Aa Aa
10 მარტი 2021  |  11:01

6 საუკეთესო ქართველი მრბოლელი, რომლებმაც სამშობლოს წარმატება მოუტანა

ამ ადამიანების მეშვეობით ქართული ავტოსპორტის ქომაგებს სიხარული არაერთხელ განუცდიათ. ნებისმიერმა მრბოლელმა იცის, რომ წარმატებამდე გზა ყოველთვის რთულია და ამ პროფესიის ადამიანებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. ყველა მრბოლელი ინდივიდუალურია და მათ შორის განსხვავების დანახვა ყოველთვისაა შესაძლებელი. ჩვენ მხოლოდ იმ მრბოლელებს გამოვარჩევთ, რომლებმაც თავისი უნარების დემონსტრირება ქვეყნის გარეთაც შესძლეს და საზღვრებს მიღმა ქართული ალამიც არაერთხელ ააფრიალეს. ყველა ის ავტომოყვარული, რომელიც პედესტალიდან ქართული ჰიმნის მოსმენით დამტკბარა, ეს შეგრძნება სამუდამოდ ემახსოვრება.

1. დათა ქაჯაია

ამ მრბოლელს ყველა ავტომოყვარული იცნობს. დათა ნამდვილი ავტოენთუზიასტია. მას საკმაოდ დიდი გზა აქვს განვლილი იმ დიდ წარმატებამდე, რომლითაც მასთან ერთად მისი ქომაგებიც ამაყობენ.

დათას ისტორია BMW E30-ით და სამოყვარულო შეჯიბრებიდან იწყება. მან ყურადღების ცენტრში მოხვედრა მალევე მოახერხა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა რკინის ნერვებით, სიზუსტით და მდგომარეობის სწორად შეფასებით. ეს ის უნარებია, რომლებიც უბრალოდ კარგი მრბოლელებისგან ერთეულებს განასხვავებს. მიუხედავად იმისა, რომ დათა ქაჯაია თავისი კარიერის განვითარების მომდევნო ეტაპზე პროფესიონალურ სპორტში ჩაერთო, დღემდე სამოყვარულო სპორტშიც აგრძელებს ასპარეზობას, რაც სხვა მრბოლელებისთვის ყოველთვის ინსპირაციაა. წარმოიდგინეთ, თუ რამხელა გამოცდილება და პასუხისმგებლობაა, როდესაც ქართულ სამოყვარულო შეჯიბრზე ევროპის არაერთგზის ჩემპიონთან გიწევთ ასპარეზობა. ასეთი ფუფუნება ბევრ მრბოლელს არ აქვს და ეს ყველაფერი მისი ამ სპორტის მიმართ თავდადებაზე და უანგარო სიყვარულზე მეტყველებს. დათა არაერთგზის ჩემპიონია თავის სამშობლოში, ნებისმიერ დისციპლინაში აქვს მრავალი წარმატება, თუმცა მან მოახერხა და ქართული ავტოსპორტის ისტორიაში უდიდესი ადგილი დაიკავა, როგორც მრბოლელმა, რომელმაც მსოფლიო ავტოპსორტში საკმაოდ მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეძლო. დათა ევროპის 3 გზის ჩემპიონია Legends Europe-ის კლასში (2012,2013 და 2014 წლებში), ასევე 2015 წელს მან ევროპული „ტურინგი“ BMW 320 TC-ით დაიპყრო, რამაც მსოფლიო ავტოპსორტში მისი ავტორიტეტი გააორმაგა. ამას მოჰყვა „ტურინგის“ უმაღლეს ლიგაში გადასვლა, რომელსაც TCR Series ეწოდება. მიუხედავად არაპრივილიგირებული მდგომარეობისა, დათამ აქაც მოახერხა და 2016 წელს მშობლიური ქვეყნის ალამი „იმოლას“ ლეგენდარულ ავტოდრომზე აიტანა. ამ დისციპლინაში ეს მესამე ადგილი მისი პირველი პოდიუმი იყო. კულმინაცია კი 2017 წელს დადგა, როდესაც ქართული ავტოპსორტის ისტორიაში პირველად, რუსთავის ეროვნულ ავტოდრომზე TCR-ის გახსნითი ეტაპი გაიმართა, რაც დათა ქაჯაიას დიდი ძალისხმევის შედეგი იყო. მან შეძლო და მშობლიურ ავტოდრომზე, უამრავი ქომაგის წინაშე ყველასთვის სანატრელი პირველი ადგილი მოიპოვა. მიუხედავად უამრავი და უმნიშვნელოვანესი წარმატებებისა, დათა დღემდე მოქმედ მრბოლელად რჩება და განაგრძობს თავის პროფესიას.

2. მევლუდ მელაძე

მევლუდ მელაძე საქართველოში ყველაზე პოპულარული მრბოლელია. ყველამ იცის, რომ მევლუდი მაგარია. ქართულ ავტოსფეროში თუ კი ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, ყველა მევლუდს ეკითხება. ის თავისი საქმის ნამდვილი ექსპერტია.

გაგიკვირდებათ და მისი სპორტული კარიერა ავტოსპორტით სულაც არ იწყება. ის სათავეს „სამბოდან“ იღებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სპორტის ნებისმიერ დისციპლინაში, მევლუდი პირველი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მევლუდ მელაძის სპორტის მიმართ სიყვარული სწორედ აქედან იწყება. მევლუდს სჩვევია რადიკალური ნახტომების გაკეთება, რაც მისთვის ხშირად წარმატების მომტანი ყოფილა, სწორედ ამ ნახტომმა მისი სპორტული პროფილის შეცვლა განაპირობა: ის ავტომრბოლელი გახდა.

დღევანდელი მონაცემებით მევლუდ მელაძის სახელზე ნებისმიერ დისციპლინაში უამრავი გამარჯვებაა. იგი ავტოსპორტის სხვადასხვა კატეგორიაში საქართველოს 19 გზის ჩემპიონია. დასაწყისში მოგახსენეთ, რომ ეს სტატია იმ ქართველ მრბოლელებზე მოგითხრობთ, რომლებმაც საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ გაიტანეს, ამიტომ აქცენტს მევლუდ მელაძის იმ წარმატებებზე გავაკეთებთ, რომლებიც მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოიპოვა. მევლუდ მელაძის სადებიუტო რბოლა 2006 წელს უკრაინაში, კერძოდ იალტის რალიზე შედგა. მელაძე-ბიძინაშვილის ეკიპაჟი ამ რალის ვიცე ჩემპიონები გახდნენ, ხოლო შემდეგ წელს კი მელაძე-კოღოსოვის ეკიპაჟმა იგივე შედეგის განმეორება შეძლო. დიდი ხნის პაუზის შემდეგ მევლუდი მსოფლიო რალის დაუბრუნდა. ამჯერად ამერიკის კონტინენტს თავის ერთგულ ნავიგატორ ოვანეს კოღოსოვთან ერთად მიაკითხა. უსახსრობიდან გამომდინარე, მათ ყველაზე დაბალი ბიუჯეტის და, შესაბამისად, დაბალი მონაცემების ავტომობილი შეარჩიეს. ეს იყო მოძველებული „ფორდ ესკორტი“. თუმცა იმ დონის პილოტის ხელებში, როგორიც მელაძეა ამ ავტომობილმა ადგილობრივები და ქართველი ქომაგები სასწაულების მომსწრე გახადა. ეს რალი მელაძისთვის დიდი თავგადასავალი აღმოჩნდა. თუ კი რაიმე პრობლემა არსებობს, ქართულ ეკიპაჟს ყველაფერი დაემართა, ამობრუნებაც მოახერხეს და, მიუხედავად ამისა, განადგურებული ავტომობილით  3-დღიანი რალი საპატიო მე-4 ადგილით დაასრულეს.

რამდენიმე წლის შემდეგ მევლუდმა დამოუკიდებელი ძალებით ამერიკის წრიულ რბოლებში შესაძლებლობების მოსინჯვა მოინდომა. ამ ჯერზე მას თავისი მეგობარი, გიორგი კიბილოვი დაეხმარა. მან კუთვნილი BMW M3 მევლუდს დაუთმო. მევლუდმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ამერიკის წრიული რბოლების United states touring car championship-ის 2017 წლის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

დასაწყისში მევლუდ მელაძის რადიკალური ნახტომები ვახსენეთ, სწორედ ამ ხასიათის გამო დღეს ის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატში დიდი წარმატებით მონაწილეობს. მან უკვე მოახერხა ერთხელ ეროვნული ჩემპიონობის მოპოვება, ასევე მსოფლიო დრიფტის სერიებში აქტიურ მონაწილეობას განაგრძობს და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი გულშემატკივრების გახარებას ამ ჯერზეც მოახერხებს.

3. ოთარ თავართქილაძე

ოთარ თავართქილაძე ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც არცერთი მრბოლელი არ ისურვებდა კონკურენტად, რადგან არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც ამ მრბოლელს რაიმე გაუჭირდება. ის უნივერსალური მრბოლელია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მის კარიერას თუ გადავხედავთ, ჩავარდნებს ვერც კი ვიპოვით. ყველა მრბოლელს ძლიერი და სუსტი მხარე აქვს, ამ უკანასკნელს ოთოს უნარებში ვერ შეხვდებით. იგი 2 გზის კავკასიის თასის მფლობელია და 11-ჯერ საქართველოს ჩემპიონია ყველა დისციპლინაში.  ეს მონაცემები ამ მრბოლელის უნივერსალურობას და ნიჭს კიდევ ერთხელ ადასტურებს. რბოლის დროს მისი ყურება და ზღვარზე სიარული მაყურებლისთვის და ხშირად თვითონ მრბოლელებისთვისაც კი ერთგვარი სიამოვნებაა. ოთოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს საფარი წვიმიანია თუ მშრალი, ავტომიბილი წინა წამყვანია თუ უკანა. ოთარ თავართქილაძის „ძველი სკოლა“ დღემდე უშიშარ ხასიათს ატარებს. სწორედ ეს უშიშარი ხასიათი განაპირობებს მრბოლელის ნაბიჯებს მაშინ, როდესაც სხვებს ეშინიათ ან გადამწყვეტი ნაბიჯებს გადადგმას ვერ ბედავენ.

ის შედეგი, რითაც ოთომ ქვეყანა ასახელა მცირედით გაგაოცებთ. ესეთი რამ ათწლეულებში ერთხელ თუ ხდება. 2007 წელს, „იალტის რალიზე“ საქართველოს სახელით ორი ეკიპაჟი იყო წარდგენილი, მელაძე-კოღოსოვის და თავართქილაძე-კუხიანიძის. 3-დღიანი დამღლელი რალის ერთერთ სარბოლო მონაკვეთზე ადგილობრივების ეკიპაჟი გზიდან გადავარდა და საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. გზად გამვლელი მონაწილეებიდან, რომლებიც ათეულობით იყვნენ, მხოლოდ ოთარ თავართქილაძე აღმოჩნდა ის მრბოლელი, რომელმაც ამ ინციდენტის დანახვისას ავტომობილი სარბოლო მონაკვეთზე გააჩერა და გზიდან გადაჩეხილ მრბოლელებს ავტომობილიდან გადმოსვლაში და პირველადი დახმარების გაწევაში დაეხმარა. ამ საქციელით ქართველების ეკიპაჟმა მრავალთვიან მზადებასა და სანატრელ გამარჯვებაზეც კი უარი თქვა. ეს ქმედება ამ შეჯიბრის ორგანიზატორებს არ გამორჩათ და ოთარ თავართქილაძეს უდიდესი „ღირსების თასი“ გადასცეს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც წაგება მოგებაზე მეტს ნიშნავს.

4. სანდრო თავართქილაძე

თაობები სპორტის ნებისმეირ კატეგორიაში არსებობს. მომავალი ვარსკვლავი ქართულ ავტოსპორტსაც ჰყავს და ეს სანდრო თავართქილაძეა. სანდროს ავტოსპორტში მოსვლას წინ უძღოდა მისი მამის, ზემოთხსენებული ოთარ თავართქილაძის დიდი ძალისხმევა, იგი დღემდე გვერდში უდგას თავის შვილს და გარკვეულწილად ამის გამო თავისი კარიერაც კი გვერდზე გადადო. დამეთანხმებით, რომ ოთარ თავართქილაძის მსგავსი მწვრთნელი ბევრისთვის სანატრელია.

პირველი ნაბიჯი სანდრომ საკმაოდ კატეგორიულად გადადგა. ის მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც პროფესიონალურ დონეზე მომზადებულ „სიტროენ საქსოს“ საჭეს მიუჯდა და ეგრეთ წოდებულ „თაიმ ატაკში“ მიიღო მონაწილეობა. მან შეძლო თავისზე ასაკით და გამოცდილებით დიდი მრბოლელების დამარცხება და თავისი კლასის გამარჯვებული გახდა. ამ შეჯიბრიდანვე გამოჩნდა, თუ რა განზრახვა ჰქონდათ თავართქილაძეებს, ეს მხოლოდ გამარჯვება იყო.

ამჟამად შიდა ჩემპიონატებში სანდროს სახელზე ბევრი გამარჯვებაა. ის ძალიან დიდ წარმატებებს აღწევდა „ფორმულა ალფას“ ტიპის შეჯიბრებსა და საქართველოს ჩემპიონიც კი გახდა. ასევე ჩემპიონის ტიტული მან 2020 წლის საქართველოს „აღმართის დაძლევის“ ჩემპიონატშიც მოიპოვა, თუმცა მისი წარმატებებიდან ყველაზე აღსანიშნავი აზიის „ფორმულა 4-ის“ შედეგებია.

2019 წელს სანდრომ ფორმულა 1-კენ გზა გაიკვალა და მონაწილეობა  „ფორმულა 4-ის“ შეჯიბრში მიიღო, რომელიც აზიის კონტინენტზე იმართებოდა. რანგით ეს დისციპლინა ფორმულა 1-თან ახლოსაა. მთელი სეზონის განმავლობაში მან არაერთი გამარჯვება და პედესტალი მოიპოვა. იყო იმედგაცრუებებიც და გაჩერებული ბოლიდიც, თუმცა ამ რთული გზის ბოლოს მან აზიის ჩემპიონატში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა და პოდიუმზე ქართული ჰიმნიც არაერთხელ ააჟღერა.

სანდრო თავართქილაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ყველას აქვს იმედი, რომ ის კიდევ მსოფლიო ფორმულის სხვადასხვა დისციპლინას არაერთხელ დაიპყრობს. 

5. არჩილ ბიძინაშვილი

ეს მრბოლელი ყოველთვის ამ სპორტის მიმართ დიდი ერთგულებით და თავდადებით გამოირჩევა. არჩილი არცერთ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღებას არ თაკილობს, პირიქით, ყველა შეჯიბრი სწყურია.

შეჯიბრზე ბიძინაშვილის და მისი ველური „ჰონდის“ გამოჩენა ყველა კონკურენტში შიშს ბადებს, რადგან მას არ აინტერესებს ვინაა მისი მოწინააღმდეგე და რამდენად ფასობს მისი ბოლიდი. ის ყოველთვის გამარჯვებისთის იბრძვის და ისე შეაჩვია ყველა ავტომოყვარული, რომ მისი კარგი შედეგები არავის უკვირს. არჩილ ბიძინაშვილი სხვადასხვა კატეგორიაში 10- გზის საქართველოს ჩემპიონია, აქედან 4-ჯერ „ლეჯენდის“ ტიპის ბოლიდებით მშობლიური ჩემპიონატი აქვს მოგებული.

2011 წელს მან გადაწყვიტა მონაწილეობა  „იალტის რალიზე“ მიეღო. მისი ნავიგატორი გოგა არჯევანიძე იყო. რალი, როგორც წესი 3-დღიანია, ქართული ეკიპაჟის ლიდერობა პირველივე დღიდან აშკარა გახდა, იღბალიც მათ მხარეზე იყო და შეჯიბრმა ყველანაირი ექსცესების გარეშე ჩაიარა. არჩილმა თავისი კლასი დიდი განსხვავებით მოიგო. ისე გაათამამა ქართველი ქომაგები, რომ მას უკვე აბსოლუტურ ჩათვლაში გულშემატკივრობდნენ. 2007 წლის შემდეგ „იალტის რალის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე ქართული ალამი კიდევ ერთხელ აღიმართა. 

6. სანდრო ლომაძე

სანდრო ლომაძის გამოცდილება ძალზედ მრავალფეროვანია. ალბათ გაგვიჭირდება იმ დისციპლინის მოძიება, სადაც სანდროს მონაწილეობა არ მიუღია. ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებული ფინანსისტი ავტოსპორტზე იყოს შეყვარებული. თავის სარბოლო კარიერაში სანდრო ლომაძე ბევრი პოდიუმის მონაწილეა, მისი წარმატებები და გამოცდილება „ფორმულა ალფას“, წრიული რბოლის ბევრ დისციპლინას, რალის, აღმართის დაძლევის, კროსის და კიდევ ბევრი სხვა სახის ავტორბოლებს მოიცავს. მისი ეს წარმატებები მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ მთავრდება, მას ძალზედ შთამბეჭდავი შედეგები ქვეყნის გარეთაც აქვს.

მისი პირველი მნიშვნელოვანი მცდელობა 2017 წელს ევროპის რალის ჩემპიონატზე შედგა. მან თავის ნავიგატორთან, მევლუდ მელაძესთან ერთად საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. ამავე წელს ქართულმა ეკიპაჟმა ბულგარეთის რალის ღია ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრები სანატრელი 1 ადგილით გაახარა. ნებისმიერი გამარჯვება თუ წარმატება მრბოლელს კიდევ უფრო მეტს ანდომებს. არც სანდრო ლომაძე დასჯერდა ამ მიღწევებს და მომავალი წელი საამაყო შედეგებით დაამთავრა. კერძოდ კი, მან 2018 წლის რუმინეთის რალის ჩემპიონატში მე-2 და ხორვატიის რალის ჩემპიონატში მე-3 ადგილი მოიპოვა.

ქართული ავტოსპორტის გულშემატკივრებს სანდროს და მევლუდის მიერ ზღვარზე სიარულის არაერთი კადრი და მოგონება ახსოვს. ბოლო წარმატება რაც ლომაძის ანგარიშზეა, კვლავ 2018 წელს მოხდა. ქართელმა მრბოლელმა ამჯერად „ჰიუნდაის“ ქარხნული გუნდის ბოლიდი და გუნდი იქირავა და Hyundai Trophy-ის მსოფლიო დონის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც, მიუხედავად არაერთი ინციდენტისა, რბოლა ლიდერის კვალდაკვალ, მე-2 ადგილზე დაასრულა.

ქართული ავტოსპორტის ისტორიაში სანდრო ლომაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და მომავალში ქართველ ავტომოყვარულებს მისი და ქვეყნის წარმატების ნახვა კიდევ ბევრჯერ სურთ.

გაზიარება: