Aa Aa
2 დეკემბერი 2020  |  18:00

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. 

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 

პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო კიუვეტები და გაბიონები. მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. 

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფელ ტყემლოვანამდე. აღნიშნული გზა, მდინარე ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები. 

აღნიშნული გზით სარგებლობს მთის 18 სოფელი და 22 სოფელს აკავშირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებთან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 14 489 880 ლარი შეადგინა. 

გაზიარება: