Aa Aa
1 აპრილი 2021  |  16:28

რა არის კატალიზატორი და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას

კატალიზატორი ავტომობილის ნაწილია, რომელიც გამონაბოლქვში გარემოსთვის მავნე ნივთიერებებს გარაქმნის და ამცირებს. ის ისეთი მეტალებისგან შედგება, როგორებიცაა პლატინა, პალადიუმი, როდიუმი. სწორედ ამის გამო, ავტომობილს ხშირად ამ ნაწილს აცლიან და ამით ფინანსურ სარგებელს ნახულობენ. ზოგს ეს საქმიანობა ბიზნესადაც კი აქვს ქცეული. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში $750,000-ად შეფასებულ, 250 მოპარულ კატალიზატორს მიაკვლიეს. მხოლოდ ლოს ანჟელესში 2019-2020 წლებში კატალიზატორების ქურდობის მაჩვენებელი 400%-მდე გაიზარდა. როგორც წესი, კატალიზატორების ქურდებს მიზანში Toyota Prius-ები აქვთ ამოღებული, რადგან ჰიბრიდული ავტომობილის კატალიზატორები უკეთეს მდგომარეობაშია. Ford F-250-სა და სხვა დიდი ზომის ავტომობილებს შედარებით დიდი კატალიზატორები აქვს. ამიტომ, ისინიც ხშირი სამიზნეა.

კატალიზატორები ერთმანეთისგან სხვა ნიშნითაც განსხვავდება. მაგალითად, ვინტაჟურ ავტომობილებში ე.წ. „არარეგულირებულ“ კატალიზატორებს შევხვდებით. სხვა ტიპებია:

EOBD (European On-board Diagnosis) კატალიზატორები - ასეთი კატალიზატორები შედარებით ძველია და ისინი EURO 3 და Euro 4 სტანდარტებს აკმაყოფილებს. მას საბორტო დიაგნოსტიკა აქვს.

ჟანგვითი კატალიზატორი - ძრავას გამონაბოლქვ აირებში ნახშირჟანგისა და ნახშირწყალბადის კონცენტრაციის შესამცირებელი მოწყობილობაა, რომელიც ძირითადად დიზელისძრავიან ავტომობილებში გამოიყენება.

სამმხრივი კატალური კონვერტერი – ბენზინის ძრავიან ავტომობილებში გამოიყენება და ის სამ ქიმიურ პროცეს აერთიანებს. ნახშირწყალბადს ნახშირორჟანგად და წყალად ქმნის, ნახშირჟანგს ნახშირორჟანგად. აზოტის ოქსიდს კი აზოტად და ჟანგბადად.

კომბინირებული კატალიზატორი - შედარებით ახალია და იშვიათად გამოიყენება. ის შემკრებსა და კატალიზატოს აერთიანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კატალიზატორი ჩვეულ ადგილას, მაყუჩს წინ არ არის მოთავსებული. მისი გამოცვლა შედარებით რთულია.

როგორია კატალიზატორის მუშაობის პრინციპი?

როდესაც ავტომობილის ძრავა მუშაობს, დამუშავებული აირები კატალიზატორს აცხელებს, რის შედეგადაც ხდება მავნე ნივთიერებების შლა და მათი პროცენტული შემცველობის კლება. შედეგად, ავტომობილი ამა თუ იმ დაწესებულ ეკოლოგიურ მოთხოვნებსა და Euro რეგულაციებს აკმაყოფილებს.

რა მოხდება თუ ჩვენი კატალიზატორი გაფუჭდება?

კატალიზატორის გაფუჭებამ შესაძლოა ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. მაგალითად, აჩქარების შენელება და საწვავის გაზრდილი მოხმარება. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ, შესაძლოა, თქვენი ავტომობილი მოძრავი კიბო გახდეს!

ავტომობილის მოდელის მიხედვით, კატალიზატორის გამოცვლა შესაძლოა იმაზე ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე წარმოგედგინათ.

რჩევა, როგორ შევუნარჩუნოთ კატალიზატორს კარგი მდგომარეობა

თუ კარგად მოუვლით, თქვენი კატალიზატორი ავტომობილის სიცოცხლის ბოლომდე გაძლებს. შემდეგ კი მისი გადამუშავებით კარგ ფულსაც მიიღებთ. იმასთვის, რომ კატალიზატორის გამოცვლის ან შეკეთების დიდი საფასური თავიდან აიცილოთ, რამდენიმე გზა არსებობს:

  1. გაითვალისწინეთ, რომ დაბალი ხარისხის საწვავი კატალიზატორზე ცუდად მოქმედებს. ამან შესაძლოა ძრავის ეფექტურობა შეამციროს. კარგი იქნება, თუ მფლობელის სახელმძღვანელოში რეკომენდირებულ ხარისხს შეარჩევთ. ამისთვის ძრავაც მადლობელი დაგრჩებათ!
  2. გამოიყენეთ მხოლოდ ის საპოხი მასალა და დანამატები, რომლებსაც ავტომწარმოებელი უწევს რეკომენდაციას. არარეკომენდირებულმა საპოხი და დანამატი შეიძლება ისეთ შუალედური პროდუქტებს შეიცავდეს, რამაც თქვენი კონვერტერი დააზიანოს.
  3. უსწორმასწორო გზებზე სიარულისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი კატალიზატორი უსწორმასწორობებს არ ეჯახებოდეს. როგორც წესი კონვერტერის გული კერამიკისაა და შესაძლოა ის ადვილად დაზიანდეს.
  4. შეამოწმეთ ფრქვევანაში ხომ არ არის კოლტები. არასაკმარისმა წვამ შესაძლოა დაუწვავი ბენზინის კატალიზატორში მოხვედრა და იქ წვა განაპირობოს. ეს არა მხოლოდ კატალიზატოს დააზიანებს, არამედ, შესაძლოა სერიოზული ხანძრის მიზეზიც კი გახდეს.
  5. მოერიდეთ გუბეებში გავლას. კატალიზატორი მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს. წყალთან კონტაქტისას გაგრილებამ შესაძლოა დაზიანება გამოიწვიოს.
  6. პრობლემის ადრეულ სტადიაში აღმოჩენა. გეგმიური სერვისის დროს, შეამოწმეთ კატალიზატორიც. არ უნდა აღენიშნებოდეს დეფორმირებები და ბზარები.

კატალიზატორის და თანაც გამართულ მდგომარეობაში ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარემოს დაცვა მსოფლიოში ახლა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. გამონაბოლქვთან დაკავშირებული რეგულაციები სულ უფრო მკაცრდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გამართული კატალიზატორით, რომელიც გარემოში მავნე ნივთიერებების გამოყოფას საგრძნობლად ამცირებს, ჩვენ არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზეც ვზრუნავთ.

გაზიარება: