Aa Aa
23 დეკემბერი 2020  |  15:10

McLaren Sabre-ს მოულოდნელი დებიუტი და უკან ჩამოტოვებული Senna

მხოლოდ 15 ასეთი მოდელი აიწყობა და ყველა მათგანი აშშ-ს ბაზრისთვის გამოვა

ბოლო დროს McLaren Sabre-ს პაპარაცული სურათები ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა. აშკარა იყო, რომ მისი გასაჯაროებასთან ახლოს ვიყავით. თუმცა, ასე და ამგვარად ამ ყველაფერს არავინ ელოდა. ჰაიპერქარი გასაჯაროვდა, მაგრამ ამბავი McLaren-ს არ უცნობებია. ეს ყველაფერი ბევერლი ჰილსის სადილერომ გახადა ცნობილი, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. 

მოდელის გამოსვლამდე ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას ელექტრო ძალოვანი აგრეგატით ჰქონდა, რომელიც 1 000-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ჭორები არ გამართლდა. ავტომობილი სრულად შიგა წვის აგრეგატიანია და ის ნაცნობ, 4-ლიტრიან, 2-ტურბინიან V8 ძრავას იყენებს. სიმძლავრე კი 824 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს მოიცავს.

ეს ყველაზე მძლავრი არაჰიბრიდული V8 ძრავაა, რომელიც McLaren-ს ოდესმე შეუქმნია. ამ აგრეგატის დახმარებით Sabre-ს 350 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. სხვათაშორის, ეს Sabre-ს ყველაზე სწრაფ ორადგილიან McLaren-ად აქცევს და სანამ კომენტარებში Speedtail-სა და F1-ს შეგვახსენებთ გეტყვით, რომ ამ მანქანებს სამი სავარძელი აქვს. დიახ, ეს ტექნიკურობაა, მაგრამ Sabre მართლაც სერიოზულად სწრაფი ავტომობილია.

სერიოზულია მისი ექსკლუზიურობაც. მწარმოებლის მიხედვით, Sabre-ს მხოლოდ 15 მოდელი აიწყობა. ამას გარდა,ცნობილია ისიც, რომ ავტომობილები ამერიკული ბაზრისთვის გამოვა. ბევერლი ჰილსის McLaren-ის სადილერო აღნიშნავს, რომ მოდელი მხოლოდ აშშ-ს ფედერალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მისი გლობალური შეთავაზება არ მოხდება. შესაბამისად ავტომობილის შეძენა მხოლოდ ბევერლი ჰილსის სადილეროშია შესაძლებელი.

გაზიარება: