Aa Aa
19 იანვარი 2021  |  13:45

Caro-ს 1990 წლის Mercedes-Benz 560 TEL უნივერსალი აუქციონზე გადის

მდიდრული კლასის უნივერსალებს ისეთი შეძლებული ადამიანები ყიდულობდნენ, ვისთვისაც პრაქტიკულობასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

დღეს Mercedes-Benz S-Class-ის უნივერსალი არ იწარმოება, თუმცა, 1990-იანებში ხელნაკეთი ვერსიის შეძენა შესაძლებელი გახლდათ. სურათზე ნაჩვენები 1990 წლის Mercedes-Benz 560 TEL Estate-ი გერმანული კომპანიის - Caro International GmbH -ის ნამუშევარია. ეს ავტომობილი RM Sotheby-ს აუქციონზე გადის.

მოდელი გერმანულ ავტობაზარზე 560 SEL-ის სედანის სახით გამოჩნდა და სადილეროში 1990 წლის მაისში მიიღეს. Caro-მ კი Estate ვერსიად გადაკეთება მოინდომა. ძარების დასამზადებელმა ფირმამ, უკანა მაშუქები W124-ის უნივერსალი ვერსიიდან გადმოიტანა.

Caro-მ W124-ის უკანა შუშის გამოყენება პარამეტრების გამო ვერ შეძლო, რისთვისაც 560 TEL-მა სპეციალური შეკვეთით დამზადებული შუშა მიიღო. უნივერსალის ფორმის მიღებისთვის ავტომობილს სახურავის დაგრძელება, სვეტების დამატება და გადაწყობაც დასჭირდა.

Pearl Black საღებავით დაფარული და შავ სალონიანი 560 TEL-ი, 5.5 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით აღიჭურვა, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრე 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით უკანა ბორბლებზე ნაწილდება.

როდესაც 560 SEL-ი ახალი იყო, მისი ფასი 337 000 დოიჩე მარკს შეადგენდა. RM Sotheby-ს გათვლებით კი სურათზე ნაჩვენები მოდელი 30 000$-დან 40 000$-მდე უნდა შეფასდეს, რაც საკმაოდ სარფიანად ჟღერს.

გაზიარება: