Aa Aa
2 ნოემბერი 2020  |  11:01

ფორმულა 1 იმოლას დაუბრუნდა: „მერსედესმა“ კონსტრუქტორთა თასი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო

კორონავირუსის პანდემიამ ფორმულა 1-ზე მხოლოდ ერთი კარგი გავლენა მოახდინა. ეს ავტოსპორტი ძველ და გულშემატკივრების საყვარელ ტრასებს დაუბრუნა. ამჯერად, ფორმულა 1-ს იმოლამ უმასპინძლა. ენცო და დინო ფერარების ტრასაზე „მერსედესის“ გუნდმა სეზონის დასრულებამდე 4 რბოლით ადრე კონსტრუქტორთა თასი მოიგო. ეს ამ გუნდის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა. თავის მხრივ, ლუის ჰამილტონმა პირველი ადგილი დაიკავა და ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

კვალიფიკაციის შემდეგ პოლ პოზიციას ვალტერი ბოტასი იკავებდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ფინელი სეზონში თავის მესამე გამარჯვებას მოიპოვებდა. თუმცა, მისი ბოლიდის დაზიანებამ და გუნდის სტრატეგიების ცვლილებამ გამარჯვება ბრიტანელს დაუტოვა. თანაც ჰამილტონმა ყველაზე სწრაფი წრისთვის დამატებითი ქულაც მოიპოვა.

ბრიტანელის უკან ადგილს მაქს ფერშტაპენი იკავებდა და რბოლის ბოლოს შესაძლოა ბრიტანელთან ბრძოლაც გვეხილა. რბოლის დასრულებამდე 13 წრით ადრე, მისი ბოლიდი გზიდან გადავიდა და ასე დასრულდა მისი რბოლაც.

და, აი, ის, რასაც დიდხანს ველოდით! დენიელ რიკიარდომ ფეხსაცმლიდან შამპანური ისევ დალია და ამჯერად ლუის ჰამილტონსაც დაალევინა. ბოლო რამდენიმე რბოლა, „რენოს“ გუნდი კარგად გამოიყურება. შესაძლოა, შემდეგ წელს პოდიუმზე ფერნანდო ალონსო არაერთხელ ვიხილოთ.

პიტ სტოპზე კი ლენს სტროლმა დროულად ვერ დაამუხრუჭა და Racing Point-ის მექანიკოსი წააქცია. გუნდის ინფორმაციით, მექანიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

მრბოლელებმა არტონ სენას მემორიალი სხვადასხვა დროს მოინახულეს და ლეგენდარული პილოტის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

როდის გადაწყდა რბოლის ბედი?

1/63 - ფერშტაპენს კარგი სტარტი აქვს!  ჰამილტონი მესამე პოზიციაზე ჩამოვიდა. მაგნუსენი დაბზრიალდა. ყვითელი დროშები!  რიკიარდო გასლის წინ აღმოჩნდა.

20/63 - ბოტასს ბოქსებში ეძახიან!  განსხვავებული სტრატეგია!  ბოტასი ხისტ საბურავებზე გადაჰყავთ. ჰამილტონი გუნდს ეუბნება, რომტემპს იკრეფს და არავინ შეაჩეროს!

22/63 - ბოტასს პრობლემები აქვს! გუნდი ეუბნება, რომ მისი ბოლიდი დაზიანებულია.  

31/63 - ვირტუალური უსაფრთხოების ავტომობილი! ბრიტანელს კიდევ ერთხელ გაუმართლა და უსაფრთხოების ავტომობილმა სწორედ მაშინ მიუსწრო, როცა სჭირდებოდა.

ჰამილტონი ფინიშის ხაზს კვეთს! 1-2 ადგილზე „მერსედესია“ და ეს გუნდისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა! მესამე ადგილას რიკიარდოა.

დღის მრბოლელი - კიმი რაიკონენი

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ კიმი რაიკონენი ფორმულა 1-ში სულ მცირე კიდევ ერთ წელს დარჩება. როგორც ჩანს, ფინელს ჯერ კიდევ ბევრი რამის ჩვენება შეუძლია. წინა რბოლაში საოცარი სტარტის შემდეგ, თავი ამ რბოლაშიც გამოიჩინა და მეცხრე ადგილი დაიკავა.

 

საუკეთესო რადიო

დენიელ რიკიარდოს გამარჯვების აღნიშვნა უდავოდ საუკეთესო რადიო იყო. თუმცა, ლუის ჰამილტონის რადიო უფრო საინტერესო აღმოჩნდა. მას გამარჯვება მიულოცეს. გუნდის გამარჯვებაც აღნიშნეს. ამისთვის მადლობაც გადაუხადეს და უთხრეს, რომ მის გარეშე ამას ვერ შეძლებდნენ. მაგრამ ვალტერი ბოტასისთვის მადლობა არავის უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, რადიოში ეს ჩვენ არ მოგვისმენია. გუნდს გამარჯვების მოსაპოვებლად ორივე პილოტის წარმატება სჭირდება, არა?

სეზონის დასრულებამდე 4 რბოლაა დარჩენილი. ჰამილტონი გუნდელს 85 ქულით უსწრებს. როგორც ჩანს, ამ სეზონის ბედი უკვე გადაწყვეტილია. შემდეგ რბოლას კი თურქეთი 15 ნოემბერს უმასპინძლებს.

 

 

გაზიარება: