Aa Aa
3 დეკემბერი 2020  |  11:19

მიკ შუმახერი - მიხაელ შუმახერის შვილი 2021 წლიდან ფორმულა 1-ში იქნება

Haas-მა მიკ შუმახერის კონტრაქტი გაუფორმა!

მოხდა ის, რასაც ყველანი დიდხანს ველოდით: შუმახერის გვარი ფორმულა 1-ში ბრუნდება. 7-გზის მსოფლიო ჩემპიონის შვილი მიკ შუმახერი 2021 წლის სეზონიდან ფორმულა 1-ში იასპარეზებს.

ამჟამად მიკი ფორმულა 2-ში ლიდერობს და კვირას ბაჰრეინის გრან პრიზე ტიტულის მოგების საშუალებაც ექნება.

Haas-ის გუნდმა ახალგაზრდა, ნიჭიერ პილოტს რამდენიმე წლიანი კონტრაქტი გაუფრომა. ის გუნდში რომან გროჟანის ადგილს დაიკავებს. კევინ მაგნუსენს კი რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი ჩაანაცვლებს.

„მომავალი წლიდან ფორმულა 1-ში ყოფნის შესაძლებლობა წარმოუდგენლად მაბედნიერებს. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის“. - ამბობს შუმახერი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო Haas-ის გუნდს, „ფერარის“ და „ფერარის“ აკადემიას. ასევე მსურს, რომ მადლიერება გამოვხატო ჩემი მშობლების მიმართ. ყველაფერს მათ უნდა ვუმადლოდე. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ოცნება ფორმულა 1-ზე ახდებოდა“.

Haas-ი ძრავების საკითხში სკუდერიას პარტნიორია. მიკ შუმახერი კი „ფერარის“ აკადემიის აღზრდილია. ასე რომ, მას შემდეგ, რაც გუნდში ერთდროულად ორი ადგილი გათავისუფლდა, სკუდერიას ფავორიტისთვის ადგილი გამოჩნდა.

მიკის დედა - კორინა, ბედნიერი იყო, როცა მიხაელ შუმახერმა რბოლად შეყვიტა. მან თქვა, რომ მეუღლე „ძლივს უკან დაიბრუნა“. ახლა კი მას შვილზე ნერვიულობა მოუწევს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მიკ შუმახერი მამის მემკვიდრეობის ღირსეულად გაგრძელებას.

მაზეპინმა კი თავის მხრივ ფორმულა 2-ში ორი გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მას ტესტები Mercedes-ის გუნდსა და Racing Point-თან აქვს გავლილი.

შემდეგი წლიდან კი პელეტონი ასეთი იქნება:

Mercedes: ? და ვალტერი ბოტასი
Red Bull: მაქს ფერშტაპენი და ?
Aston Martin: სებასტიან ფეტელი და ლენს სტროლი
McLaren: დენიელ რიკიარდო და ლანდო ნორისი
Renault: ფერნანდო ალონსო და ესტებან ოკონი

Ferrari: შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი
AlphaTauri: პიერ გასლი და ?
Alfa Romeo: კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი
Haas: მიკ შუმახერი და ნიკიტა მაზეპინი
Williams: ჯორჯ რასელი და ნიკოლას ლატიფი

 

 

გაზიარება: