Aa Aa
23 ნოემბერი 2020  |  10:15

საქართველოს დრიფტის 3-ეტაპიანი სერიები დასრულდა!

საქართველოს დრიფტის სერიები ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, წელს ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა. მესამე ფინალური ეტაპი მახათას მთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მასში 10 პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა.

ორი ეტაპის შემდეგ სამ ავტომრბოლელს შორის ფაქტობრივად თანაბარი ქულათა რაოდენობა იყო, ამიტომ ამ ეტაპის გამარჯვებული ჩემპიონატის გამარჯვებულიც ხდებოდა. ფინალურ დაპირისპირებაში ნოდო კოდუამ თავის მწვრთნელ მევლუდ მელაძეს არაფერი დაუთმო და დამაჯერებელი ჩემპიონობა მოიპოვა.

ასევე ნოდომ ერთ-ერთი გავლისას უპრეცედენტო შეფასება საქართველოს დრიფტ შეჯიბრების ისტორიაში 99 ქულა მიიღო. ხოლო მესამე ეტაპის ბრინჯაო ავტომრბოლელმა გუგა კირვალიძემ მოიპოვა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ხეროდინაშვილმა მანქანის გამართვა ვეღარ მოახერხა და ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეთიშა.

საერთო ჯამში ჩემპიონატის ლიდერთა სამეული ესე გამოიყურება :

1 ადგილი - ნოდო კოდუა 268 ქულა
2 ადგილი - მევლუდ მელაძე 244 ქულა
3 ადგილი - ალექსანდრე ხეროდინაშვილი 227 ქულა

დრიფტი ავტოსპორტის ყველაზე სანახაობრივი მიმართულებაა, რომელსაც სტაბილურად მაყურებლის დიდი რაოდენობა ესწრება, ამიტომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაიშვა და მახათის მთის მიმდებარე ტერიტორია თითქმის შეივსო.

ასევე მიმდინარეობდა Live ტრანსლაცია „Georgian Drift Series“-ის ფეისბუქ ფეიჯსა და „Georgian Automobile Sport Federation“ – ის ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც საერთო ჯამში 100,000-მდე მაყურებელმა უყურა.

შეჯიბრება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით და „BMW Club Georgia“-ს ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანია, აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები, მოუწოდოს და მოიზიდოს უსაფრთხო ტერიტორიებსა და შეჯიბრებზე.

ღონისძიების გენერალური სპონსორია სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია, რომელიც გამარჯვებულებს სოლიდურ პრიზებს გადასცემს: 1 ადგილი – 500ლ, 2 ადგილი – 300ლ, 3 ადგილი – 200ლ საწვავი.

ფოტოების ავტორები: გიორგი ქობულაშვილი, სოსო გახოკია

გაზიარება: