Aa Aa
15 მარტი 2021  |  15:15

მსოფლიოს 8 საუკეთესო „დრიფტქარი“

დრიფტი მთელს მსოფლიოში ავტოსპორტის ნომერ პირველ დისციპლინად იქცა. ავტოსპორტის ეს კატეგორია დასაწყისიდან დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ სამოყვარულო დონეს აკმაყოფილებდა, თუმცა ხალხის მხრიდან ინტერესის ნიშნული მკვეთრად აიწია და დღეს უკვე მსოფლიო ავტოფედერაციის მიერ ოფიციალურად აღიარებულ დისციპლინად გვევლინება. ყველა ავტომოყვარულმა კარგად იცის, რომ დრიფტს შესაბამისი ავტომობილი და მისი მომზადება სჭირდება, ამიტომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში დრიფტერებს ჩამოუყალიბდათ ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს „დრიფტქარი“, ზოგადად ავტოსპორტის ამ კატეგორიას დოგმები არ უყვარს. ნებისმიერ ავტომობილს აქცევთ „დრიფტქარად“, თუმცა, გამორჩეულები მაინც არიან, რომლებმაც თავისი პოტენციალით დრიფტის მოყვარულებს თავი შეაყვარეს. წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ე.წ. „დრიფტქარს“.

1. Nissan Silvia


„ნისანმა“ ეს კონკრეტული მოდელი პირველად 60-იან წლებში გამოუშვა, მაშინ ამ მოდელის შესახებ ცოტამ თუ იცოდა, თუმცა, გავიდა წლები და ამ მანქანამ მთელს მსოფლიოს თავი ერთ-ერთ საუკეთესო „დრიფტქარად“ გააცნო. მისი აღზევება დრიფტში S13 მოდელიდან იწყება, რომელსაც შემდგომი თაობები მოჰყვა, S14 და S15. თავდაპირველად ამ მოდელის იდეა სპორტული ავტომობილი იყო, თუმცა მან თავისი შესაძლებლობების პიკი დრიფტში წარმოაჩინა. კარგად დაბალანსებული მართვადობა და ტურბოდაბერვის მქონე ძრავი დამწყები და პროფესიონალი დრიფტერებისთვის მეტად სასურველს ხდის. უკანა წამყვანი, ძალზედ საიმედო, მოქნილი, ტურბო ძრავით და საკმაოდ ეფექტური ვიზუალით ყველა იმ თვისების მატარებელია, რაც დრიფტის ავტომობილს მოეთხოვება. „სილვიას“ ვერ შეხვდებით ე.წ. „დრაგსტერებში“, ასევე იშვიათად ნახავთ ავტოსპორტის სხვა დისციპლინებშიც, ერთადერთი ადგილი სადაც სილვია კომფორტულად გრძნობს თავს ეს დრიფტია.

2. BMW 3 SERIES



BMW-მ მესამე სერიის მოდელები საოჯახო ავტომობილის სტატუსით გამოუშვა, თუმცა ყველა ავტომოყვარულმა იცის, რომ ამ ავტომწარმოებელს ნებისმიერ მოდელში სპორტული ხასიათის დამალვა უყვარს. ბრენდის ყველა მე-3 სერია, ავტოსპორტის უამრავ სახეობაში ძალიან დიდი პოპულარულობით და შედეგიანობით გამოირჩეოდა. როდესაც საქმე დრიფტამდე მივიდა, თავისი გულშემატკივრები არც აქ დატოვა იმედგაცრუებულები. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ, ექსპლუატაციისთვის მარტივ და დიდი პოტენციალის მქონე „დრიფტქარად“ ითვლება. ეს ყველა ნიშა სწორედ რომ მისი ფუძიდან მოდის, საოჯახო დანიშნულების ავტომობილი სპორტულ ავტომობილებს ტირაჟით ერთი-ორად აღემატება, შესაბამისად მისი ექსპლუატაციაც იაფი და ადვილად ხელმისაწვდომია. ამ შემთხვევაშიც სამ მოდელს გამოვარჩევდით, E30, E36 და E46 ძარის მქონე მესამე სერიებს, თუმცა სხვა მესამე სერიებიც იგივე წარმატებით სარგებლობენ.

3. Toyota Corolla Trueno (AE86)


„ტოიოტა“ თავისი მრავალრიცხოვანი მოდელთა გამით და მათი თაობებით ყველაზე მდიდარი ბრენდია ავტოსამყაროში. განსაკუთრებით მოდელი „კოროლა“ გამოირჩევა. ეს ხაზი 60-იანი წლებიდან დღემდე უკვე მე-12 თაობას ითვლის, თუმცა, როგორც ამ კომპანიას ახასიათებს, ერთ მოდელში შეიძლება რამოდენიმე განსხვავებული ვარიანტი შეგვხვდეს. ჩვენ მხოლოდ 80-იანი წლების იაპონელი ავტომოყვარულების გმირს გამოვარჩევთ, ის სხვა „კოროლებთან“ შედარებით უკანა წამყვანია და ერთერთი საუკეთესო მართვის მანერით გამოირჩევა. მისი სახელია Toyota Corolla trueno, AE86 ძარით და მეტსახელად “ჰაჩიროკუ“, რაც 8-6 ნიშნავს. მრავალრიცხვოვან საზოგადოებაში მისი დანახვისას ავტომოყვარულს მომღიმარი სახით ადვილად გამოვარჩევთ. ამ მოდელმა სახელი დრიფტის სამყაროში თავისი ნეიტრალური მართვის გამო გაითქვა. მოწინააღმდეგეებთან შედარებით ის ყოველთვის პატარა და სუსტია, თუმცა არავის ჩამორჩება. დრიფტერებისთვის ამ მანქანის ხიბლი სწორედ მისი „ცხვრის ტყავში დამალული მგლის“ სტატუსი და ყოვლისშემძლე მართვადობის უნარია.

4. Nissan Skyline



თავის სამშობლოში ავტომობილისტებმა მას „გოძილა“ შეარქვეს, ის ამ სახელს ბოლომდე ამართლებს. მართლაც, რომ ურჩხულივით ძალა და გაბარიტები აქვს. „სქაი“, ამ მანქანას შემოკლებით ასე ეძახიან. ის ისეთივე მოქნილი ვერ არის, როგორც „ჰაჩიროკუ“, თუმცა მას აქსელელატორის სატერფულზე შეხებისას ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. ამ მოდელების დამახასიათებელია დიდი ძალა. თავის კონკურენტებთან შედარებით დრიფტში იგივე სიხშირით არ გხვდება, თუმცა არ იქნებოდა მართებული, რომ „ნისანის“ ეს მოდელი დრიფტის სამყაროში არ გვეხსენებინა. ეს მოდელი დრიფტერებს ძირითადად ძრავის სიმძლავრის გამო იზიდავთ, ცოტა მეტი ტუნინგით კიდევ უფრო მარტივად ბევრი ცხენის ძალის მიღებაა შესაძლებელი, რაც დრიფტერებს საქმეს საკმაოდ უადვილებს.

5. Toyota Altezza



„ტოიოტას“ ეს მოდელი ძველი და ახალი არ არსებობს, ამ მოდელის მოყვარულებს ის ერთადერთი ჰყავთ. „ტეზა“, როგორც მას ეძახიან, ყოველთვის დიდ კამათს იწვევს ავტომოყვარულებში, გამუდმებით მიმდინარეობს გარკვევა „ალტეზა“ დრიფტისთვის გამოდგება თუ არა?! ის უკანა წამყვანია, სპორტული ავტომიბილის სახელს ატარებს, მაღალბრუნიანი ძრავა აქვს, ბლოკირებული დიფერენციალიც აქვს, თუმცა ძალა რომ არ ყოფნის მაგაზე თვითონ „ტეზას“ მფლობელებიც თანხმდებიან. ფაქტი ერთია! დრიფტისთვის მას საკმაოდ ხშირად იყენებენ, როგორც საწყის ეტაპზე, ასევე პროფესიონალურ ეტაპზე. უბრალოდ ერთი რჩევა გვექნება, პროფესიონალურ ეტაპზე გადასვლისას, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს ძრავის ჩანაცვლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ გაუგოთ თქვენს მოწინააღმდეგეებს, რომლების გიმტკიცებდნენ, რომ „ტეზა“ მაგ საქმისთვის არ გამოგადგებოდათ.

6. Ford Mustang



ეს ავტომობილი ყველამ იცის, ის ავტოინდისტრიაში და განსაკუთრებით ამერიკაში ყოველთვის საკულტო ავტომობილი იყო. ამერიკელ ავტომოყვარულებს „მუსტანგი“ ეამაყებათ. ამ მოდელის დანიშნულება დასაწყისშივე გასაგები იყო. ის ნამდვილად სპორტული ავტომობილია, თუმცა ამერიკელი ავტოინჟინრების ხედვა იაპონელებისას ან ევროპელებისას ხშირად არ ემთხვეოდა. ამერიკული ავტოსამყაროსთვის ეს ყოველთვის წარუმატებლობის მიზეზი იყო, თუმცა დღემდე ყველა რესურს და ძალას ხმარობენ, რომ „მუსტანგის“ რომელიმე მოდელი „დრიფტქარად“ აქციონ და შესაბამისი კონკურენციის პირობებში თავი არ შეირცხვინონ. თუ გადავხედავთ მსოფლიო დრიფტს, არც თუ ისე ცუდად გამოსდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანაში უამრავი ცვლილებაა შესატანი, იმისთვის რომ მან გვერდულად სიარული შესაბამისად შეძლოს, ამერიკელები ტრადიციას მაინც ინარჩუნებენ და დანარჩენ სამყაროს, დიდი და მოუქნელი „მუსტანგებით“ ებრძვიან. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას მარტივად იძლევა.

7. Mazda RX-7



სერიული წარმოების ერთადერთი ავტომობილი, რომელსაც „ვანკელის“ როტორული ძრავა აქვს, სასწაულ ხმას გამოსცემს და ძრავას არნახული ბრუნების მიღწევა შეუძლია. ის თავისი ეპოქის გმირია. მისთის დამახასიათებელია ეგრეთწოდებული „პოპაფ“ ფარები. ეს გამორჩეული ძრავა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მფლობელებს პრობლემებს უქმნის, რადგან პატარა რესურსით გამოირჩევა და მისი მომზადება დრიფტისთვის ადვილი საქმე არ გახლავთ. მიუხედავად ამ ნაკლისა, თუ კი შეიძლება ნაკლი ვუწოდოთ, დრიფტის მოყვარულებში დიდი ინტერესით და სიყვარულით სარგებლობს. ეს მისი მართვის უნარებიდან გამომდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ დრიფტი სპორტთან ერთად დიდი შოუა, ავტოსპორტის დისციპლინებიდან მხოლოდ დრიფტში შეიძლება გადაწყვიტოს გამარჯვებული საბურავების ბოლმა, ძრავის ხმამ და აგრესიულმა მართვის სტილმა. ჩვენი გმირი ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების ნამდვილი ოსტატია.

8. Nissan 350 Z



ამ ავტომობილით დრიფტი ძალიან უყვართ, განსაკუთრებით სამოყვარულო დონეზე, მაგრამ ამავდროულად მსოფლიო დრიფტში, პროფესიანლურ დონეზეც კი საკმაოდ ხშირად შევხდებით „ზეტს“. ისიც RX7-ის მსგავსად 2 ადგილიანია და უკანა წამყვანია, ძრავაც საკმაოდ ძლიერი აქვს და დამახასიათებელ ხმასაც გამოსცემს. ეს მოდელი უფრო ატმოსფერული ძრავების მოყვარულებს მოსწონთ. ატმოსფერული ძრავის მიმართ სიყვარული დიდი რესურსის და ნაკლები პრობლემების გამო არის განპირობებული. მიუხედავად თავისი მძიმე წონისა, გვერდულად მართვისას მაინც კარგი მაჩვენებლებით გამოარჩევენ. ასევე, საკმაოდ კარგი ვიზუალური მონაცემები აქვს. “ნისანის“ ამ მოდელს შექმნისთანავე ყველა ფუნდამენტალური ნიუანსი ჰქონდა რაც „დრიფტქარს“ ესაჭიროება. სწორედ ამიტომ „დრიფტქარებში“ საპატიო ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

გაზიარება: