Aa Aa
21 დეკემბერი 2020  |  15:25

Mazda RX-7-ის წარმოება ბრუნდება, მაგრამ მხოლოდ ნაწილების სახით

მათთვის, ვინც მოდელის რესტავრაციით არის დაკავებული ნამდვილად კარგი ამბავია.

Mazda-ს გულშემატკივრები და მოყვარულები დიდი ხანია RX-7-სა და როტორული ძრავის დაბრუნებას ელოდებიან. ამ უკანასკნელი ძრავის დაბრუნება 2022 წელს Mazda MX-30-ის სახით დადასტურდა.

რაც შეეხება RX-7-ის გზაზე დაბრუნებას, მოდელის გულშემატკივრებისთვის ჰიროშიმადან კარგი ამბები ისმის. Mazda RX-7-ისთვის, 2021 წლის თებერვლიდან, ნაწილების წარმოებასა და გაყიდვას იწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ RX-7 გზებზე არ ბრუნდება, ეს მაინც კარგი ამბავია. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოყვარულია, რომლებიც RX-7-ის რესტავრაციით ან პროექტით არიან დაკავებულნი. Mazda-ს ეს ნაბიჯი კი მათ ნაწილების შეძენის საშუალებას მისცემს.

კომპანიის მიხედვით, ქარხნებში მეორე (წარმოებული 1985 წლიდან 1992 წლამდე) და მესამე (წარმოებული 1991-დან 2002 წლამდე) თაობის კომპონენტებისა და დეტალების წარმოებაა გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ისეთი ნაწილები დამზადდება, რომლებზეც მაღალი მოთხოვნაა. სამწუხაროდ ყველა ნაწილის წარმოება არ არის დაგეგმილი.

Mazda მეორე თაობის მოდელისთვის 30 სახეობის ნაწილს, ხოლო მესამე თაობისთვის 61 სახეობის ნაწილს აწარმოებს. ყველა ამ კომპონენტის შეძენა Mazda-ს სადილეროებსა და დილერებთან იქნება შესაძლებელი.

გაზიარება: