Aa Aa
8 მარტი 2021  |  11:30

რას ნიშნავს ტერმინი Blacked Out და როგორ მივაღწიოთ ამ შედეგს

ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო... ყველა ადამიანს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით განსხვავებული აზრი აქვს, იქნება ეს საკვები, ფილმები, მუსიკა, თუ ტანისამოსი. ასევეა, როცა საქმე ავტომობილებს და მის დიზაინს ეხება.

ავტომობილი ბევრისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არაა. ის ხშირად ადამიანის ინდივიდუალობის გამოხატვის საშუალებაა. ზოგი ავტომოყვარული თავის ავტომობილს ზოლებს ამატებს, ზოგი სტიკერებს აკრავს, ზოგიც კი ცეცხლის ალებს ახატავს. ბევრს ნათელი ფერის, მბზინავი ექსტერიერი მოსწონს და ავტოინდუსტრიაც ამ ტენდენციისკენაა მიდრეკილი. თუმცა, არსებობს ერთი ესთეტიკა, რომელსაც ინგლისურენოვანი სტატიებიდან Blacking Out ტერმინით იცნობთ, რაც ავტომობილის „ჩაშავებას“ გულისხმობს.

ავტომობილის „ჩაშავება“, როგორც ტერმინიდანაც ჩანს, უფრო მუქი, აგრესიული შეხედულების დიზაინს გულისხმობს. ეს პროცესი დეტალების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და სიზუსტეს მოითხოვს. ბევრი შეიძლება ვერ მიხვდეს, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ქრომის დეტალების დამალვა. ბევრი ავტოენთუზიასთვის კი შედეგი გასაოცარია. ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ იმ საფეხურებს, რომელიც ავტომობილმა სრული „ჩაშავებისთვის“ უნდა გაიაროს.

რას ნიშნავს ტერმინი “BLACK OUT”?

ხშირად ავტომობილებს ქრომის დეტალები აქვს. ეს მის გარკვეულ ნაწილებს გამოკვეთს და ყურადღებას იქცევს. ისინი, ვისაც შავი ესთეტიკა მოსწონს, ქრომის დეტალებს აშორებენ და მას „მატე“ შავი დეტალებით ანაცვლებენ. სრულყოფილი ეფექტის მიღწევა მარტივი არ არის, ამიტომ ხშირად პროფესიონალების ჩარევას მოითხოვს.

ნაბიჯები ავტომობილის სრულ ჩაშავებამდე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრული გაშავების მიღწევას დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამიტომ, უნდა დავიწყოთ ავტომობილის ზედა ნაწილიდან და დაბლა, ბოლომდე ჩამოვყვეთ. არ უნდა გამოგვრჩეს ქრომის არც ერთი დეტალი. შემდეგი ოთხი ნაბიჯი BLACKED OUT ესთეტიკის მიღწევაში დაგეხმარებათ:

1. დაბურული შუშები

ჩამუქებული შუშები შავი ესთეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. წინააღმდეგ შემთხვევაში შუშებსა და ავტომობილის დანარჩენ ექსტერიერს შორის შესამჩნევი სხვაობა იქნება. ჩაბნელებული შუშები ულსტრაიისფერი სხივებისგანაც დაგიცავთ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ შუშების დაბურვაზე არსებობს გარკვეული რეგულაციები.

საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე –  75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.  

2. შავი დისკები

როგორც წესი ავტომწარმოებლები დისკებში ქრომს ხშირად იყენებენ. რა თქმა უნდა, ისინიც შავი ესთეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. შეგიძლიათ პირდაპირ შავი დისკები იყიდოთ, ან უბრალოდ არსებული გადაღებოთ.

3. „მატე“ საღებავი

ექსტერიერის დეტალების გადაღებვა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ყველაზე ძვირიც დაგიჯდებათ. სხვაგვარად, მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ზედა ნაწილიდან, ბოლომდე ყველაფერი შავი უნდა იყოს.

4. ქრომის ყველა დეტალი უნდა გაქრეს

ამ ესთეტიკის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ ქრომის ყველა დეტალი უნდა „ჩაშავდეს“, გაქრეს. ეს გულისხმობს ფანჯრის ჩარჩოების, მაშუქების რგოლების, ლოგოების, ცხაურის და ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ჩაშავებას.

ამგვარად, თქვენ Blacked Out ესთეტიკის მიღებას შეძლებთ. ეს მიდგომა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. მუქი, აგრესიული დიზაინი ბევრი ავტომოყვარულის ყურადღებას იპყრობს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკეთესო შედეგის მიღება პროფესიონალის ჩარევის გარეშე გაგიჭირდებათ.

 

გაზიარება: