Aa Aa
25 მარტი 2020  |  11:07

ფორმის და ფუნქციის სიმბიოზი: BMW M3 E36 "Rocket Bunny Racer"

ესთეტიკური სილამაზისთვის ტუნინგი ოცდამეერთე საუკუნის სენია. SEMA-ს ავტოშოუ ამ დაავადების ეპიცენტრი გახდა, სადაც ყოველ წელს ასეულობით დატიუნინგებული ავტომობილი არის წარმოდგენილი და ათასეულობით ავტომოყვარული ესწრება. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ავტომობილების მფლობელები ავტოენთუზიასტები არ არიან, რადგან ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებისა და სარბოლო პოტენციალის გაზრდის სანაცვლოდ ისინი ავტომობილებს აუარესებენ. ამაზე კამათს ახლა არ დავიწყებთ, რადგან სტილი ძალიან სუბიექტურია და თითოეული მიმდინარეობა ადამიანის პიროვნული თვისებების გამოხატვის საშუალებას იძლევა.

ავტომობილის ვიზუალური ტუნინგის თითქმის ყველა ნაწილის დიზაინი სარბოლო ავტომობილებისგან არის აღებული, მაგრამ ყველა ფუნქციებს არ ამართლებს. შესაბამისად სარბოლო ბოლიდის ნაწილი ქალაქის პირობებში კურიოზულად გამოიყურება და ბევრი დაცინვის წყაროდ იქცევა.

2000-იანების დასაწყისში საბარგულზე დამაგრებული GT ფრთების ბუმი იყო და თვითმარქვია „ავტოექსპერტების“ და კრიტიკების სამიზნეში მოხვდა. 2018 წლიდან Wide Body-ის ერა დაიწყო, უბრალოდ Instagram-ზე შედით და თავად დარწმუნდებით.

ამ ახალი მიმართულების გაღვივებას Rocket Bunny-მ ხელი შეუწყო და პოპულარობის პიკზე აიყვანა. შედეგად ამ სტილის მიმდევრების და მოყვარულების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. Wide Body-ს კულტურა და სტილი იმდენად დაიხვეწა, რომ ისინიც კი შეუერთდნენ, ვინც ადრე დატიუნინგებულ ავტომობილად მხოლოდ სარბოლოდ გამზადებულს აღიარებდა.

მივმართავთ კრიტიკებს და მათ, ვისთვის Wide Body მკრეხელობად მიაჩნია, ამ Pandem Kit-ის მქონე BMW M3 E36-ს შეხედეთ. თუ ამ ავტომობილის სარბოლო პოტენციალში ეჭვი გეპარებათ, საიტო-სანი Fuji Speedway-ზე გელოდებათ.

საიტო ფაქტობრივად ტრეკზე ცხოვრობს. იგი Fuji-ის ხშირი სტუმარია და როდესაც არ უნდა შეხვდეთ, სხვა კიდევ 30 მრბოლელთან ერთად საუკეთესო დროისთვის იბრძვის.

ამ BMW-ს Wide Body-ის პანელების გარეშეც რომ შეხედოთ, ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი გარეგნობის მქონეა. Ultra Violet ფერის საუკეთესო სახელია, რომელიც ბავარიულ ავტომწარმოებელს ოდესმე მოუფიქრებია. ამ ფერზე ყვეითელი BBS LM დისკემბი უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ეს იაპონიაა და Work Meisters M1 3P-ები არანაკლებ სიმპატიურია და ყველაზე მთავარი - თავის ფუნქციას ასრულებენ.

უკანა ფრთა პირდაპირ BMW-ს სარბოლო ისტორიის წიგნიდან არის აღებული. ანალოგიური ფრთა ამერიკაში 90-იანების დასაწყისში გამძლეობის რბოლების (IMSA) ერთ-ერთი კლასის PTG სარბოლო გუნდის მიერ მომზადებულ E36-ებს ჰქონდათ. მაგრამ ტრადიციული მიდგომა ამით მთავრდება.

გერმანული რაციონალიზმის ტრადიციებში გაკეთებული E36-ის თავდაპირველი დიზაინი მომხიბვლელია, მაგრამ მას ცოტა მეტი აგრესიულობა აკლია, რომელიც კეი მიურას (Pandem Rocket Bunny Kit-ის შემქმნელის) მიერ გაზრდილმა წინა და უკანა ფრთებმა მოუმატეს. 

ვიზუალურ ცვლილებებს უფრო განიერი საბურავების დაყენება მოჰყვა : წინ - 245/40R17, უკან - 255/40R17. Fuji Speedway-ს ჩქაროსნული მოსახვევების დასაძლევად საიტო-სანმა კარბონის წინა "სპლიტერი" და უკანა დიფუზორი შეიმუშავა.

კარბონის კაპოტის ქვეშ M3-ის ქარხნული ძრავა დევს. როდესაც კაპოტს ახდით, პატარა სიურპრიზი გელოდებათ. ეს E46-ის 3,2-ლიტრიანი S54 ძრავა გახლავთ. BMW-ს მოყვარულებს შორის E46 M3-ის 6-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ქარხნული S54 ძრავა 23 ცხენის ძალით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე E36-ის S50 და ამიტომ საიტო-სანმა იგი ფაქტობრივად ხელუხლებელი დატოვა.

სარბოლო ბოლიდების საზომებით, ამ E36-ის ინტერიერი ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა.

სალონის ყველაზე საინტერესო დანამატი პატარა ეკრანია, რომელზეც უკანა ხედვის კამერის უწყვეტი სიგნალი გადმოეცემა, რათა უფრო სწრაფი ავტომობილის შემჩნევა მარტივი იყოს, მაგრამ, როგორც საიტო-სანი აცხადებს, ამ ეკრანზე შეხედვა ძალიან იშვიათად უწევს.

ამ ავტომობილით საიტო-სანი Fuji-ს 120 წამიან ბარიერს თავისუფლად ცდება და ყოველ ჯერზე საკუთარი საუკეთესო დროის შემცირებას ცდილობს.

ის, რაც საიტო-სანმა შექმნა არის მტკიცებულობა იმისა, რომ ესთეტიკური სილამაზისა და ფუნქციური დატვირთვის კოჰაბიტაცია შესაძლებელია.

გაზიარება: