Aa Aa
3 მარტი 2021  |  10:34

11 ქალი, რომლებმაც ავტოსამყაროს ისტორია შეცვალა

მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მამაკაცებს ქალების მართვის სტილი, ფაქტი ერთია: ქალებმა დიდი წვლილი შეიტანეს ავტოსამყაროს განვითარებაში.

ამ სიაში შეხვდებით ქალებს, რომელთა გარეშეც დღევანდელი ავტოსამყარო სულ სხვანაირი იქნებოდა:

ბერტა ბენცი - სამუხრუჭე ხუნდები და პირველი გასეირნება ავტომობილით

ბერტა ბენცი 1849 წელს გერმანიაში დაიბადა. მაშინ ქალებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება არ ჰქონდათ. მან ახალგაზრდა ინჟინერ კარლ ბენცზე იქორწინა. მას შემდეგ, ის მეუღლეს ემოციურად და ფინანსურადაც გვერდზე ედგა. ავტომობილის გამოგონებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

კარლის ავტომობილით არავინ დაინტერესებულა, სანამ ბერტამ და მისმა შვილებმა მისით არ იმოგზაურეს. კარლისგან მალულად, სახელოსნოდან ავტომობილი გამოიყვანეს და მანჰაიმიდან ფორცჰაიმამდე გაისერინეს.

ეტლებისთვის და ცხენებისთვის გათვლილ გზაზე ავტომობილისთვის მარტივი გასეირნება არ ყოფილა. მოგზაურობის დროს, ბერტამ ავტომობილი რამდენჯერმე შეაკეთა. როცა ხის მუხრუჭები გაფუჭდა, მან ტყავის მუხრუჭის ხუნდებიც კი გამოიგონა.

ბერტა ბენცის მონდომებამ მსოფლიოს დაანახა, რომ ავტომობილი იყო ის, რაც ძალიან სჭირდებოდა.

მარგარეტ უილკოქსი - გამათბობელი

მარგარეტ უილკოქსი ნამდვილი გზის გამკვალავი იყო. ის 1839 წელს დაიბადა და მსოფლიოში მცირე რაოდენობის ინჟინერ ქალთა შორის იყო. 1893 წელს მან გამათბობელი დააპატენტა, როცა გამოიგონა სისტემა, რომელიც ძრავის გამოყოფილ სითბოს ავტომობილის სალონში უშვებდა.

უილკოქსის გამოგონებამ დღევანდელ გამათბობლებს დაუდო სათავე, რომლებიც ცივი ზამთრის მოგზაურობებს უფრო თბილ მოგონებად აქცევენ.

მერი ანდერსონი და შარლოტ ბრიჯვუდი - საქარე მინის საწმენდები

საქარე მინის საწმენდების არსებობს სწორედ ამ ორ ქალბატონს უნდა ვუმადლოდეთ.

ანდერსონს იდეა მაშინ მოუვიდა, როცა 1963 წელს ნიუ იორკისკენ ტრამვაით მიემგზავრებოდა. თოვლიანი ამინდის გამო, ის ფანჯრიდან ღირსშესანიშნაობებს ვერ ხედავდა. მძღოლს კი შუშიდან თოვლის მოსაშრებლად მუდმივად გაჩერება უწევდა.

ამ მოგზაურობით შთაგონებულმა, მან საქარე მინის პირველი საწმენდები გამოიგონა, რომლებიც ავტომობილის სალონიდან მექანიკურად იმართებოდა. 1917 წელს ბრიჯვუდმა ეს სისტემა განავითარა. საწმენდის მართვა უკვე ელექტრონულად იყო შესაძლებელი. მან თვითონ საწმენდის დიზაინიც დახვეწა.

სამწუხაროდ, იმ დროს ანდერსონის და ბრიჯვუდის გამოგონებამ ყურადღება ვერ მიიპყრო. დღეს კი საგზაო ავტომობილი საქარე მინის საწმენდების გარეშე ძნელი წარმოსადგენია.

ფლორენს ლოურენსი - მუხრუჭისა და მოხვევის სიგნალები

ავტოსამყაროში სამუხრუჭე და მოხვევის სინათლეები არ არსებობდა, სანამ ჩუმი კინოს მსახიობმა ფლორენს ლოურენსმა მათი საჭიროება არ დაინახა.

1913 წელს ლოურენსმა ე.წ. „სასიგნალო მკლავი“ გამოიგონა, რომელიც ელექტრო ღილაკების მეშვეობით მოქმედებდა.

დამუხრუჭებისას „მკლავი“ იწეოდა და გაჩერებაზე მიუთითებდა. ლოურენს ეს მოწყობილობა არ დაუპატენტებია, მაგრამ მისმა იდეამ სიგნალების გაჩენის აუცილებლობა დაამტკიცა.

ჯუნ მაკკეროლი - საგზაო მონიშვნები

1917 წელს ჯუნ მაკკეროლი თავისი Ford Model T-თ კალიფორნიის  გზებს მიუყვებოდა. სწორედ მაშინ მოუვიდა მას იდეა, რომელსაც დღემდე უამრავი ადამიანის სიცოცხლე უხსნია.

„მე და ჩემი Model T Ford სატვირთოს წინ აღმოვჩნდით. სატვირთოსთან შეჯახებას ქვიშიან გზაზე გადასვლა ვამჯობინე. სწორედ მაშინ მომაფიქრდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ, ტრასებზე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ჩემს ავტომობილსა და სატვირთოს შორის თეთრი ხაზი იქნებოდა“. - იხსნებდა მაკკეროლი.

მისმა წერილების გაგზავნის კამპანიამ დიდი ყურადღება მიიპყრო. 1924 წელს კალიფორნიაში თეთრი ხაზების საჭიროება კანონშიც აისახა. შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გავრცელდა.

ქეთრინ ბლოჯეტი - შუშები, რომლებიც არ ირეკლავს

ინჟინერსა და მეცნიერ ქეთრინ ბლოჯეტს უნდა ვუმადლოდეთ შუშების არსებობას, რომლებიც არ ირეკლავს.  

ის 1898 წელს ნიუ იორკში დაიბადა. 1926 წელს, 28 წლის ასაკში, ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც ფიზიკის დარგში PhD ქემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო.

1938 წელს მან თხევადი საპონი გამოიგონა, რომლის 44 ფენად შუშაზე წასმის შემდეგაც, შუშა სინათლის 99%-ს ატარებდა. მისმა გამოგონებამ სათავე დაუდო ისეთ ზედაპირის საფარს, რომელიც შუშიდან არ გადაირეცხებოდა.

ჰედი ლამარი - Bluetooth 

ჰედი ლამარის სახელი და გვარი შესაძლოა ფილმებიდან გეცნოთ, მაგრამ ის უფრო მეტი იყო, ვიდრე მსახიობი. მან გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც დღევანდელ Bluetooth სისტემებში გამოიყენება.

1940-იანებში ლამარმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც მტრის გემებს ტორბედოს სიგნალებს უბლოკავდა. სიგნალებს სხვადასხვა სიხშირეზე გზავნიდა და მოწინააღმდეგეს სიგნალის ადგილმდებარეობის დადგენა უჭირდა.

სწორედ ეს ტექნოლოგია გვეხმარება ჩვენს ავტომობილებში Bluetooth-ით სარგებლობაში. ჰედი ლამარის გამოგონება მობილურ ტელეფონებში, Wi-Fi და GPS სისტემებში გამოიყენება.

სტეფანი უოლეკი - კევლარის საბურავები და ტყვიაგაუმტარი აღჭურვილობა

1964 წელს ქიმიკოსმა სტეფანი უოლეკმა სინთეტიკური ბოჭკო - კევლარი აღმოაჩინა. პოლიმერული ბოჭკო 5-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მინაბოჭკო. ის ტყვიაგაუმტარიც კია.

მისმა აღმოჩენამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა - ტყვიაგაუმტარ ქამრებს და ჯავშანს დაუდო სათავე.

დღეს კევლარი საბურავებსა და მუხრუჭის ხუნდებში აქტიურად გამოიყენება.

მიმი ვანდერმოლენი - ერგონომიკის კონტროლები

1970 წელს Ford-ის Design Studio-მ მიმი ვანდერმოლენი გუნდის წევრად მიიღო. ის იყო ერთ-ერთი ცოტა იმ ქალ დიზაინერთაგან, რომელიც კომპანიამ სრულ განაკვეთზე სამუშაოდ აიყვანა.  

1974 წელს Mustang II-ზე მუშაობის შემდეგ, ის 1986 წელს Taurus-ის გუნდის დიზაინის პროექტის ხელმძღვანელი იყო.

Taurus-ში ვანდერმოლენმა ერგონომიკის კონტროლები, კლიმატის კონტროლის ღილაკები და კონტროლებზე ადვილად მისაღწევად ამოჭრილი ხელსაწყოთა პანელი გამოიყენა. მისმა გამოგონებებმა ავტომობილი უფრო კომფორტული გახადა.

ის North American-ის ყველა მცირე ავტომობილის დიზაინის შემქმნელი გახდა. მათ შორის 1993 წლის Probe-ის.

გლეიდის მერი ვესტი - GPS

გლეიდის მერი ვესტი იყო მათემატიკოსი, რომელიც U.S. Naval Weapons Laboratory-ში მუშაობდა და მონაწილეობდა SEASAT პროექტზე, რომელიც დედამიწის ორბიტაზე პირველი სატელიტით ოკეანეების სიღრმეებს ზომავდა.

ამ პროექტზე მუშაობა, მას საკუთარი პროექტის GEOSAT-ის შექმნაში დაეხმარა. ეს იყო სატელიტი, რომელიც დედამიწის ზედაპირის კომპიუტერულ სიმულაციებს ქმნიდა.  

სწორედ SEASAT-ისა და GEOSAT-ის წყალობით არსებობს დღევანდელი  GPS-სისტემა. რომ არა გლეიდის მერი ვესტი, ჩვენ, პირდაპირი და ირინი მნიშვნელობითაც, დავიკარგებოდით.

გაზიარება: