Aa Aa
22 დეკემბერი 2020  |  10:40

დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისში ჩატარდება

დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება!

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასა და Drift Masters European Championship-ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის წყალობითაც დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისში 2021 წლის 4-5 სექტემბერს, ეროვნული ფედერაციის და საქართველოს დრიფტის სერიების მიერ ჩატარდება.

ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპის 25 ქვეყანასთან ერთად მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ. მათ შორის, საქართველოს ორი მონაწილე წარმოადგენს - 2020 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონი ნოდო კოდუა და ვიცე-ჩემპიონი მევლუდ მელაძე.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრში მრბოლელები, მძლავრი ავტომობილებით იღებენ მონაწილეობას. საშუალო სიმძლავრე 1000 ცხენის ძალაა. შეჯიბრის ჩასატარებლად ბარათაშვილის ხიდი შეირჩა, სადაც ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები ყველაზე ხმაურიან სანახაობასთან ერთად მარტივად შეძლებენ საქართველოში ჩამოსულ მსოფლიოს წამყვან დრიფტერებთან ერთად ფოტოების გადაღებას.

ინტერესი თბილისის მიმართ ძველი თბილისის უნიკალურობამ გამოიწვია, ხოლო ღონისძიების მოწყობა რეალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად ჩაება პროცესში.

გაზიარება: