Aa Aa
2 მარტი 2021  |  10:02

2021 წელს ევროპაში ყველაზე კარგად გაყიდვადი Top 10 ავტომობილი

2020 წელი ყველასთვის რთული იყო. მათ შორის ავტოსამყაროსთვისაც. ამ მხრივ განსაკუთრებით ევროპა დაზარალდა. ესპანეთში გაყიდვების 51.5%-იანი კლება იყო, გერმანიაში 31.1%-იანი, იტალიაში კი 14%-იანი. მხოლოდ შვედეთმა შეძლო დადებითი შედეგის მიღება.

მიუხედავად დაბალი გაყიდვებისა, ზოგიერთმა მოდელმა პოპულარობის გაზრდა შეძლო. ზოგი მათგანის გაყიდვები გაორმაგდა კიდეც.

ეს 10 ავტომობილი იანვრის თვეში გაყიდვებში ყველაზე პოპულარული იყო. თუმცა, სანამ ჩამოთვლას დავიწყებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს რიცხვები მოიცავს ყველა თაობის ავტომობილს და არა მხოლოდ ბოლო თაობის გაყიდვებს.

1. Toyota Yaris 18,094, +3%

ისტორიულად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი კიდევ უფრო წინ წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელის საწყისი ფასი £19,910-ია, მას მაინც ბევრი მსურველი ჰყავს. მისი ძრავა სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და ექსტერიერსაც ვერ დაიწუნებ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ბრენს ცუდი 2020 წელი და 2021 წლის იანვრის თვე ჰქონდა, Yaris-ის გაყიდვები 3%-ით გაიზარდა. ახლა კი ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მან წლის ავტომობილის ტიტული მოიპოვა. 

2. Peugeot 208 17,310, -15%

Peugeot 208-ზე მოთხოვნა იანვრის თვეში 15%-თ შემცირდა, მაგრამ გაყიდვების რაოდენობამ მან ჩვენს სიაში მეორე ადგილი მაინც მოუტანა. ბოლო თაობის მოდელი ევროპაში 2019 წლის ზაფხულში გამოჩნდა. საწყისი ფასი £16,250-ია. ის 2020 წლის იანვარში Yaris-ის ნამდვილი კონკურენტი იყო, სანამ Toyota-მ ახალი თაობა არ გამოუშვა.

3. Dacia Sandero 15,922, +13%

Dacia Sandero-მ What Car?-ის პრესტიჟული - წლის ავტომობილის ჯილდო მოიპოვა. ამ ავტომობილის დაბალი ფასი, კარგი შესაძლებლობები და კომფორტული სალონი მის პოპულარობას განაპირობებს. 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ამ ავტომობილის გაყიდვები 13%-ით გაიზარდა.

4. Volkswagen Golf 15,227, -42%

იანვარი Golf-ისთვის კარგი თვე ნამდვილად არ ყოფილა. ევროპაში მასზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით, თითქმის განახევრდა, თუმცა, გაყიდვებით ის მაინც ლიდერთა შორისაა. იმედია, ახალი GTI Clubsport და R მოდელები ამ მდგომარეობას გამოასწორებს.

5. Vauxhall Corsa 14,951, -20%

2019 წელს Corsa-ს ახალმა ვერსიამ კარგი შეფასებები დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ახალი დიზაინი და უფრო აგრესიული ძრავა. Peugeot 208-ის პლატფორმა ავტომობილს ნამდვილად მოუხდა. იანვარში, ამ მოდელის გაყიდვებმა მხოლოდ 20%-ით დაიკლო. საერთო მდგომარეობას თუ შევაფასებთ, ეს საგანგაშო კლება ამ მოდელისთვის ნამდვილად არაა.

6. Peugeot 2008 14,916, +87%

Peugeot-ს საოჯახო სუვმა სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. წინა წლის იანვართან შედარებით მასზე მოთხოვნა 87%-ით არის გაზრდილი, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. სხვა დროს, შესაძლოა ეს რიცხვი ასეთი შთამბეჭდავი არც ყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემია ამ შედეგს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

7. Renault Clio 14,446, -32%

მიუხედავად 32%-იანი კლებისა Renault Clio სუპერმინის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო ავტომობილია. თუმცა, სანამ ძრავების ახალი ვერსიები გამოჩნდება, Clio-ს ექსტერიერის განახლება არ აწყენდა.

8. Fiat Panda 14,122, -16%

წინა წელს Panda ელექტრიფიცირებული გახდა. როგორც ჩანს, ნაკლებმა გამონაბოლქვმა ეს ავტომობილი ევროპულ ბაზარზე უფრო სასურველი გახადა. სულ იანვარში 14 122 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც Top 10-ში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.  

9. Volkswagen T-Roc 13,896, -7%

Volkswagen-ის კროსოვერი ევროპაში ძალიან საინტერესო ავტომობილად მიაჩნიათ. როგორც კომპანიის მოდელების უმეტესობამ, T-Roc-მაც წინა წელთან შედარებით გაყიდვებში კლება აჩვენა. მიუხედავად ამისა, ის ევროპაში ყველაზე გაყიდვადი მეორე სუვი/კროსოვერი აღმოჩნდა.

10. Skoda Octavia 13,756, -17%

გასაკვირი არაა, რომ კარგად აღჭურვილი და პრაქტიკული Octavia ამ სიაში მოხვდა. ის წლებია, რაც ბრენდის ყველაზე გაყიდვად ავტომობილადაც რჩება. 1996 წლის შემდეგ ჯამში 3.7 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

გაზიარება: