Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  17:02

Porsche Taycan-ი EV-ი ავტომობილებში ყველაზე ხანრგძლივი დრიფტის რეკორდს ამყარებს

მოცურებულ მდგომარეობაში ავტომობილმა 42 კილომეტრზე მეტი დაფარა

თანამედროვე მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ მსოფლიო რეკორდების დამყარება მარტივი ჩანს. ახლახანს Nurburgring-ზე Mercedes-Benz-ის რეკორდები ვიხილეთ. ავტომწარმოებელმა ყველაზე სწრაფი მდიდრული ავტომობილისა და ყველაზე სწრაფი საწარმოო ავტომობილის სტატუსი მოიპოვა. Porsche კონკურენტს არ ჩამორჩა და ახალი რეკორდის დამყარება გადაწყვიტა.

დიახ, დრიფტის ახალი რეკორდი, ამჯერად, სრულად ელექტიფიცირებულია. ეს იმიტომ, რომ რეკორდი მხოლოდ ელექტრო ავტომობილების კატეგორიას ეხება და ის უკვე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია დამოწმებული. Porsche-მ წიგნში მოხვედრა Hockenheimring-ის 200 მეტრიან წრეზე Taycan-ის უკანა წამყვანი მოდელით მოახერხა. ავტომობილს დენის რეტერა მართავდა და მან 210 წრიანი გადაბმული დრიფტი შეასრულა. საბოლოო ჯამში რეტერამ მოცურებულ მდგომარეობაში 42 კილომეტრზე მეტი დაფარა. სესია 55 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც ავტომობილის საშუალო სიჩქარემ 46 კმ/სთ-ს შეადგინა.

დენისმა აღიარა, რომ ერთი საათის განმავლობაში დრიფტის შენარჩუნება საკმაოდ დამღლელი გამოდგა. წრეს პროცესის დროს წყალი მუდმივად ხვდებოდა, მაგრამ მოჭიდება სტაბილური მაინც არ იყო. ამიტომაც, მოცურებულ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა მუდმივ კონცენტრაციას ითხოვდა. შედეგის სერთფიცირებისთვის ავტომობილი სესიამდე და სესიის შემდეგაც შემოწმდა. მანქანაში მაღალი ხარისხის GPS-ის სისტემა იყო დამონტაჟებული, ხოლო სახურავზე დამაგრებულმა კამერამ სრული გარბენი ჩაწერა.

EV-ის დრიფტის რეკორდი შთამბეჭდავი მოვლენაა, თუმცა, მას 2018 წლის BMW-ს რეკორდამდე ბევრი აშორებს. შეგახსენებთ, რომ F90 M5-სა და BMW Performance Driving School-ის უნსტრუქტორს, იოჰან შვარცზს 8 საათიანი დრიფტის რეკორდი ეკუთვნით. გარბენისას 374 კილომეტრი დაიფარა. BMW-ს ძრავა მაღალ ბრუნებზე მუშაობდა, რის გამოც ავზის ავსება 5-ჯერ დასჭირდა. ამისთვის მასთან ერთად ტანდემში სხვა BMW-ც დრიფტაობდა და პარალელურად საწვავს აწვდიდა.

აპირებს თუ არა Porsche დრიფტის საერთო რეკორდის მოხსნას არ ვიცით, თუმცა, ამ შემთხვევაში ელექტრო მოდელს დენის წყაროსთან მუდმივი კონტაქტი დასჭირდება. ეს ყველაფერი კი სირთულეს წარმოადგენს. იქამდე კი Taycan-სა და Porsche-ს ელექტრო ავტომობილებში ბატონობით დაკმაყოფილება მოუწევს.

გაზიარება: