Aa Aa
14 იანვარი 2021  |  13:27

Porsche Taycan-ის გაყიდვები თითქმის Boxter-ისა და Cayman-ის გაყიდვების ჯამს გაუთანაბრდა

Taycan-ის გაყიდვებმა 20 000-იან ნიშნულს მიაღწია.

Porsche-ს პირველი მასიურად წარმოებული სრულად ელექტრო ავტომობილი უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა Taycan-ი 2019 წლის მეორე ნახევარში გაასაჯაროა, ხოლო გაყიდვები ამავე წლის ბოლოს დაიწყო. 2020 წლის მიწურვასთან ერთად კი შესაძლებლობა გვაქვს Porsche-ს გაყიდვების რაოდენობას გადავხედოთ. როგორ ჩანს, მომხმარებლები Taycan-ით საკმაოდ მოხიბლულნი არიან. მოდელის გაყიდვებმა ერთი სრული წლის განმავლობაში 20 0000-იან ნიშნულს მიაღწია.

გასულ წელს Porsche-მ ჯამში 21 784 Boxter-ი და Cayman-ის მოდელი გაყიდა. Taycan-ის გაყიდვების რაოდენობამ კი 20 015-ს მიაღწია. ეს მონაცემები პირველი წლისთვის მართლაც რომ შთამბეჭდავია, თუმცა, რამდენად სტაბილური იქნება გაყიდვების ეს რაოდენობა მომდევნო წლებში საინტერესოა. ახალი ელექტრო ავტომობილები თავდაპირველად მაღალი გაყიდვებით გამოირჩევიან, წლების შემდგომ კი დაინტერესების დონე იკლებს. აღსანიშნავია, რომ Taycan-ის რამდენიმე მოდიფიკაცია ჯერ კიდევ არ გვინახავს. ეს კი შესაძლოა გაყიდვებს სამომავლოდ კიდევ უფრო წაადგეს.

იმისათვის, რომ Taycan-მა ბრენდის სხვა მოდელებს გაყიდვებში გაასწროს გრძელი გზის გავლა მოუწევს. Porsche-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელი Cayenne-ა, რომელსაც შარშან 92 860 მსურველი გამოუჩნდა. Taycan-ი ჯერ-ჯერობით საკულტო 911-საც ჩამორჩება, რომლის გაყიდვებმაც გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით 34 328-ს მიაღწია. გეტყვით იმასაც, რომ 2020 წელს Porsche-ს გაყიდვები სამი პროცენტით შემცირდა და 272 162 შეადგინა.

Taycan-ის ყველაზე დაბალი კომპლექტაცია 4S-ა, თუმცა, საბაზისო მოდელის გამოსვლა დაანონსებულია და მალე ვიხილავთ. Porsche გრძელ სახურავიან Taycan Cross Turismo-საც გამოუშვებს, რომლის შემუშავების პროცესიც უკვე უამრავმა პაპარაცმა დააფიქსირა.

გაზიარება: