.

 

5. ჯეკი სტიუარტი

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 3 (1969, 1971, 1973)

კარიერული გამარჯვებები: 27

პოდიუმი: 43

ქულა: 360

ჯეკი სტიუარტი საუკეთესო პილოტია შოტლანდიიდან. მისი დებიუტი 1965 წელს სამხრეთ აფრიკის გრან პრიზე შედგა. ეს ის დროა, როცა ფორმულა 1-ში მონაწილეობა განსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვდა და ცოცხლად დარჩენა უკვე დიდი ჯილდო იყო. პირველი ტიტული 1969 წელს, „მარჩის“ გუნდთან ერთად მოიგო. მას შემდეგ ფორმულა 1-ში კიდევ ორჯერ 1971, 1973 წლებში „ტაირელ-ფორდის“ გუნდით გაიმარჯვა. ის ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანელ პილოტად ითვლება და ამ სიაში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

 

4. ხუან მანუელ ფანხიო

 

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 5 (1951, 1954-1957)

კარიერული გამარჯვებები: 24

პოდიუმი: 35

ქულა: 277,64

ამ არგენტინელ პილოტს თვითონ მიხეილ შუმახერიც კი საუკეთესოდ მოიხენიებს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ხუან მანუელ ფანხიომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიგო. თანაც იმ დროს, როცა უსაფრთხოების ზომები თითქმის არ არსებობდა და ტრასაზე გასვლა 50%-ით სიკვდილს ნიშნავდა. მისი დებიუტი 1938 წელს საერთაშორისო ჩემპიონატის გრან პრიზე შედგა და გამარჯვებით დასრულდა. პირველი ტიტული 1951 წელს მოიგო. 1954-1957 წლებში კი ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა.

მისი რეკორდი 46 წელს მოუხსნელი იყო. ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ, ფანხიო „მერსედეს-ბენც“ არგენტინას პრეზიდენტი გახდა.

 

3. ლუის ჰამილტონი

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 7 (2008, 2014, 2015, 2017-2020)

კარიერული გამარჯვებები: 95

პოდიუმი: 165

ქულა: 3778

ეს ბრიტანელი პილოტი „მერსედესის“ გუნდში ამჟამად ახალ ისტორიას წერს. ლუის ჰამილტონის რეკორდების ჩამოთვლა აქ გაგვიჭირდება. სია დღითი დღე უფრო გრძელი ხდება. მსოფლიო ჩემპიონის 7 ტიტული! ის მიხაელ შუმახერის რეკორდს გაუთანაბრდა.

ბრიტანელი პილოტის დებიუტი 2007 წლის ავსტრალიის გრან პრიზე შედგა და იმავე სეზონში გამარჯვება კიმი რაიკონენთან მხოლოდ 1 ქულით დათმო. 2008 წელს კი „მაკლარენის“ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. 2014 წლიდან დღემდე „მერსედესის“ ბოლიდით კიდევ 6 გამარჯვება მოიპოვა და რეკორდების დამყარებას აგრძელებს.

2. მიხაელ შუმახერი

 

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 7 (1994, 1995, 2000-2004)

კარიერული გამარჯვებები: 91

პოდიუმი: 155

ქულა: 1566

გერმანელი პილოტი, რომლის გვარიც ყველამ იცის. გასაკვირი არ არის, რომ მიხაელ შუმახერი ყველა დროის ტოპ 10 საუკეთესო პილოტში მოხვდა და თანაც ასეთ მაღალ პოზიციაზე. „წითელ ბარონად“ ცნობილი გერმანელი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ფანხიოს რეკორდის დამხობა პირველმა შეძლო. მსოფლიო ჩემპიონის 7 ტიტული! ეს ფორმულა 1-ს ისტორიაში რეკორდია და, სანამ ჰამილტონისა და „მერსედესის“ გუნდის დომინირება დაიწყებოდა, მისი მოხსნა წარმოუდგენელიც კი იყო.

შუმახერის დებიუტი 1991 წლის ბელგიის გრან პრიზე შედგა. პირველი ორი ტიტული 1994-95 წლებში „ბენეტონის“ ბოლიდით მოიპოვა. შემდეგ კი 2001-1004 წლებში „ფერარისთან“ ერთად კიდევ 5 გამარჯვებას მიაღწია. შუმახერის გვარი დღემდე სისწრაფესთან ასოცირდება.

2013 წელს ალპებში თხილამურებით სრიალისას მიხაელ შუმახერმა მძიმე ტრავმა მიიღო და კომაში იმყოფებოდა. კომიდან გამოვიდა და რეაბილიტაციას გადის, თუმცა, ამ ეტაპზე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ოჯახი მკაცრად ასაიდუმლოებს.

 

1. აირტონ სენა

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 3 (1998, 1990, 1991)

კარიერული გამარჯვებები: 41

პოდიუმი: 80

ქულა: 614

არ არსებობს ადამიანი, ვისაც ლეგენდარული ბრაზილიელის ამ სიაში პირველ ადგილას დანახვა გაუკვირდება. როცა მიხაელ შუმახერს ჰკითხეს, ვინ იყო მათში საუკეთესო, შუმახერმა უპასუხა, რომ სენას ავარია, მისი წინა კამერით იყო გადაღებული.  

აირტონ სენას დებიუტი 1984 წლის ბრაზილიის გრან პრიზე შედგა. პირველი ტიტული 1988 წელს „მაკლარენის“ ბოლიდით მოიგო. მეორედ გამარჯვება 1990 წელს მოიპოვა. ხოლო 1991 წელს მესამე ტიტულის მოგების შემდეგ, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ფორმულა 1-ის ისტორიაში. წვიმაში ბოლიდის მართვის საუკეთესო უნარის გამო, მას გულშემატკივრებმა „წვიმის კაცი“ უწოდეს.

სენაზე სალაპარაკოდ ერთი სტატია საკმარისი არ არის. მოკლედ რომ ვთქვათ, გარდა კარგი პილოტისა, ის კარგი ადამიანიც იყო და ტრასაზე სხვა პილოტის სიცოცხლეც გადაურჩენია.

ვინ იცის, როგორი იქნებოდა დღეს ფორმულა 1-ს სამყარო და კიდევ რამდენ ტიტულს მოიგებდა ბრაზილიელი, რომ არა 1994 წელს მისი იმოლას ტრასაზე გარდაცვალება. ამ ტრაგედიამ ფორმულა 1-ს გულშემატკივრებს გული დასწყვიტა და ეს სამყარო სამუდამოდ შეცვალა.

 

გაზიარება: