Aa Aa
10 აპრილი 2021  |  13:25

საბჭოური მემკვიდრეობა: Lada კუბელებს ვნებას უღვივებს

არაკომფორტული, ხარჯიანი, უხეში და ჟანგიანი - ასე წარმოგვიდგენია ყველა Lada, რომელიც კუბაზე დადის. იქ გადახდილ კაპოტთან მდგარი მძღოლის დანახვა ჩვეულებრივი ამბავია. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გვეგონა.

თუმცა, კუნძულზე ამ ავტომობილს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. კუბაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალებები იშვიათობაა, Lada სტატუსის განმსაზღვრელიც კია. მფლობელები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდეს იმისთვის, რომ ამ ავტომობილებს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ.

გასულ წელს ამ ავტომობილის მფლობელებმა Lada Cuba Club-ი დააარსეს. ისინი სოციალური აქტივობებისთვის იკრიბებიან. მაგალითად, სისხლის დონაციაში მონაწილეობენ, ერთმანეთს გაფუჭებული ავტომობილების შეკეთებაში ეხმარებიან, ნაწილებს ცვლიან და ა.შ.

„მოკლედ რომ ვთქვათ, Lada კუბელის ავტომობილია,“ - ამბობს კლუბის ხელმძღვანელი 29 წლის კარლოს როდრიგესი. 

როდრიგესი 1985 წელს გამოშვებულ Lada 2106-ს მართავს. მარიანაოში Lada-ს დაახლოებით 50 მფლობელი შეიკრიბა. მათ ავტომობილები ერთად გარეცხეს. მათი ავტომობილების პროგრესზე ისაუბრეს, შემდეგ კი სიგნალებით ქალაქის გზას გაუყვნენ. ზოგს თავისი ავტომობილი ნამგალის და უროს სიმბოლოებით აქვს გაფორმებული. ზოგი ახალი ნაწილების გამოყენებას არ ერიდება, ზოგს კი ურჩევნია, რომ არაფერი შეცვალოს და ავტომობილი ორიგინალ მდგომარეობაში დატოვოს.

„ყველაფერი, რაც აქვს, ორიგინალია“, - ამბობს 45 წლის ალექსანდრე აგირე, რომელიც ცდილობს თავი სიმამრის  1976 წლის Lada-თი მოიწონოს.

1950-იან წლებში კუბა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო მაცხოვრებელზე ავტომობილების რაოდენობით. იქ ვინტაჟურ ავტომობილებს ხშირად შეხვდებით. მაგალითად, Ford-ებს, Pontiac-ებსა და Chevrolet-ებს. თუმცა, ისტორიულმა მოვლენებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტის შეწყვეტა განაპირობა და ამერიკული ნაწილები იშვიათობა გახდა.

ზოგიერთი ავტომობილი კუბაში ესპანეთიდან მოხვდა. Alfa Romeo თვითონ ფიდელ კასტროს ჰყავდა. კუბას ეკონომიკა მთლიანად საბჭოური გახდა. 1970-იანებში კი კუბაში პირველი Lada შევიდა.

ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არასდროს დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კუბაზე დაახლოებით 80,000-100,000 Lada მოხვდა.

Lada-ების დიდი ნაწილი ტაქსი გახდა. უმეტესობა კომუნისტური პარტიის წევრების ხელში აღმოჩნდა. ამ ავტომობილების შეძენის უფლება ყველას არ ჰქონდა და ეს უფლება სხვადასხვა დამსახურების მიხედვით გაიცემოდა.

„ჩემი ავტომობილი გენერალ-ლეიტენანტს და მის მეუღლეს, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ ჩინოვნიკს ეკუთვნოდათ. მათ ეს ავტომობილი 40 წელი ჰყავდათ. მის მოსავლელად ფული აღარ ჰქონდად და ჩვენ მოგვყიდეს“, - ამბობს ბენიტო ალბისა, ისტორიის 33 წლის პროფესორი, რომელიც Lada-ს კლუბის ვიცეპრეზიდენტია. მას 1976 წლის Lada ჰყავს.

მართლაც, ამ ავტომობილის შენახვა მფლობელებს ძვირი უჯდებათ. ისინი ნაწილებს იმ ვაჭრებისგან ყიდულობენ, რომლებსაც კუბაზე საქონელი საკუთარი ხელებით შემოაქვთ. ზოგიერთი ნაწილის აწყობა კი მფლობელებს საკუთარი ხელებითაც უწევთ.

მათი თქმით, Lada ამ წვალებად ღირს.

„ვამაყობ, რომ ეს ავტომობილი მყავს. მას შვილივით ვუვლი“, - ამბობს როდრიგესი, Lada-ს კლუბის პრეზიდენტი.

გაზიარება: