Aa Aa
4 მარტი 2021  |  10:18

ბოლო 10 წლის განმავლობაში Ferrari-ს პოპულარობა საგრძნობლად დაეცა

შეძლებს Purosangue მდგომარეობის გამოსწორებას?

ავტომობილების პოპულარობის ბევრი საზომი არებობს. ერთ-ერთი საზომია, თუ რამდენად მოძებნადია ის Google-ის საძიებო სისტემაში. Compare the Market-მა Google Trend-ის მონაცემები მოაგროვა იმისთვის, რომ დაედგინა, რამდენად შეიცვალა ბრენდების პოპულარობა ბოლო 10 წლის განმავლობაში. კვლევა 2010-2020 წლის მონაცემებს მოიცავს.

კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში 5 ბრენდის პოპულარობა საგრძნობლად დაეცა. ესენია: Fiat-ი, Citroen-ი, Vauxhall-ი, Mitsubishi და Ferrari. პირველმა ოთხმა შეიძლება არც გაგაკვირვოთ. ყველაზე საინტერესო კი ამ სიაში „ფერარის“ დანახვაა.

ათწლეულის განმავლობაში იტალიურმა მარკამ 35.3%-იანი კლება აჩვენა, რაც გასაკვირია, რადგან ამ წლებში „ფერარი“ პასიური ნამდვილად არ ყოფილა. კარგავს მარანელო გულშემატკივრების სიმპათიას? შეიძლება ეს ავტომობილების ელექტრიფიკაციით იყოს გამოწვეული? გამოსავალი კი უკვე გზაშია და მას Purosangue ჰქვია.

Purosangue 2023 წელს გამოვა. პაპარაცულ ფოტოებში ის რამდენჯერმე უკვე გამოჩნდა. თუმცა, ავტომწარმოებელი მასზე დეტალებს მკაცრად ასაიდუმლოებს. შეძლებს ეს ავტომობილი კომპანიის გადარჩენას? Lamborghini-სთვის Urus-ის წარმოება საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დაახლოებით ათი წლის წინ კი Porsche-ს სუვმა ავტომწარმოებლის სიცოცხლე იხსნა.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია, მაგრამ, მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და ავტომობილის გამოსვლას დაველოდოთ.

 

გაზიარება: