Aa Aa
14 აპრილი 2021  |  10:36

მსოფლიოს 10 საუკეთესო პოლიციის მანქანა

პოლიციის მანქანებზე საუბრისას გამორიცხულია, რომ დუბაის პოლიციის ავტოპარკი არ გაგვახსენდეს. მათ შემადგენლობაში Ferrari, Lamborghini, Bentley, Bugatti Veyron-ი და Aston Martin One-77-ც კია. თუმცა, არანაკლებ შთამბეჭდავია სხვა ქვეყნების სადარაჯოზე მდგარი მძლავრი ავტომობილებიც. მათ გასაცნობად კი მსოფლიოს 10 საუკეთესო პოლიციის მანქანას წარმოგიდგენთ:

10. Ford Police Interceptor (აშშ)


Ford-მა, 2019 წელს, მეორე თაობის Police Interceptor-ის დებიუტის შემდეგ უამრავი შეკვეთა მიიღო. ეს ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატით სტანდარულად გამოდის. უკანა წამყვანი SUV-ის 3.0-ლიტრიანი “EcoBoost” V6 400 ცხენის ძალასა და 562 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მანქანის არქიტექტურა და სტრუქტურა გაძლიერებულია და ის 120 კმ/სთ-ით შეჯახებას უძლებს. მისი შეძენა 17 ფერშია შესაძლებელი და მზად არის პოლიციას ღირსეულად ემსახუროს.

9. Volvo V90 (შვედეთი)


უნივერსალის ტიპის ავტომობილი ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე გამძლე და სტაბილური კი Volvo V90 გახლავთ. შვედეთის პოლიციის გამოცდაში V90-მა აღიარება დაიმსახურა. ავტომობილმა 10-დან 9.2 ქულა მოიპოვა, რაც კონკურენტებთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელი იყო.



შეფასება მაღალი სიჩქარით მართვას, დაბრკოლების კურსს, მუხრუჭის ტესტსა და ექსტრემალურ მართვას მოიცავდა. ტესტის მაღალი შედეგების გარდა, V90 კომფორტული, პრაქტიკული და ხარისხიანი უნდა ყოფილიყო. ეს ავტომობილები პოლიციის ფორმაში პირველად 2017 წელს ვიხილეთ. შვედეთი კი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც პოლიციის ავტომოპარკი ამ მოდელით გადაახალისა.

8. Brabus CLS Rocket Police Car (გერმანია)


Tune It Safe-ის კამპანიის ფარგლებში, გერმანიის ფედერალური სატრანსპორტი სამინისტრო Brabus-ს ახალი პროექტის შექმნის მიზნით დაუკავშირდა. ამ კოლაბორაციით კი Brabus CLS Rocket-ის პოლიციის მანქანა მივიღეთ. მოდიფიცირებული Mercedes-Benz CLS-ი ორტურბინიანი V12 ძრავით აღიჭურვა, რომელიც 730 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გაძლიერებული CLS-Class-ის დებიუტი 2006 წელს, Essen Motor Show-ზე გაიმართა. ვერცხისფერსა და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი ავტომობილი პოლიციის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა, თუმცა, საპატიო ხსენებას ის მაინც იმსახურებს.

7. Lexus LC500 (იაპონია)


აღმოსავლეთ იაპონიის Tochigi Prefectural Police-ის საპატრულო შემადგენლობაში Nissan GT-R-ი უკვე დიდი ხანია მსახურობს. ახლა კი იაპონიის პოლიციამ ავტოპარკის გამდიდრება და გაფართოება გადაწყვიტა, რისთვისაც Lexus LC500 იხმო. ეს ავტომობილი დონაციის შედეგად მიიღეს და ის Mobile Traffic Unit-ის წევრი იქნება. მანქანამ შავ-თეთრი გაფორმება მიიღო, ხოლო სახურავზე წითელი მაშუქები დაუმონტაჟეს. ალბათ ეჭვი არავის შეეპარება, რომ LC500 V8 ძრავით თავის საქმიანობას ზედმიწევნით შეასრულებს. Lexus-ის აღმასრულებელი დირექტორის, კაზუო ნაკამურას დამსახურებით კი ტოჩიგის ქუჩებს ახლა სულ სხვა ხიბლი ექნება.

6. Spyker C8 Spyder-ი (ჰოლანდია)


ჰოლანდიის პოლიციას ყველაზე გამორჩეული და უცნაური კაბრიოლეტი ჰყავს. სურათზე თქვენ ექსკლუზიურ Spyker C8 Spyder-ს ხედავთ. ძრავის ხუფის ქვეშ Audi-ს 4.2-ლიტრიანი V8 ძრავა იმალება. 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი 400 ცხენის ძალას უკანა ღერძზე მიმართავს. C8-ს მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ა. 0-დან 100-მდე აჩქარება კი 4.5 წამში არის შესაძლებელი. ავტომობილის კიდევ ერთი სიამაყე მაკრატელისებრი კარებია. Spyker C8 Spyder-ი ფლევოლანდის პროვინციაში მსახურობს.

5. BMW M5 Competition-ი (ავსტრალია)


2019 წელს ავსტრალიამ პოლიციის შემდაგენლობის მარგალიტად BMW M5 Competition-ი აირჩია. ეს ავტომობილი ორტურბინიანი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი და 8-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან არის დაწყვილებული. ამ თაობის M5 პირველად წარსდგა აუდიტორიის წინაშე სრული ამძრაობით. 617-ცხენისძალიანი და 750 ნიუტონ მეტრიანი ავტომობილი ავტობანზე ნებისმიერს გაეკიდება და დაიჭერს. ეს ავტომობილი ავსტრალიის პოლიციის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მანქანაა.

4. Porsche 911 Carrera (ავსტრია)


2017 წელს ავსტრიის პოლიციის დეპარტამენტმა მწარმოებლისგან Porsche 911 Carrera მიიღო. ავტომობილი მუქი ლურჯი, წითელი და ვერცხლისფერი ფერებით გააფორმეს. მისი გადაცემის დღეს „პორშეს“ ავსტრიის დირექტორმა, ჰელმუტ ეგერტმა განაცხადა, რომ „პოლიციის ძალებთან მათი პარტნიორობა დიდი ხნის ტრადიცია იყო“. 1960-70-იან წლებიდან მოყოლებული, Porsche-ს ჟანდარმერიის რიგებში ხილვა საკმაოდ ხშირი იყო.

3. Lamborghini Huracan Polizia (იტალია)


ამასობაში სამეულსაც მივუახლოვდით და დიახ, ეს Lamborghini-ა. 2015 წელს Huracan-ი Italian Highway Patrol-ის შემადგენლობაში ვიხილეთ, რომელიც საგზაო წესებს ბოლონიაში აკონტროლებდა. ამ მონსტრისგან გაქცევა ნამდვილად არავის შეუძლია, რადგან მისი 610-ცხენისძალიანი, 5.2 ლიტრიანი, V10 ძრავა ჯერ მხოლოდ გამოხედვით სცემს შიშის ზარს გარშემომყოფებს. საინტერესოა ისიც, რომ მას იტალიაში სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტადაც იყენებდნენ. მისი სისხარტის დახმარებით კი მართლაც რომ უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.

2. Aston Martin One-77 (დუბაი)


Dubai Police Force-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი Aston Martin One-77-ა. ეს საოცრად გრაციოზული, სწრაფი და ულამაზესი მდიდრული კლასის ავტომობილია. 2013 წელს მისი ფასი 1.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. პირველად ის 2009 წელს, ჟენევის ავტოჩვენებაზე ვიხილეთ. ლიმიტირებული წარმოების Aston Martin-ი ხელნაკეთი ალუმინის კორპუსითა და კარბონის შასით არის აწყობილი. მისი საწარმოო ხაზის მასშტაბურობას კი სახელი გვეუბნება. მსოფლიოში სულ 77 ასეთი ავტომობილი არსებობს. მათი ძრავის ხუფის ქცეშ კი 7.3-ლიტრიანი V12 ძრავაა.

1. Lykan HyperSport (აბუ დაბი)


ჩვენი ათეულის უპირობო პირველადგილოსანი ეს 3.4 მილიონ დოლარიანი სუპერქარია. ის პირველად 2015 წელს გამოჩნდა და პოლიციის მანქანების სტანდარტები ახალ საფეხურზე გადაიყვანა. ლიმიტირებული წარმოების Lykan HyperSport-ი ლიბანში შეიქმნა და ის 2013-17 წლებში გამოდიოდა. წარმადობის მხრივ, ავტომობილი 3.7-ლიტრიანი ორმაგი ტურბინით აღჭუვილი V6 ძრავითაა წარმოდგენილი, რომელიც 740 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 110 კმ/სთ-იანი სიჩქარის ლიმიტამდე მიღწევა კი 2.9 წამში შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ HyperSport-ი ავტობანების ღმერთია.

გაზიარება: