Aa Aa
17 მარტი 2021  |  14:10

ძრავის მოვლისთვის საჭირო რჩევები

ძრავა თქვენი ავტომობილის გულია. იმისთვის, რომ ავტომობილის წარმადობა მუდმივად ოპტიმიზირებული იყოს საჭიროა, რომ აგრეგატს წესისამებრ მოუაროთ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ძრავაში მცირე შეცდომასაც კი შეუძლია გამოუსწორებელი პრობლემის შექმნა. მისი შეკეთება კი საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალოვანი აგრეგატი საუკეთესო მდგომარეობაში იყოს? ამისათვის რამდენიმე გამოსადეგ რჩვევას წარმოგიდგენთ:

1. გამოცვალეთ ზეთი რეგულარულად


თუ ჩავთვლით, რომ ძრავა ავტომობილის გულია, მაშინ ზეთი მისი სისხლი და მამოძრავებელი ძალა გამოდის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ზეთი ლუბრიკაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი მოძრაობა კი ხახუნს ამცირებს, რაც შიგნეულობას იცავს. რაც უფრო დაბალია ხახუნის კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლებია მექანიკური ცვეთა.

აუცილებლად შეამოწმეთ მფლობელის სახელმძღვანელო წიგნი, სადაც ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს ავტომობილში ზეთი. გარდა ამისა, ზეთის ზღვარის შემოწმება ძრავის ხუფის გახსნითა და საზომი ღერძის მეშვეობით შეგიძლიათ. თუ ღერძზე არსებული ზეთი ბინძურია გირჩევთ, რომ მალევე შეცვალოთ.

2. დაიცავით ავტომობილი გადახურებისგან


როდესაც მაჩვენებელთა დაფაზე გამაგრილებელი სისტემის მაფრთხილებელი ნიშანი ინთება ნიშნავს, რომ ძრავა გადახურებულია. შესაბამისად, უნდა იცოდეთ როგორ აირიდოთ ეს ყველაფერი თავიდან. ეს მეცნიერება არ გეგონოთ, საკმაოდ მარტივია. თქვენ უბრალოდ გამაგრილებლის ზღვარის ხშირი შემოწმება მოგიწევთ. ასევე, უნდა აკონტროლოთ სითხის გაჟონვაც.

3. ჩანიშნეთ რეგულარული სერვისი


სერვისის ჩატარება მაშინ ხდება აუცილებელი, როდესაც ავტომობილს სიმძლავრე აკლდება ან ზანტი ხდება. ასეთ დროს, ხშირად, ჰაერის ფილტრს, სარქველებს, აალების სათლებს, საწვავის მიწოდების სისტემას, საწვავის ფილტრს ან აალების სისტემის სადენებს ცვლიან. კონკრეტული ნაწილის შეცვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ავტომობილს მართავთ. დამატებით გეტყვით იმასაც, რომ სერვისის ჩატარება 100 000-150 000კმ-ის გავლის შემდეგ ხდება აუცილებელი.

4. შეამოწმეთ კბილანა ღვედი


კბილანა ღვედი ძრავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის სარქველებისა და დგუშების კოორდინირებული მოძრაობით მუშაობს. დაზიანებულ კბილანა ღვედს, ან მის გაწყდომას, სრულად შეუძლია ძრავის გაფუჭება. ამ ნაწილის შემოწმებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, რის შედეგადაც თქვენ სამომავლოდ დიდ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ყურადღებით იყავით მაშინ, როდესაც ძრავა წრიპინის ხმას გამოსცემს, ბოლს უშვებს ან ზეთი ჟონავს.

კბილანა ღვედის რეკომენდირებული შეცვლის პერიოდი 100 000-160 000კმ გახლავთ.

5. რეგულარულად შეცვალეთ ჰაერის ფილტრი


ჰაერის ფილტრი ძრავში ჰაერის ცირკულაციას უწყობს ხელს, რაც სიმძლავრესა და წარმადობას აძლიერებს. გარდა ამისა, ის ძრავას მტვერისა და უცხო ნივთიერების მოხვედრისგანაც იცავს. ჰაერის ფილტრის რეგულარული შეცვლით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მტვრიან ადგილებში გიწევთ გადაადგილება, ძრავს ჩახსობისგან იხსნით. შეცვლის ინტერვალისთვის ზემოთ ხსენებული მფლობელის წიგნაკი უნდა გამოიყენოთ, თუმცა, მისი შეცვლა ყოველ 25 000-30 000კმ-ის გავლის შემდეგაა რეკომენდირებული.

6. შეცვალეთ გაცვეთილი ღვედები

კბილანა ღვედთან ერთად, ძრავის პარალიზება ძრავის სხვა ღვედებსაც შეუძლია. გაცვეთილი მომუშავე ღვედის მანიშნებელი წრიპინა ხმაა, რომელიც ძრავიდან მოდის. თუ ამ ხმას გაიგებთ, მაშინ მექანიკოსს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ. ამ სცენარის თავიდან არიდებას კი ავტომობილის სერვისისას მისი შემოწმებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეცვლით აირიდებთ.

7. შეცვალეთ აალების სანთლები და სადენები


აალების სანთლები თქვენი ავტომობილის ძრავის წარმადობას აუმჯობესებს და აალების გამოტოვების პრობლემას იცილებს თავიდან. ავტომწარმოებლების უმეტესობა მომხმარებელს სანთლების შეცვლას ყოველ 50 000 კმ-ზე ურჩევს. არ იდარდოთ, ეს დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული. როდესაც აალების სანთლებს ცვლით, მათთან ერთად სადენებიც იცვლება, რადგან ახალ ნაწილს ელექტროობა ზუსტად უნდა მოერგოს.

8. საწვავის ფილტრის შეცვლა


საწვავის ფილტრის დანიშნულება არასასურველი მინარევების ძრავაში მოხვედრისგან თავის არიდებაა. სამწუხაროდ, მუდმივი ფუნქციონირების გამო, საწვავის ფილტრი მწყობრიდან მალე გამოდის. თუმცა, მისი შეცვლის ინტერვალი მაინც ავტომობილზეა დამოკიდებული, რისთვისაც მფლობელის წიგნაკში ჩახედვა კიდევ ერთხელ მოგიწევთ.

გაზიარება: