Aa Aa
30 ოქტომბერი 2020  |  10:33

PAL-V-ს მფრინავი ავტომობილი გაყიდვების დაწყების უფლებასთან ახლოსაა

PAL-V მფრინავი ავტომობილი ახლოსაა იმასთან, რომ მყიდველის ხელში მოხვდეს.

ნიდერლანდური კომპანია აცხადებს, რომ მათმა Liberty-მ ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში ლიცენზია მოიპოვა. ამისთვის მას რამდენიმე რთული ტესტის გავლა მოუწია. ეს ტესტები მაღალ სიჩქარეზე შემოწმებას, გამონაბოლქვისა და ხმაურის კონტროლს მოიცავდა.

PAL-V-ის Liberty შვეულმფრენია, რომელიც ავტომობილად გარდაიქმნება. ის პროპელერის ტრიალის საშუალებით დაფრინავს. როტორებს აეროპლანის ფრთების ფორმა აქვს.

ზოგიერთი კომპანია დრონის მსგავს მფრინავ ტაქსებზე მუშაობს, რომელსაც მხოლოდ ვერტიკალურად დაშვება და აფრენა შეუძლია. გზაზე მოსიარულე ვერსიაზეც ამ დრომდე გეგმები არავის აქვს.

PAL-V თავის პროტოტიპებს 2012 წლიდან ამოწმებს. ზოგიერთი მათგანი საქმეში უკვე გვინახავს. Liberty 2018 წლის ჟენევის ავტოშოუზეც ვიხილეთ. თუმცა, მყიდველებისთვის მისი მიწოდება 2022 წლამდე არ დაიწყება. Liberty-ს გაყიდვის უფლების მიღებამდე კიდევ რამდენიმე ტესტის გავლა მოუწევს.

Liberty-ს 100 ცხენის ძალა აქვს. მაქსიმალური სიჩქარე - 180კმ/სთ. ის მიწაზე 457 კილომეტრის გავლას შეძლებს, ჰაერში კი დაახლოებით 500 (მხოლოდ ერთი მგზავრით).

რა ღირს მფრინავი ავტომობილი? პირველი ეგზემპლარები $599,000 ღირს. PAL-V ამ ეტაპზე სულ 90 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს. მოგვიანებით Liberty Sport ვერსიაც გამოვა და მისი ფასი $399,000 იქნება.

რა თქმა უნდა, მისი მართვისთვის საგზაო და საჰაერო მოწმობაცაა საჭირო. შემკვეთების 80%-ს ავიაციაში დიდი გამოცდილება არ აქვს.

 

 

გაზიარება: