Aa Aa
26 ოქტომბერი 2020  |  11:23

პორტუგალიის გრან პრი: ჰამილტონის რეკორდული გამარჯვება

პორტუგალიის გრან პრის ყველა მოუთმენლად ელოდა. Autodromo Internacional do Algarve თავისი რელიეფით ძალიან საინტერესოა. პილოტებმა მას ზედმეტსახელად „ამერიკული მთებიც“ კი უწოდეს. არავინ იცოდა, როგორ იმუშავებდა საბურავები. მდგომარეობას მოსალოდნელი ნალექიც ართულებდა. ერთი შეხედვით, რბოლაც მოულოდნელობებით უნდა ყოფილიყო სავსე და სტარტიც საინტერესო გამოდგა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ჩვეული სცენარის მიხედვით განვითარდა და ჰამილტონმა რეკორდული - 92-ე გამარჯვება მოიპოვა.

პირველ წრეზე მცირედმა წვიმამ პილოტებს ხელი შეუშალა. ჰამილტონმა ლიდერობა მის გუნდელთან დაკარგა. ბრიტანელმა პირველობა მეოცე წრეზე დაიბრუნა და მას შემდეგ რბოლის დასრულება ყოველგვარი ბრძოლის გარეშე შეძლო.

პოდიუმის პირველ და მეორე პოზიციაზე „მერსედესის“ პილოტები აღმოჩნდნენ. მესამე ადგილი მაქს ფერშტაპენმა დაიკავა, რომელსაც წელს საკმაოდ წარმატებული სეზონი აქვს.

დღის მრბოლელი - სერხიო პერესი

პირველ წრეზე დაბზრიალების შემდეგ, სერხიო პერესმა რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, პიერ გასლიც, რომელმაც მექსიკელს რბოლის დასრულებამდე ორი წრით ადრე გაუსწრო და ფინიშის ხაზი მეხუთემ გადაკვეთა. ლეგენდარულ კიმი რაიკონენს კი შესანიშნავი სტარტი ჰქონდა. 

როდის გადაწყდა რბოლის ბედი?

1/66 - დრამა პირველივე წრეზე! ბოტასი ჯერ მესამე ადგილას ინაცვლებს. შემდეგ კი რბოლის ლიდერი ხდება. ჰამილტონს პრობლემები აქვს? წვიმს! ჰამილტონი მესამეზეა.

2/66 - ესპანელისთვის რბოლა კარგად დაიწყო. საინსი რბოლის ლიდერია. ბოტასი მეორეა, ჰამილტონი - მესამე. ნორისი მეოთხეზეა. რაიკონენი - მეექვსეზე. როგორ ახერებს ფინელი ამას? წვიმა ბევრ პილოტს პრობლემას უქმნის.

6/66 - ბოტასმა პირველობა დაიბრუნა. როგორც ჩანს, „მერსედესის“ ბოლიდებს ისევ კარგი ტემპი აქვს. ფერშტაპენი დაფრინავს! 

20/66 - ჰამილტონი პირელობას იბრუნებს! 

ისტორია დაწერილია! ჰამილტონი ფინიშის ხაზს კვეთს. ეს რეკორდული 92-ე გამარჯვებაა.

სატურნირო ცხრილში მდგომარეობა

ამ სეზონის დასრულებამდე კიდევ 5 რბოლაა დარჩენილი. ამ ეტაპზე ცხრილის სათავეში ლუის ჰამილტონი 256 ქულით ლიდერობს. ვალტერი ბოტასი მას 77 ქულით ჩამორჩება. 162 ქულით მესამე ადგილს მაქს ფერშტაპენი იკავებს. ფინელ პილოტს ამ სეზონში გამარჯვების თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი, თუმცა, მხოლოდ სასწაულის იმედი თუ ექნება. „მერსედესის“ პილოტებს შორის კი იღბალი აშკარად ლუის ჰამილტონის მხარესაა. შემდეგი რბოლა კი იტალიაში 1 ნოემბერს გაიმართება.

გაზიარება: