Aa Aa
5 თებერვალი 2021  |  17:19

Top 8 ფაქტი, რითაც ფორმულა 1-ს 2020 წლის სეზონმა თავი დაგვამახსოვრა

2020 წლის სეზონი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე უცნაური და გამორჩეული იყო. 70 წლის იუბილეზე ყველა განსაკუთრებულ სეზონს ელოდა, თუმცა არა ასეთს. კორონავირუსის პანდემიამ მთელს მსოფლიოზე და ფორმულა 1-ზეც დიდი გავლენა მოახდინა.

პანდემიის გამო რბოლები გვიან დაიწყო და მაყურებლების გარეშე ჩაიარა. ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ეს სეზონი მაყურებელს ბევრი მიზეზის გამო დაამახსოვრდება.

ამ სტატიაში ჩვენ რვა ყველაზე დასამახსოვრებელ ფაქტზე გესაუბრებით:

 

1. ჰამილტონი შუმახერის რეკორდს გაუთანაბრდა

სტივენეიჯელი ბიჭი ფორმულა 1-ს ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. როგორც ჰამილტონი ინტერვიუებში ამბობს, ეს მის ყოველგვარ წარმოსახვასაც გასცდა. ის ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდს გაუთანაბრდა. გარდა ამისა, მისი ყველა რეკორდის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მან 2020 წელს ფინიშის ხაზი პირველ პოზიციაზე 11-ჯერ გადაკვეთა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი თურქეთის რბოლა იყო, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

 

2. პოდიუმზე ახალი სახეები ვიხილეთ

პიერ გასლის ასპარეზობა „რედ ბულის“ გუნდში არც თუ ისე წარმატებით დაიწყო. წლევანდელი სეზონი კი მისთვის წარმატებული გამოდგა. მონცაზე მისი და კარლოს საინსის დაპირისპირება ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. კიდევ ერთი ახალი სახე, რომელიც პოდიუმზე ვიხილეთ სერხიო პერესი იყო. პოდიუმის პირველ საფეხურზე მოსახვედრად მას 190 რბოლა დასჭირდა. ის გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა და, იმედია, პოდიუმზე კიდევ არაერთხელ ვიხილავთ.

 

3. გროჟანის სასწაულებრივი გადარჩენა

რომენ გროჟანის ცეცხლიდან გადმოსვლის სცენა საჰირის გრან პრიზე ფორმულა 1-ს გულშემატკივრების მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. ეს სასწაულებრივი გადარჩენა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შრომა გასწია FIA-მ უსაფრთხოების ნორმებისთვის და ამან აშკარად გაამართლა. თუ ჰალოს საჭიროების მიმართ აქამდე კითხვები არსებობდა, ახლა ყველაფერს პასუხი გაეცა. 

 

4. პანდემია

როცა მარტში ავსტრალიის გრან პრის წინ „მაკლარენის“ გუნდის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რბოლა გაუქმდა. ისიც კი არ ვიცოდით საერთოდ იქნებოდა თუ არა 2020 წლის რბოლის ჩატარება შესაძლებელი. აპრილში შევიტყეთ, რომ პირველი რბოლა 5 ივლისს Red Bull Ring-ზე, ასვტრიაში გაიმართებოდა და ჯამში 15-18 რბოლა გაიმართებოდა. საბოლოოდ, 161 დღის განმავლობაში 17 რბოლა ჩატარდა. ეს იყო ყველაზე მოკლე სეზონი 1966 წლის შემდეგ.

 

5. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

გლობალური შეზღუდვების გამო, რბოლის ჩატარება ყველა ტრადიციულ ადგილმდებარეობაზე შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ, რბოლა ზოგ ძველ ტრასას დაუბრუნდა. ჩვენ ბოლიდები პორტუგალიაში, პორტიმაოს ტრასაზე ვიხილეთ. კალენდარში ტოსკანას გრან პრიც მოხვდა. ნიურბურგრინგი შვიდი წლის შემდეგ დაგვიბრუდა. იმოლას ტრასაზე კი რბოლა 2006 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა. თურქეთის გრან პრიც 2011 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ და თავიც კარგად დაგვამახსოვრა.

6. რასელს გამარჯვება მოპარეს

მას შემდეგ, რაც რასელმა 2018 წელს ფორმულა 2 მოიგო, ის კონკურენტუნარიან ბოლიდში აღარ გვინახავს. ლუის ჰამილტონის კორონავირუსით დაინფიცირებამ მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა. რასელს „მერსედესის“ დომინანტ გუნდში დაუძახეს. მის ზღაპარს კარგი დასასრული ექნებოდა, რომ არა „მერსედესის“ გუნდის წარმოუდგენელი შეცდომა. ორმაგმა პიტ-სტოპმა არ გაამართლა. გუნდის პილოტებს საბურავები აურიეს და ორივე მათგანის გამარჯვების შანსი დააკარგინეს.

7. FORMULA 1.5

McLaren-ი მესამე ადგილას გავიდა და Formula 1.5 კონსტრუქტორების ჩემპიონატის გვირგვინი მიიღო. მესამე ადგილისთვის ისინი Racing Point-ს, Renault-სა და Ferrari-ის ებრძოდნენ. მეტოქეობა მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა და ძნელი იყო იმის განსაზღვრა, თუ რომელი გუნდი აჯობებდა. ბაჰრეინში Racing Point-ის ორივე პილოტის პოდიუმზე მოხვედრა მესამე ადგილის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. „მაკლარენის“ პილოტები ლანდო ნორისი და კარლოს საინსი სეზონის განმავლობაში უფრო სტაბილურები იყვნენ.

 

8. გუნდებში ადგილები არ შეივსო

უცნაურია, მაგრამ სეზონი ისე დასრულდა, რომ 2021 წლის ჩემპიონატისთვის გუნდებში ადგილები შევსებული არ იყო.  სამწუხაროდ, კევინ მაგნუსენთან და რომენ გროჟანთან დამშვიდობება მოგვიწია. გუნდში ადგილი დაკარგა დანილ კვიატმაც. Mercedes-ის გუნდს კი ლუის ჰამილტონთან მოლაპარაკებები წარმოუდგენლად გაეწელა. 

 

 

გაზიარება: