Aa Aa
7 დეკემბერი 2020  |  11:42

Mercedes-ის დიდი შეცდომა: ჯორჯ რასელს საჰირის გრან პრიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება

რასელი ზღაპრიდან რეალურ სამყაროში „მერსედესის“ გუნდის შეცდომამ დააბრუნა. პოდიუმზე პერესი, ოკონი და სტროლი აღმოჩნდნენ.

22 წლის ბრიტანელი პილოტი ჯორჯ რასელი მთელი კვირის განმავლობაში  ყურადღების ცენტრში იყო. მას შემდეგ, რაც ლუის ჰამილტონის კოვიდინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი, „მერსედესმა“ მისი რასელით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. რასელის გვარი მომავალში „მერსედესის“ გუნდთან არის დაკავშირებული და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ახალგაზრდა პილოტისთვის ყველაფერი ზღაპრულად მიდიოდა. მან პრაქტიკებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. კვალიფიკაციაზე კი პოლ პოზიცია მის გამოცდილ გუნდელთან - ვალტერი ბოტასთან დათმო. უნდა აღინიშნოს, რომ ჯორჯ რასელი ლუის ჰამილტონზე 11 სანტიმეტრით მაღალია და ბოლიდში თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობდა.  

რბოლის დღე „მერსედესის“ გუნდისთვის კარგად დაიწყო. პოლ პოზიციას ვალტერი ბოტასი იკავებდა. პელეტონში მეორე პოზიციაზე ჯორჯ რასელი იდგა. სტარტზე, პირველივე მოსახვევში ბრიტანელმა გუნდელს გაუსწრო და 87-წრიანი რბოლიდან 59 წრემდე ლიდერობდა. ეს იყო მისთვის ფორმულა 1-ში გამარჯვების პირველი შანსი.

თუმცა, რასელი „მერსედესის“ შეცდომამ რეალურ ცხოვრებაში დააბრუნა. გუნდმა თავის ორივე პილოტს რბოლა გაუფუჭა. რასელს წინა ღერძზე არასწორი საბურავები დაუმაგრა. ასეთი შეცდომა ფორმულა 1-ში იშვიათად ხდება, მით უმეტეს, „მერსედესის“ გუნდისგან. გუნდისგან, რომელმაც კონსტრუქტორთა თასი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.

დაკარგული პოზიციებისთვის ბრძოლისას რასელმა საბურავი დააზიანა. გამარჯვება სერხიო პერესმა მოიპოვა. „მერსედესის“ პილოტები კი პოდიუმს გარეთ დარჩნენ.

ბოტასი მერვეზე გავიდა, რასელი მეცხრეზე.

„სიტყვებით ვერ გამოვხატავ. ყოფილა რბოლები, როცა გამარჯვება ხელიდან გამომცლია, მაგრამ ორჯერ?“ - თქვა რბოლის შემდეგ იმედგაცრუებულმა ბრიტანელმა.  

მას თითი არავისკენ გაუშვერია და გუნდი მის წარუმატებლობაში არ დაუდანაშულებია. „უილიამსის“ ბოლიდით ბოლო ადგილებზე სიარულის შემდეგ, ქულების ზონაში დასრულება რასელისთვის ცუდი შედეგი არ არის.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შესაძლოა მას ეს ბედნიერებაც წაართვან.

„როცა ბოლიდი ნომრით 63 პიტზე შევიდა, მას წინა ღერძე ბოლიდი ნომერი 77-ისთვის განკუთვნილი საბურავები დაუმაგრეს“. - ნათქვამია FIA-ს ოფიციალურ განცხადებაში.

„ბოლიდმა ნომრით 63 „პიტ ლეინი“ დატოვა და სწორი საბურავებისთვის ერთი წრის შემდეგ დაბრუნდა. ეს 24.2 a) და 24.3 e) მუხლებს ეწინააღმდეგება“.

აუცილებელი პიტ სტოპის გამო, გამოვიდა, რომ საჰირის გრან პრის ვიქენდზე რასელმა ჯამში 14 სხვადასხვა კომპლექტი გამოიყენა - მეტი, ვიდრე რეგულაციით დაშვებულია.

ამისთვის ჯორჯ რასელს დისკვალიფიკაცია ემუქრება, რაც გრან პრიზე დაგროვილი ქულების ჩამორთმევას გულისხმობს.

მიუხედავად ამ იუღბლობისა, ჯორჯ რასელის ნიჭი და ბრძოლისუნარიანობა შეუმჩნეველი არავის დარჩენია.

„საჰირის რბოლა ჯორჯ რასელისთვის რბოლის მოგების ბოლო შანსი არ იქნება. ეს მხოლოდ ზღაპრის დასაწყისია. დღეს არ გამოვიდა. უნდა ვთქვა, რომ ახალი ვარსკვლავი დაიბადა“. - თქვა „მერსედესის“ გუნდის ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა.

გაზიარება: