Aa Aa
18 დეკემბერი 2020  |  10:54

FIA-ს თქმით, მათ 100%-ით მდგრადი საწვავი შეიმუშავეს

FIA 100%-ით მდგრად საწვავზე მუშაობს, რომლის გამოყენებაც რბოლებზე დაიწყება.

ეს საწვავი იმ ბიო-ნარჩენებისგან იწარმოება, რომლითაც ადამიანები ან ცხოველები არ სარგებლობენ. ის F1-ის ძრავების მწარმოებლებს შესამოწმებლად მიეწოდებათ.  

ეს ყველაფერი 2030 წლისთვის ფორმულა 1-ს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავსტოსპორტად გახდომას ემსახურება.

ამ საწვავს 5-6 წლის შემდეგ გამოიყენებენ, როცა ფორმულა 1-ში ახალი ძრავები გამოჩნდება.

ეს იქნება აუცილებელი მოთხოვნა, როცა სპორტში ახალი ძრავები შემოვა. ეს ცვლილება 2026 წელს იგეგმება, თუმცა, შესაძლოა 2025 წელს განხორციელდეს.

FIA-ს თქმით, მათ ეს საწვავი იმის დასამტკიცებლად შეიმუშავეს, რომ ტექნოლოგია მუშაობს. ძრავის მწარმოებლებს ასეთი საწვავის წარმოებისკენ უბიძგებენ.  FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდი ამბობს:

„FIA პასუხისმგებლობას იღებს ნახშირბადის დაბალი გამონაბოლქვის მიღებაზე, რაც გარემოსთვის მიყენებულ ზიანს შეამცირებს და ეს იქნება ჩვენი შეტანილი წვლილი გარემოს დაცვაში. ბიოლოგიური ნარჩენებისგან შექმნილი საწვავი ფორმულა 1-ის განვითარებაში წინ გადადგმული ნაბიჯია“.  

2030 წლისთვის ფორმულა 1-ს ბოლიდებს ნულოვანი გამონაბოლქვი უნდა ჰქონდეს. FIA-მ ვიდეოც კი გამოუშვა, რომელშიც პილოტები გარემოს დაცვის საკითხებზე საუბრობენ.  

ფორმულა 1-ს მმართველი დირექტორის როს ბრაუნის თქმით, ფორმულა 1 ყოველთვის იყო პლატფორმა ახალი თაობის ტექნოლოგიების განვითარებისთვის.

„ახალი საწვავი სრულიად ერგება ჩვენს გეგმებს, რომ 2030 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვი მივიღოთ. იმედი გვაქვს, მომავალში ახალი თაობის ძრავას შევქმნით, რომელიც ჰიბრიდულ ტექნოლოგიას მდგრად საწვავთან გააერთიანებს“.

2014 წლის ძრავები ეფექტიანობის მხრივ რევოლუციური გამოდგა. ბოლიდები ტიპურ საგზაო ავტომობილზე 50%-ით თერმულად ეფექტიანია.

ახლანდელი ძრავები საკმაოდ რთული და ძვირია. ახალი გეგმის მიზანია, ძრავის სირთულის და წარმოების ღირებულების შემცირება.

გაზიარება: