Aa Aa
30 ნოემბერი 2020  |  11:06

ბაჰრეინის გრან პრი: გროჟანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

ჰალომ ფრანგი პილოტის სიცოცხლე იხსნა!

ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება. მთავარი ინტრიგა უკვე დაკარგულია. ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონის მეშვიდე ტიტული თურქეთის გრან პრიზე გაიფორმა.  ახლა კი გუნდები კონსტრუქტორთა თასში მნიშვნელოვან ქულებზე არიან ორიენტირებულნი.

ბაჰრეინის გრან პრიზე ჰამილტონმა პოლ პოზიციების რეკორდი გაზარდა და რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო. მალევე ყველანი შემზარავი ავარიის მომსწრენი გავხდით. სტარტზე მესამე მოსახვევში რომან გროჟანმა კვიატის ბოლიდს გზა გადაუჭრა და მაღალი სიჩქარით ბარიერს შეეჯახა. ბოლიდი ორად გაიყო და წამებში ცეცხლის ალში გაეხვა. ამ ავარიის შემხედვარე, არავის ეგონა, რომ პილოტი გადარჩებოდა. შარლ ლეკლერი, რომელმაც ავარია სარკეში დაინახა, შეშფოთებული იყო და ინჟინრებს გამუდმებით ეკითხებოდა, გადარჩა თუ არა პილოტი. საბედნიეროდ, რბოლის მარშალები ავარიის ადგილას სწრაფად გაჩნდნენ და ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს. ცეცხლის ალიდან გამოჩნდა რომან გროჟანიც, რომელსაც მარშალი ბარიერზე გადმოსვლაში დაეხმარა.

როცა ბოლიდებს უსაფრთხოებისთვის ჰალო დაუმატეს, დიდხანს მიდიოდა დავა იმის თაობაზე, საჭირო იყო თუ არა ეს ელემენტი. ამ ავარიის შემდეგ, ამ დავას ბოლო მოეღო. ჰალომ, უსაფრთხოების ღვედებმა და სხვა ელემენტებმა, რომლებსაც FIA უსაფრთხოების დაცვის მიზნით ავითარებდა, ზუსტად იმოქმედა. მარშალების უმაღლეს დონეზე მომზადებამ და გმირობამ ფრანგი პილოტის სიცოცხლე იხსნა.

„ჰაასის“ გუნდის პილოტი ჰოსპიტალში მალევე გადაიყვანეს. მოგვიანებით, გუნდმა განცხადება გააკეთა, რომ გროჟანს მცირედი დამწვრობები აღენიშნება ხელებსა და კოჭებზე. ნეკნების და სხვა ძვლების მოტეხილობა რენთგენის შედეგებით არ დადასტურდა.

ტრასაზე წითელი დროშები გამოჩნდა. ბოლიდის ნარჩენებისგან ტრასის გაწმენდას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა.

ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს ხშირად სხვა სპორტის გულშემატკივრები აღიზიანებენ ფრაზით, „ფორმულა 1 რა სპორტია... მარტო წრეებზე დადიან“.  რა თქმა უნდა, ეს ასე არაა.  ეს ავარიაც სწორედ იმის დასტურია, რომ პილოტები გამარჯვებისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან და ეს სპორტი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ წრეებზე სიარული. ლუის ჰამილტონმა წითელი დროშების დროს „ტვიტერზე“ თავისი პოსტით, სწორედ იმ ადამიანებს უპასუხა:

„მიხარია, რომ რომანი გადარჩა. ის რისკი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ხუმრობა არაა. გახსენებთ მათ, ვისაც გავიწყდებათ, რომ ჩვენ აქ ამ სპორტისთვის სასწორზე საკუთარ სიცოცხლეს ვდებთ. დიდი მადლობა FIA-ს იმისთვის, რომ დღეს რომანი გადარჩა“.

გროჟანის ავარიას სხვა მოქმედი და ყოფილი პილოტებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც ფრანგს გამოჯანმრთელება უსურვეს.

მას შემდეგ, რაც ბოლიდის ნარჩენები გაიტანეს და ბარიერი თავიდან ააგეს, რბოლა გაგრძელდა. Racing Point-ის გუნდს კონსტრუქტორთა თასში მნიშვნელოვანი ქულები სჭირდებოდა. „ტორპედო“ კიდევ ერთი ავარიის მონაწილე გახდა. რუსმა პილოტმა ლენს სტროლის ბოლიდი ამოატრიალა. საბედნიეროდ, სტროლი უვნებელი გადარჩა, მაგრამ მისთვის რბოლა დასრულდა. სერხიო პერესი გუნდის ერთადერთი იმედი იყო დარჩენილი და მესამე ადგილზე გადიოდა. რბოლის დასრულებამდე სამი წრით ადრე, მის ბოლიდს ბოლი აუვიდა, შემდეგ კი ცეცხლიც წაეკიდა. რბოლა მისთვისაც დასრულდა.

ყველა სხვა პილოტმა რბოლის დასრულება შეძლო. გამარჯვება ლუის ჰამილტონმა მოიპოვა და ყველაზე მეტი გამარჯვების რეკორდიც გაზარდა. წარმატებული კვირა აღმოჩნდა „რედ ბულის“ გუნდისთვისაც. პოდიუმის მეორე საფეხურზე მაქს ფერშტაპენი, მესამეზე კი, პერესის ავარიის შემდეგ, ალექს ალბონი აღმოჩნდა.

თუმცა, ზეიმის განწყობა არავის ჰქონდა. გროჟანის ავარიამ კიდევ ერთხელ შეახსენა პილოტებს, რომ მათ სიცოცხლეს რბოლის დროს საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება დაემუქროს. საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა. გროჟანი მკურნალობას ჰოსპიტალში აგრძელებს და მალე გამოჯანმრთელდება.

გაზიარება: