Aa Aa
31 მაისი 2021  |  10:18

ეს 660-ცხენისძალიანი კლასიკური Honda Civic-ი ნამდვილი ცეცხლია

ეს უმანკო, წინაწამყვანი Civic-ის ჰეჩბეკი მონსტრების განმგმირავ ავტომობილად აქციეს.

როგორ მოხდა ისე, რომ 660-ცხენისძალიანი, სრული ამძრაობის მქონე 1990 წლის Honda Civic Si ქუჩაში გადასაადგილებელ ავტომობილად იქცა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე ფაქტორი უნდა განვიხილოთ. პირველი - Honda-ს უკონკურენტო ჯვარედინა შასის თავსებადობაა. ამ თავსებადობის გამო 90-იანებში ავტომობილს უამრავ „სვაპს“ უკეთებდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მოდელის მოპარვის ფაქტები ისტორიაში უამრავია. მეორე ფაქტორი კი სამამულო წარმოების გენიალურობაა, რაც სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან თავსებადობას გულისხმობ. ეს კი მათთვის, ვისაც ჩხირკედელაობა უყვარს, უმნიშვნელოვანესია.

ამ 1990 Si-ის მფლობელი, ბრენდონ სმიტიც „ჩხირკედელაობის მოყვარულთა ასოციაციის“ წევრია. მან იქამდე არ მოისვენა, სანამ ავტომობილისგან სასურველი შედეგი არ მიიღო. ბრენდონმა ეს ძარა რამდენჯერმე გადააკეთა და ის, რასაც სურათებზე ხედავთ, მათგან ყველაზე შთამბეჭდავია. გარედან მარტივი და სუფთა გარეგნობის ავტომობილი კარგად ორგანიზებულ მოწყობას მალავს. მასში უამრავი სპეციალური შეკვეთით დამზადებული და მორგებული დეტალია, რაც სწორხაზოვანი რბოლისთვის გამზადებული მანქანებიდან მოიხსნა. ეს Civic-ი კი სამოქალაქო მგზავრობისთვის არის მოწყობილი.

სმიტი და მისი ჰეჩბეკი 2007 წელს გადაიკვეთნენ. ბრენდონმა დრო არ დაკარგა და ZC-ის „სვაპის“ საქმიანობას მაშინათვე შეუდგა. ეს ორიგინალი 1.6-ლიტრიანი ძრავაა, მაგრამ მას ერთის ნაცვლად ორი მანაწილებელი ლილვი აქვს. მალევე აგრეგატს ტურბინის კომპლექტი დაემატა და სიმძლავრე 300 ცხენის ძალამდე გაიზარდა. წლების განმავლობაში ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილების საშუალებად და უქმეების გმირად მსახურობდა. მას შემდეგ, რაც მფლობელმა წნევას პირველად გაუსინჯა გემო ავტომობილს 10 სხვადასხვა ძრავის კონფიგურაცია მოარგო. ყველა მათგანი ტურბინიანი აგრეგატი გახლდათ. წლების გამოცდილებამ კი პროექტს სერიოზული სახე შესძინა და ახლა Civic-ის სიმძლავრე 600-ცხენისძალიან ნიშნულს სცდება.

Honda-ს B-სერიის ოჯახისთვის წარმადობა პრობლემას არასდროს წარმოადგენდა, მაგრამ ქუჩებში ცხენის ძალების დიდირაოდენობა უფრო მეტად წყევლასავით იყო, ვიდრე ლოცვასავით. საქმე წინა ამძრავის აღმართებზე გადაადგილებას ეხებოდა. სწორედ ამიტომ, ავტომობილი სრულ ამძრავად გადაკეთდა. Honda-ს გულშემატკირებისთვის AWD-ს კონვერტაცია სიახლე არ უნდა იყოს, რადგან პირველი პრეცედენტი დიდი ხნის წინ განხორციელდა.

მიუხედავად ამისა, ოთხივე წამყვანი Civic-ის აწყობა ბევრს არ უცდია. დროთა განმავლობაში გაჩნდა სხვადასხვა სერვისი და ნაწილები, რაც ამ გადაწყობისთვის გამზადებულ დეტალებს ითავაზება. სმიტმა კი ყველაფერი დიდი ხნის წინ, თავისი ხელით შექმნა და გადააკეთა. ყველაზე დასაფასებელი ის გახლავთ, რომ ეს ავტომობილი გამართულია, ყოველდღიურად გადაადგილდება და მფლობელი ტექნიკური გაუმართაობის ბომბზე არ ზის.

სმიტის მიერ Civic-ის AWD-დ ქცევის პროცესი თანდათანობით ვითარდებოდა. ყველაფერი CR-V-ის AWD ტრანსმისიის ჩადგმით დაიწყო. მას სპეციალურად დამზადებული საწვავის სისტემა მოჰყვა, რომელიც საწვავის ავზსა და რამდენიმე ტუმბოს მოიცავდა. ყველა მათგანი სტრატეგიულად ისე განთავსდა, რომ უკან სამომავლო ცვლილებებისთვის ხელი არაფერს შეეშალა.

-„ცვლილება უამრავ სპეციალურად დამზადებულ ნაწილს მოიცავს. ყველა მათგანი სახლის პირობებში, კომპანიონების დახმარებითაა შექმნილი. დროთა განმავლობაში უამრავი ნაწილის შეცვლა მოგვიწია და ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ იყო.“ - თქვა ბრენდონმა.

ოთხივე ბორბლის სწორი ურთიერთქმედებისთვის ძალოვანი აგრეგატი კბილებამდე შეიარაღებულია. პროცესი Civic Wagon-ის ქარხნული დიფერიალით დაიწყო, რომელიც სმიტის მიერ შეკვეთილ ამძრავ ლილვთან არის დაკავშირებული. ეს ნაწილი B&N Designs LLC-ის მიერაა შექმნილი. ზემოთ ნახსენები CR-V-ის ტრანსმისია Liberty-ს პლანსაყელური სიჩქარეებით (1-4), Speedfactory Racing-ის “FWD2AWD” სიჩქარის გადამყვანი კომპლექტით, Competition ქუროთი და MFactory-ის ბლოკირებით არის წარმოდგენილი.

სმიტის 600-ცხენისძალიანი აგრეგატის ფუძე GS-R-ის ბლოკია. მას Golden Eagle-ის გამბჯენი მილისი და მამჭიდროებელი რგოლი აქვს. ქვემოთ Eagle-ის მუხლა ბერკეტი, წნელი და 84 მილიმეტიანი 10.5:1 დგუშებია. ზემოთ Portflow-ს თავი Supertech-ის აირგამანაწილებელ მექანიზმთან და Type-R-ის გამანაწილებელ ლილვთან არის დაკავშირებული.

სიმძლავრის ჭარბ რაოდენობას ტურბინის კომპლექტაცია უზრუნველყოფს. ავტომობილს Garret-ის G30-900 მოდელის ტურბინა უყენია, რომელიც Gonzo Motorsports-ის „ცხელ კოლექტორზე“ არის დამონტაჟებული. გარდა ამისა, ის Turbosmart-ის 60მმ-იანი სარქველით არის წარმოდგენილი, ე.წ. wastegate-ით.

რაც შეეხება შემშვებ სისტემას, მთლიანი მოდული Skunk2-ის ბრენდისაა, მათ შორის დროსელიც. ძრავის მართვის ელექტრონული სისტემით უზრუნველყოფა AEM Infinity-ს მიერაა შესრულებული. ჯამში კი ეს ყველაფერი 660 ცხენის ძალასა და 675 ნიუტონ მეტრს განაგებს.

სპეციალურად დამზადებულია მძღოლის განყოფილებაში არსებული დეტალებიც. სმიტი CompBrake-ის სატერფულის ნაკრებსა და ალუმინისგან დამზადებულ ფილას იყენებს. სავარძლის გვერდით, კი ცეცხლმაქრია დაყენებული.

ძრავის ხუფზე არსებული მაყუჩის გარდა, ავტომობილის ექსტერიერი მინიმალისტურად და სადად გამოიყურება. ულამაზეს შავ დისკებზე 225/45 ზომის Toyo Proxes R1R-ის საბურავებია დაყენებული, რომლებიც ფრთებს ესთეტიკურად მიუყვება.
ბრენდონ სმიტის ეს პროექტი ქუჩებში გადასაასგილებლად საჭირო კონფიგურაციით არის წარმოდგენილი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილის სარბოლოდ მომზადება კიდევ უფრო მეტ აგრესიულობასა და ცხოველურობას იტევს. მოდელში სრული ამძრაობა მართლაც დიდ შრომასთან და ცოდნასთან არის დაკავშირებული. სმიტი, გაწეული სამუშაოსთვის, ყველა ავტომოყვარულისგან, უდიდეს შექებასა და პატივისცემას იმსახურებს.

გაზიარება: