Aa Aa
26 დეკემბერი 2020  |  11:17

ქეროლ შელბის ორიგინალი, გამოსვლიდან მის საკუთრებაში მყოფი 427 Cobra აუქციონზე იყიდება

რესტავრაციამ ავტომობილი თავდაპირველ სპეციფიკაციებს დაუბრუნა.

Shelby 427 Cobra ამერიკული საკულტო ავტომობილია. Mecum-ი კი მის უნიკალურ ეგზემპლარს, 7 იანვრიდან 16 იანვრამდე, გასაყიდად გამოიყვანს. როდსტერი კომპანიის დამაარსებლის, ქეროლ შელბის მფლობელობაში 1966 წლის მარტიდან იყო. 2012 წელს, როდესაც შელბი გარდაიცვალა, მას ეს მანქანა ჯერ კიდევ ჰყავდა. შემდეგ კი მოდელი 2016 წელს გაიყიდა.

შელმბის მფლობელობისას Cobra ლურჯ ფერში შეიღება, ოქროსფერი ცხვირი გაუკეთდა და ავტომატური გადაცემათა კოლოფი დაუმონტაჟდა. 2002 წელს ავტომობილი წითლად შეღებეს. 2016 წელს, გაყიდვამდე, ავტომობილს სრული რესტავრაცია გაუწიეს, Charcoal Gray ფერი დაუბრუნეს და 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც დაუმონტაჟეს.

1965 წელს გამოსული 427 Cobra შელბის მცდელობა იყო შეექმნა უფრო აგრესიული მოდელი, ვიდრე მაშინდელი 289 იყო. ქეროლს სურდა მოდელს რბოლაც და შემდეგ სამოქალაქო გზებზეც გადაადგილებაც კომფორტულად შეძლებოდა. უფრო დიდი ძრავისა და სიმძლავრის გასამკლავებლად როდსტერს მსხვილი მილებისგან დამზადებული შასი შეუქმნეს და განიერი ფრთები დაუმონტაჟეს. დამატებითი რეგულირება დაკიდებასაც დასჭირდა. საბოლოოდ, ავტომობილის ორი, 4-ბარელიანი კარბურატორის მქონე აგრეგატი 425 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ის, რომ ეს კონკრეტული მოდელი შელბის მფლობელობაში იყო ავტომობილს უფრო სასურველს ხდის. საინტერესოა რა ციფრები დაფიქსირდება Mecum-ის აუქციონზე. საორიენტაციოდ გეტყვით, რომ შელბის მფლობელობაში მყოფი ავტომობილი 2016 წელს 13.75 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. 2018 წლამდე კი აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის რეკორდს ინარჩუნებდა. მოგვიანებით 1935 წლის Duesenberg SSJ 22 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გაზიარება: