Aa Aa
4 თებერვალი 2021  |  12:03

ყველაზე საიმედო ავტომობილები საქართველოში, რომლებიც შეგიძლიათ 5000$-მდე იყიდოთ

თუ თქვენ ნამდვილი ავტომოყვარული ხართ, მეგობრისგან ერთხელ მაინც გექნებათ მოსმენილი კითხვა, თუ რა ავტომობილის შეძენას შეძლებს ამა თუ იმ ბიუჯეტით. ჩვენ შევეცდებით, საქმე გაგიმარტივოთ: თუ თქვენ, ან თქვენს მეგობარს საქართველოში 5000$-ის ფარგლებში საიმედო ავტომობილის შეძენა გსურთ, მაშინ ეს ტოპი თქვენთვისაა.

ამ სიაში მოხვდნენ ავტომობილები, რომლებმაც თავისი გამოცდილებით, ხარისხითა და უსაფრთხოებით, დროს გაუძლო. მათ თავისი საიმედოობა დროთა განმავლობაში არაერთხელ დაამტიცეს. მონაცემები და ხელმისაწვდომი ფასი, ამ ავტომობილებს ბევრისთვის სასურველად ხდის.

გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში საქართველოს ბაზარზე არსებული უკვე განბაჟებული ავტომობილების ფასებია მითითებული.

 

პირველი და მეორე თაობის Toyota Vitz

Toyota Vitz-ის პრემიერა 1998 წლის პარიზის ავტოშოუზე შედგა და 1999 წლიდან გამოდის. ეს ავტომობილი საქართველოში საკმაოდ პოპულარულია და ამას თავისი მიზეზები აქვს.

პირველი თაობის Vitz-ი ძრავებისა და გადაცემათა კოლოფების მრავალფეროვნებას გვთავაზობს. ყველაზე მძღლავრი 1.5-ლიტრიანი ტურბო დაბერვის ძრავა 148 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ეკონომიურობისა, ეს ავტომობილი უსაფრთხო და საიმედოცაა. მან მგზავრების უსაფრთხოების ტესტში Euro NCAP-ისგან შესაძლო 5 ვარსკვლავიდან 4 დაიმსახურა.

2005 წელს Toyota-მ Vitz-ის განახლება გადაწყვიტა. ავტომწარმოებელმა კვლავ ძრავების ფართო არჩევანი შემოგვთავაზა. ეს ავტომობილი ეკონომიური, ტევადი და პრაქტიკულია. ყველაზე მძლავრი 1.8-ლიტრიანი ძრავა 130 ცხენისძალას გამოიმუშავებს. თუმცა ჩვენს ბაზარზე მხოლოდ 1.0-დან 1.5-მდე მოცულუობის ძრავები გვხდება. მეორე თაობის Vitz-მა უსაფრთხოების ტესტში 5 ვარსკვლავი მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომკლასის ავტომობილია, მისი აგრეგატი სანდობით ბევრი უფრო მაღალი კლასისას სჯობს.

რა თქმა უნდა, ავტომობილის ფასი ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისი მდგომარეობაა. დღეს საქართველოს ბაზარზე პირველი თაობის Vitz-ს 1500$ - 3500$ ფარგლებში შეიძენთ, მეორე თაობის ავტომობილი კი 2500$-5000$ დაგიჯდებათ.

 

Toyota Corolla (2006 – 2013)

E14/E15 მოდელები 2006 წლიდან გამოდის. საბაზისო 1.8-ლიტრიანი ძრავა 126 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას შთამბეჭდავი 500 000 კილომეტრის გავლა შეუძლია. ეს ავტომობილი იმაზე საიმედოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გარდა იმისა, რომ მის კლასში Corolla  ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურია, ის უსაფრთხოცაა. 2006 წლის მოდელმა NHTSA-ს უსაფრთხოების ტესტში უმაღლესი - 5 ვარსკვლავი დაიმსახურა. ეს არის ავტომობილი, რომელიც არასდროს გიმტყუნებთ.

საქართველოში კი განბაჟებული ავტომობილის ფასი 5000$ ფარგლებში მერყეობს.

 

Honda Civic

Honda Civic-მა უკვე მრავალი თაობა გამოიცვალა. ამჟამად მეთერთმეტე თაობა გამოდის. ყველაზე ახალი ავტომობილი, რომელსაც საქართველოში 5000$-ის ფარგლებში შეძლებთ, 2013 წლის მოდელია. ეს კომპაქტური კლასის ავტომობილი თავისი გამძლეობით და საიმედოობით გამოირჩევა. 1.8-ლიტრიანი აგრეგატი 140 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც მისი ზომის ავტომობილს სწრაფად აქცევს. ის ბევრი ენთუზიასტისთვის საყვარელი ავტომობილია. 2013 წლისთვის Civic-ს უსაფრთხოების ფუნქციები დაემატა. Civic-მა ყველა ტესტირების ყველა ორგანოსგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. NHTSA-მ მისი უსაფრთხოება 5 ვარსკვლავით შეაფასა.

ამ ეტაპზე საქართველოში, როგორც უკვე აღვიშნეთ, 5000$-ის ფარგლებში ყველაზე ახალი მოდელი, რის შეძენასაც შეძლებთ 2013 წლისაა. უფრო ძველი მოდელების ფასი ბაზარზე 2800$ - 4800$ მერყეობს.

 

მეორე თაობის Honda Fit

მეორე თაობის Fit-ი 2007 – 2014 წლებში გამოდიოდა. მან იაპონიის წლის ავტომობილის ჯილდოც კი მოიგო. Fit-ი საქართველოში საკმაოდ პოპულარული ავტომობილია. ამ ჰეჩბექს თავდაპირველად Honda სამი სხვადასხვა აგრეგატით გვთავაზობდა. ჰიბრიდული ვერსია კი 2010 წლიდან დაემატა. ეს ავტომობილი კლასში ეკონომიურობით გამოირჩევა. გარდა ამისა, Honda ყოვეთვის იყო უსაფრთხოოებისა და საიმედოობის გარანტი. 2007 წლის მოდელმა EuroNCAP-ისგან 4 ვარსკვლავი დაიმსახურა. მას შემდეგ უსაფრთხოების ნორმები დაიხვეწა და 2014 წლის მოდელმა NTHSA-სგან 5 ვარკვლავიც მიიღო.  

გამოშვების წლისა და მდგომარეობის მიხედვით, ამ ავტომობილის ფასები 2200$ - 4900$ მერყეობს. ყველაზე ძვირი ჰიბრიდული ვერსიაა.

 

Toyota Prius

Toyota Prius-ი 1997 წლიდან გამოდის. მიუხედავად იმ კრიტიკისა, რასაც ეს ავტომობილი თავისი ექსტერიერის გამო იმსახურებს, ერთი რამ ფაქტია: Prius-ი საქართველოში ძალიან პოპულარულია და ეს უმიზეზოდ არ ხდება. მის ეკოლოგიურობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. გარდა იმისა, რომ Prius-ის ჰიბრიდული აგრეგატი ძალიან ეკონომიურია, ის საიმედოობითაც გამოირჩევა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ჩვენს ქალაქში ტაქსების უმრავლესობა სწორედაც ეს ავტომობილია. Prius-ი უსაფრთხოების ტესტებში უმაღლეს შეფასებას - 5 ვარსკვლავს იმსახურებს.

5000$-ის ფარგლებში ყველაზე ახალი, რის შეძენასაც შეძლებთ, 2013 წლის მოდელი იქნება. ფასები ამჟამინდელი მონაცემებით 2900$ - 5000$-ია და ის „პრიუსის“ 3 თაობას მოიცავს.

 

მეორე თაობის Toyota Rav 4

მეორე თაობის Rav 4 2000-2005 წლებში გამოდიოდა. ეს კომპაქტური კროსოვერ სუვი საქართველოში წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო.

Rav 4 3-კარიანი და 5-კარიანი ვერსიით და ძრავების მრავალფეროვნებითაა ხელმისაწვდომი. ყველაზე ძლიერი 2.4-ლიტრიანი ძრავა 150-ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ავტომობილი საიმედოობით კლასში ერთ-ერთი ლიდერია. მისი ყველგანმავალი შესაძლებობები ამ ავტომობილს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის. ყველაზე რეკომენდირებული კი 2.0 GX 5-კარიანი ვერსიაა. 2005 წლის მოდელმა NTHSA-ს ტესტებში 4 ვარსკვლავი დაიმსახურა.

საქართველოში მეორადი Rav 4-ის შეძენა 2500$ - 4500$-ად არის შესაძლებელი.

 

მეხუთე სერია BMW

BMW ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ინოვაციების დამნერგავი ავტომწარმოებელი ყოველთვის იყო. მეხუთე სერია 1972 წლიდან გამოდის და მან სხვა მრავალი სედანის წარმოებზე მოახდინა გავლენა. დღეს მეხუთე სერიის მეშვიდე თაობა გამოდის.  თავდაპირველი ვერსიები 4- და 6-ცილინდრიანი ძრავებით იყო. უფრო ახალ ვერსიებს კი V8 და V10 ძრავებიც დაემატა. 5000$-ის ფარგლებში ყველაზე ახალი მოდელი, რის ყიდვასაც საქართველოში შეძლებთ 2008 წლის (e60) მოდელია. შესაძლოა შეჯახების ტესტებში ეს ავტომობილი საამაყო შედეგებს ვერ აჩვენებს,მაგრამ ის ჩვენს ქვეყანაში კარგად გამოცდილი ავტომობილია. მისი აგრეგატისა და ზოგადი გამძლეობით, ის ჩვენი სიის მეორე ადგილას ყოფნას იმსახურებს.

ფასები კი გამოშვების წელისა და ავტომობილის მდგომარეობის მიხედვით 2500$-დან იწყება.

 

Mercedes E-Class

E-Class-ის სახელწოდება პირველად 70-იან წლებში გამონდა. 4- და 6-ცილინდრიანი ძრავების გარდა, Mercedes-ი V8 ძრავასაც გვთავაზოდა. 1995 წლიდან W210 მოდელი გამოვიდა. 1996 წელს მან დიდი ცვლილებები განიცადა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მრგვალი ფორმის მაშუქები. 2002 წლიდან ეს მოდელი W211-ით ჩაანაცვლეს. 5000$-ის ფარგლებში ყველაზე ახალი მოდელი, რის შეძენასაც ამ ეტაპზე შეძლებთ 2007 წელსაა გამოსული. E Class-ის მოდელები განსაკუთრებული სანდოობით გამოირჩევა. ეს ავტომობილი შეჯახების ტესტებში საუკეთესო შედეგებს იმსახურებს. ყველაზე საიმედო კი მაინც W124 მოდელია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არც თუ ისე დიდი რაოდენობითაა შემორჩენილი და ამ მხრივ ეს მოდელი ლეგენდარულია.

E-Class-ის ფასები კი ბაზარზე 1500$-დან იწყება.

გაზიარება: