Aa Aa
8 ოქტომბერი 2020  |  12:47

ეიფელის გრან პრიზე შესაძლოა რამდენიმე ახალი რეკორდი დამყარდეს

ფორმულა 1 ნიურბურგრინგს უბრუნდება!

ფორმულა 1-ს რბოლას ნიურბურგრინგი უმასპინძლებს. ეიფელის გრან პრიზე კი ბევრ ახალ რეკორდს ვიხილავთ.

6-გზის მსოფლიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონს შესაძლებლობა ექნება, მიხაელ შუმახერის გამარჯვებებს გაუთანაბრდეს. გერმანელს 91 გამარჯვება აქვს, ბრიტანელს კი - 90.

ამასობაში კიმი რაიკონენი რბოლაში მონაწილეობას 323-ედ მიიღებს. რუსეთის გრან პრიზე ის რუბენს ბარიკელოს შედეგს გაუთანაბრდა.

ფინელი „ყინულის კაცის“ დებიუტი „ზაუბერის“ გუნდში 2001 წელს შედგა. ახლა ის 40 წლისაა და ტრასაზე ყველაზე ასაკოვანია. საეჭვოა, კიმიმ ამ რეკორდის გარდა, ეიფელის გრან პრიზე რამე სხვა კარგი შედეგი შემოგვთავაზოს.

„რეკორდს მნიშვნელობა არ აქვს. რბოლას მეც ისევე ველოდები, როგორც სხვები. აქ რამდენიმე რბოლაში მიმიღია მონაწილეობა. გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავი, მაგრამ მაშინ არ გაგვიმართლა“. - ამბობს 2007 წლის სეზონის მსოფლიო ჩემპიონი.

პარასკევი შუმახერების გვარისთვის მნიშვნელოვანი დღეა. „ალფა-რომეოს“ გუნდის ბოლიდის საჭესთან ლეგენდარული მიხაელ შუმახერის 21 წლის შვილი, მიკ შუმახერი დაჯდება. იმ ტრასაზე, რომელიც 7-გზის მსოფლიო ჩემპიონის ბავშვობის სახლთან ახლოსაა. აქ უფროს შუმახერს 5 რბოლა აქვს მოგებული.

ჰამილტონმა „მაკლარენთან“ ერთად ნიურბურგრინგზე 2011 წელს მოიგო. კორონავირუსმა ფორმულა 1 ამ ტრასაზე დააბრუნა. ეს „მერსედესის“ გუნდისთვის საშინაო რბოლაა. ამ რბოლაზე ჰამილტონს სხვა თავისი რეკორდების გაუმჯობესების შესაძლებლობაც ექნება.

2013 წლის შემდეგ ნიურბურგრინგზე რბოლა აღარ ჩატარებულა. მაშინ გამარჯვებული სებასტიან ფეტელი გახდა და ეს მას საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

წვიმიანი ამინდი მოსალოდნელია. ეს „მერსედესის“ გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჰამილტონს წვიმაში სიარული არ უჭირს. „მერსედესის“ დომინირებას კი ხელს ვერავინ უშლის. წვიმაში მაქს ფერშტაპენსაც კარგი შანსები ექნება.

წინა წელი ჰოკენჰაიმში „მერსედესისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. ჰამილტონი მეცხრეზე გავიდა. ბოტასი დაბზრიალდა.

10 რბოლის შემდეგ, ჰამილტონი ბოტასზე 44 ქულით წინაა. ის სხვაობის გაზრდას შეეცდება, მაგრამ უმოქმედოდ არც ვალტერი ბოტასი იქნება.

 

გაზიარება: