Aa Aa
1 მარტი 2021  |  13:13

1995 წლის Mustang-ი არა ერთი, არა ორით, არამედ რვა ტურბინით აღჭურვეს

დღის განმავლობაში კაილ ვილიამსი მსოფლიოს უდიდეს სატირთოებს ალბერტაში, კანადაში, მართავს. მაშინ კი, როცა 400-ტონიან Caterpillar-ის სატვირთოებზე არ მუშაობს, ის თავის გარაჟში ჩხირკედელაობს. ამ უკანასკნელი საქმიანობის შედეგი კი საოცარია. კაილმა1995 წლის Ford Mustang-ს უამრავი ტურბინა დაუმონტაჟა - თითო ტურბინა თითო ცილინდრზე. მაშასადამე, რვა.

ის რბოლაში მონაწილეობას 2003 წლის Mustang-ით იღებდა. სამწუხაროდ, მის წინ მიმავალმა ავტომობილმა გამაგრილებელი სითხე ასფალტზე დაასხა, ვილიამსი მოცურდა და პირდაპირ კედელს შეეჯახა. ავტომობილი განადგურდა. შემთხვევა ივლისში მოხდა, ხოლო სარბოლო სეზონი ოქტომბერში მთავრდებოდა. შესაბამისად, კაილს ახალი ავტომობილი სასწრაფოდ სჭირდებოდა, რისთვისაც 1995 წლის Mustang-ი შეარჩია.

ეს ავტომობილი შეძენამდე რბოლისთვის გამოიყენებოდა. ძრავა და გადაცემათა კოლოფი არ ჰქონდა, მაგრამ უსაფრთხოების კარკასით, სპორტული მუხრუჭებითა და ბორბლებით აღჭურვილი გახლდათ. ახალმა მფლობელმა მას 5.3-ლიტრიანი LS ძრავა, ტრანსმისია და ტურბინის კომპლექტი დაუმატა. ყველაფრის მოწესრიგება ექვს კვირაში მოხერხდა. სეზონის დასრულებამდე ვილიამსმა პერსონალური საუკეთესო დრო - 8.60 წამი აჩვენა მეოთხედ მილზე, რომლის ფინიშის ხაზიც, ერთი 88-მილიმეტრიანი ტურბინით, 260 კმ/სთ-ით გადაკვეთა.

„არავინ ფიქრობს, რომ LS-ი Mustang-ს ეკუთვნის, მაგრამ ეს ყველაზე იაფიანი გზაა სწრაფად სიარულისთვის“ - თქვა კაილმა.

ვილიამსის პირველი ავტომობილი 1996 წლის Ford Escort LX-ი იყო, რომელიც 1.9-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. Escort LX-ი მან 2006 წელს შეიძინა. ამ პერიოდში კი საავტომობილო ფორუმების პოპულარობა მატულობდა და კაილმაც წარმატებით მოახერხა 88-ცხენისძალიანი ავტომობილის გაუმჯობესების გზების პოვნა. მან Escort-ი ტურბინით აღჭურვა და მართვა უფრო ამაღელვებელი გახადა. ეს მისი პირველი გაკვეთილი გახლდათ. დაგროვილ ცოდნას კი 8-ტურბინიანი Ford-ის შექმნაში იყენებს.

„ამ პროექტის ყველაზე დიდი გამოწვევა საპოხი სისტემაა. რვა ტურბინას ბევრი ზეთი სჭირდება. მე არ მსურს, რომ მათი კვება ძრავის ზეთის ტუმბოთი ხორციელდებოდეს, რადგან შესაძლოა, რომ ასე ძრავას ზეთის წნევა მოაკლდეს.“

უამრავი ექსპერიმენტისა და შეცდომის დაშვების შემდეგ, კაილმა შეიმუშავა ის მოწყობა, რითაც ეს სისტემა მუშაობს. მალე Mustang-ისთვის დინამომეტრზე შემოწმების დღე მოდის. მფლობელის თქმით, ის იმედგაცრუებული იქნება, თუ ავტომობილი 1 000 ცხენის ძალაზე ნაკლებს დააფიქსირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანაზე ნიტროს სისტემაც არის დამონტაჟებული, რომელიც ამოქმედების შემთხვევაში, აგრეგატს 200 ცხენის ძალას მატებს.

გაზიარება: