Aa Aa
21 მარტი 2020  |  17:35

Mazda MX-5-ის პროტეინების დიეტა: Flyin’ Miata

ნებისმიერ ავტოენთუზიასტს რომ ჰკითხოთ, Mazda MX-5-ის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ, თითქმის ყველა მხოლოდ დადებით თვისებებს ჩამოგითვლით. MX-5 საყვარელი დიზაინით, მოქნილობითა და კარგი მართვადობით გამოირჩევა. „მაზდას“ ეს თვისებები თაობებს შორის გადაეცემა. დაწყებული პირველი NA მოდელიდან დღევანდელი ND-ს ჩათვლით, „მაზდა“ თავის რეცეპტს არ ღალატობს და საუკეთესო როდსტერის ტიტულს ინარჩუნებს.

MX-5 საკმაოდ სპორტული ხასიათის ორადგილიანი როდსტერია. პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელების გულში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაშინ, როდესაც რიგით ავტომოყვარულებს ამ მანქანაში ყველაფერი მოსწონთ, მრბოლელებს მეტი ცხენის ძალა მუდამ სწყუროდათ.

შეიძლება MX-5-ებში ტურბოს დამატების ან ძრავის ჩანაცვლების შესახებ არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ დღეს ჩვენ მოგიყვებით ძრავის ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ჩანაცვლების ისტორიას. პატარა უწყინარ „მაზდაში“ 6.2-ლიტრიანი V8 მონსტრი ჩატენეს!

პატარა კომპანია კოლორადოს შტატიდან, დღეს ცნობილი Flyin’ Miata-ს სახელით, 1983 წლიდან არსებობს. 1989 წლის ჩათვლით ისინი ძირითადად „პორშეს“, „აუდის“ და „ფოლკსვაგენის“ ავტომობილებს ემსახურებოდნენ. ერთ მშვენიერ საბედისწერო დღეს მორიგმა მომხმარებელმა „პორშეს“ მაგივრად ახალგამოსული Mazda MX-5 მიუყვანა და მისი დატუნინგება სთხოვა. ეს ავტომობილი მომენტალურად შეუყვარდათ. მასზე მუშაობა იმდენად სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვეში საკუთარი ტურბო MX-5 ააწყეს.

1996 წელს, როდესაც სახელოსნომ კოლორადოში გადაინაცვლა, მუშაობა ექსკლუზიურად „მაზდაზე“ დაიწყეს. ამ სახელოსნომ უამრავი პროექტი გამოუშვა. “Flyin’ Miata”-ს პროექტები უკლებლივ ყველა მომხმარებელს სახეზე ღიმილს ჰგვრიდა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თუ რამე ერთხელ კარგად გამოგივიდა, ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო მეტის მიღწევა გსურს. ასე LS3 V8 MX-5-ის პროექტამდეც მიაღწიეს.

ეს პროექტი არის MX-5-ის ტუნინგის აპოთეოზი, რომელიც Flyin’ Miata-ს ტუნინგ კომპანიის სახელს ამაყად ატარებს. კომპანიაში მომუშავე ოცმა თანამშრომელმა ამ პროექტში მთელი სული და გული ჩადო. ავტომობილის ძრავის სივრცეში „შევროლეს“ ატმოსფერული 525 ცხენისძალიანი ძრავა გადაუნერგეს. მიღებული ცხენისძალა ქარხნულ 2-ლიტრიან 158-ცხენისძალიან ძრავას 332%-ით აღემატებოდა. 0-დან 100-ამდე აჩქარება 2-ჯერ შეუმცირდა და მოსაბეზრებელი 7,3 წამის ნაცვლად 3,8 წამი გახდა. რა თქმა უნდა, „მაზდას“ ქარხნული სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი 580ნმ მაბრუნ მომენტს ვერ გაუძლებდა, ამიტომ ის T56 Magnum-ის კოლოფით ჩაანაცვლეს. დიფერენციალი „კამაროდან“ აიღეს. ამ ყველაფრის შედეგად ახალი ძალოვანი აგრეგატი „მიატას“ შასის იდეალურად შეერწყა.


Mazda MX-5 (ND)-ს ქარხნული ძრავა (მარცხნივ) და "ჯენერალ მოტორსის" LS3 V8 (მარცხნივ)

რა თქმა უნდა, ცხენის ძალების ნამატმა წონის მომატებაც გამოიწვია, რადგან ახალი ძრავა უფრო მძიმეა და ამისთვის საჭირო ყველა დეტალიც უფრო დიდია. ასეთი პროტეინის დიეტის შედეგად ავტომობილმა 130 კილო მოიმატა. თუმცაღა ანალოგიური ძრავის მქონე „კორვეტი“ 450 კილოგრამით მეტს იწონის, ვიდრე Flyin’ Miata. წონის ბალანსმა 3%-ით წინ გადაინაცვლა (53-47), თუმცა ავტომობილის დინამიკაზე ეს ნეგატიურად არ ასახულა.

ახალ წონას და მომატებულ ცხენებს დამორჩილება სჭირდება. Flyin’ Miata-ს გუნდმა ყველაფერი ისე გააკეთა, რომ „მიატას“ დამახასიათებელი მართვადობა და მოქნილობა არ დაკარგულიყო. ამისთვის Volk-ის დაკიდების და Willwood-ის სამუხრუჭე სისტემები დააყენეს. საპროექტო ავტომობილებში ნაწილების მხოლოდ ჩანაცვლებით ან დამატებით არავინ შემოიფარგლება. რაღაც აუცილებლად უნდა მოაკლო. Flyin’ Miata-ს პროექტში ეს Traction და Stability Control აღმოჩნდა. შეიშალნენ? კი, მაგრამ ჭკვიანებიც არიან, რადგან ამ სისტემების გარეშე ძრავის ცხენის ძალას და მაბრუნ მომენტს არაფერი შეზღუდავს. ავტომობილის მართვაში მძღოლის უფრო მეტი ჩართულობისთვის „უემოციო“ ელექტრონული საჭის გამაძლიერებელი ტრადიციული ჰიდრავლიკურით შეცვალეს.

ერთადერთი, რასაც ცვლილება არ განუცდია, სალონი და ძარის ვიზუალური ნაწილია. სტიკერებს თუ მოვაცლით, ცვლილებებს გამვლელი ვერასდროს მიხვდება, რადგან  მაჩვენებელთა დაფაც კი ქარხნულია.

ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება თქვას, რომ ეს „მიატა“ არ არის. მაგრამ დაფიქრდით, „მიატას“ ტარებისგან მხოლოდ დადებითი ემოციები უნდა გვრჩებოდეს. ზუსტად ამ ერთ კონკრეტულ მიზეზს ემსახურება ეს ავტომობილი და მეტი არც არის საჭირო.

ავტორი: გერმან ბუხალცევი

გაზიარება: