Aa Aa
18 მაისი 2021  |  10:16

E34 M5-ის სპეციალური გამოშვების მოდელები

BMW M5 განსაკუთრებული ავტომობილია. ეს მდიდრული კლასის სედანის ხაზია, რომელსაც სუპერქარის წარმადობა აქვს. BMW-მ სეგმენტში პიონერის სტატუსი 30 წლის წინ მოიპოვა. თაობების განმავლობაში M5-ის რეცეპტი ერთი და იგივე გახლდათ - ავტომობილს ხუთი ბიზნესმენის გადაყვანა უნდა შესძლებოდა, წინ მძლავრი აგრეგატი უნდა ჰქონოდა, ხოლო სიმძლავრე უკანა ღერძზე ისე უნდა გაენაწილებინა, რომ მისი მართვა საუკეთესო შეგრძნებებთან ყოფილიყო დაკავშირებული. საჭიროების შემთხვევაში კი კლასიკურად გამოწყობილ მეხუთე სერიას, სპორტულად ჩაცმული სუპექარებისთვის უნდა მოეგრიხა კისერი.

BMW-ს ეს ყველაფერი ყველა თაობის მოდელში გამოუვიდა. წლების განმავლობაში უამრავი ტექნიკური და დიზაინერული ცვლილება ვიხილეთ. თაობების მიხედვით M5-მა, როგორც 6-ცილინდრიანი ერთრიგა, ისე V8 და V10 ძრავებიც მიიღო. მეექვსე თაობის M5-ი კი, საერთოდ, სრული ამძრაობით წარსდგა ჩვენს წინაშე.

დღეს M5-ის უმეტესი თაობა უკვე ავტოკლასიკად ითვლება. ამ სტატუსის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავტომობილი კი E34 M5-ა. ავტოინდუსტრიაში მოდელს სპორტული სედანის სიმბოლოდაც კი მიიჩნევენ. ეს მეხუთე სერიის ბოლო M ვერსიაა, რომელიც ხელით არის აწყობილი.

E34 M5 წარმოება 1988 წელს დაიწყო და 1995 წლამდე გაგრძელდა. გამოსვლისას, ახალი M5-ის ფასი 61 000$ გახლდათ. ეს თანხა დღეს 110 000$-ს უდრის, რის სანაცვლოდაც მომხმარებელი 6-ცილინდრიან, 315-ცხენისძალიან, მექანიკური კოლოფით აღჭურვილ, მახვილი დიზაინის სპორტულ სედანს იღებდა.

თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სიმძლავრის ეს რაოდენობა არავის უკვირს, თუმცა 30 წლის წინ ეს მონაცემი ნამდვილად ბრწყინავდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ 1990 წლის Porsche 911 Carrera 4-იც 315 ცხენისძალიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი.

Porsche-ს მსგავსად, BMW-ც ხშირად გვთავაზობდა სტანდარტული M მოდელებისგან გამორჩეულ ვერსიებს. M-ის შემადგენლობაში ყველაზე მეტი სპეციალური ვერსია M5-ის ხაზმა მიიღო. E34 M5 კი განსაკუთრებული მოდელების ოქროს ხანას განეკუთვნება.

ამ ბლოგში E34 M5-ის სპეციალური გამოშვების მოდელების შესახებ მოგიყვებით, რომელთა არსებობის შესახებ შესაძლოა, არც კი იცოდეთ.

1991 წლის E34 M5 Winkelhock Edition-ი.


1991 წელს, BMW-მ E34 M5-ის იდეალური ვერსიის შემუშავებისთვის ორი მრბოლელი მოიწვია. ჰოაკიმ ვინკელჰოკმა, რომელმაც Nurburgring-ის 24-საათიანი რბოლა 1990 და 1991 წლებში M3-ით მოიგო, სრული აქცენტი წარმადობაზე და კომფორტის შემცირებაზე გააკეთა. მან M5-ს ზემდეტი წონა მოაცილა. ავტომობილი მსუბუქი ბატარეით, შემცირებული ავზით, ხმის იზოლაციის ნაკლები მასალით, სალონის შემადგენელი ზედმეტი ნაწილების გარეშე და მოხსნილი ნისლის მაშუქებით ვიხილეთ.

არსებობს ინფორმაციაც, რომ წონის შესამცირებლად ბამპერები და ძრავის ხუფი კომპოზიტური მატერიალით იყო დამზადებული. ყველა ამ მოდიფიკაციის შემდეგ მანქანის წონა 88 კგ-ით შემცირდა.

Winkelhock Edition-ს დამატებით Recaro-ს სავარძლები, 385მმ-იანი M-Technic-ის საჭე, სიჩქარის ბერკეტი და ხელის მუხრუჭი ჰქონდა. ავტომობილი უკან უფრო განიერი საბურავებით აღიჭურვა. მძღოლს კი წითელი უსაფრთხოების ღვედი იცავდა.

სულ ჯამში 51 ასეთი ვერსია შეიქმნა და ყველა მათგანი ერთ ფერში, Jet Black-ში იყო შეღებილი. ტექნიკური თვალსაზრისით კი ავტომობილი უცვლელი დარჩა. Winkelhold Edition-ის M5-ს 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად 6 წამი სჭირდებოდა.

1991 წლის E34 M5 Cecotto Edition-ი

BMW-ს მეორე მოწვეული სპორტსმენი F1-ის ვენესუელი მრბოლელი, ჯონი ჩიკოტო გახლდათ. მან M5-ის მოდიფიცირება ჰოაკიმის ხედვის საპირისპიროდ განიზრახა და ჩათვალა, რომ ავტომობილი ყველაზე მდიდრული სედანი უნდა ყოფილიყო.

Cecotto Edition-ის M5-ის სალონი ორ ფერში იყო შესრულებული და Nappa-ს ტყავი ამშვენებდა. მძღოლისთვისა და მგზავრებისთვის სავარძლების გათბობა და მასაჟის ფუნქციაც იყო ხელმისაწვდომი. ინტერიერი ხის გაფორმებით, ელექტრო ლუქითა და ავტომატური კლიმატ კონტროლით იყო წარმოდგენილი. უკანა რიგის გამყოფ სათავსოში ადგილი ღვინის ორი ბოთლისთვისაც გახლდათ. ავტომობილს Business რადიო, 12 დინამიკი და ე.წ. “subwoofer-იც“ ჰქონდა.

Cecotto Edition-ი ორ ფერში, Lagoon Green-სა და Mauritius Blue ფერში გამოდიოდა. მსოფლიოში სულ 22 ასეთი ეგზემპლარი არსებობს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ვერსიად აქცევს.

1992 წლის E34 M5 20 Jahre Motorsport Edition-ი


BMW Motorsport დივიზიის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად, BMW-მ ლიმიტირებული წარმოების (20 ეგზემპლარი) M5 20 Jahre Motorsport Edition-ი შექმნა. ევროპულ M5-ის სპეციფიკაციებზე დაფუძნებული M5 20 Jahre - 3.8-ლიტრიანი S38B38 ერთრიგა ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 340 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

მისი შეძენა მხოლოდ ერთ ფერში, Mugello Red-ში შეიძლებოდა. ესთეტიკური გაუმჯობესება სალონის კარბონის დეტალებს, წითელ ღვედებს, M-Technic-ის სარკეებს, ალკანტარას სავარძლებს, პანელებს, საჭესა და სიჩქარის ბერკეტს მოიცავდა.

1992 წლის E34 Naghi Motor Edition M5


ეს მოდიფიკაცია საუდის არაბეთის BMW-ს იმპორტიორი კომპანიის, Naghi Motor-ის სპეციალური შეკვევთით დამზადდა. მწარმოებელმა ჯამში სულ 15 ასეთი მოდელი გამოუშვა და ყველა მათგანი ევროპული 3.6-ლიტრიანი M5-ის საწარმოო ხაზის ბოლო მოდელებს განეკუთვნებოდა. მათი გამოსვლა კი 1992 წლის მარტი/აპრილით თარიღდება. ეს ვერსიები Jet Black, Alpine White II და Lagoon Green ფერებშია შეღებილი.

ამ ვერსიაში ძრავა მცირედით მეტს, 318 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. როგორც ირკვევა, ავტომობილი კატალიზატორის გარეშე იყო შექმნილი. Naghi Edition-ის თითოეული მოდელი M-ის უკანა ფრთით, Shadowline-ის გარე მოკაზმულობით და ნახევრად ტყავის Recaro SR-ის წინა სავარძლებით არის აღჭურვილი. ექსკლუზიური მოდელების საუდის არაბეთში შეყვანისას Naghi Motors-მა ხუფებზე M-ის სამ ფერის ხაზები დაუტანა და საჭე წითელი ტყავით გააფორმა. Nagi Motors-ისთვის სპეციალურად შექმნილი M5 ერთ-ერთი უიშვიათესი M მოდელია.

1995 წლის E34 M5 Touring Elekta

E34 M5-ის უნივერსალი ვერსია ძალზედ იშვიათი მოდელია. BMW-მ ჯამში 891 ეგზემპლარი აწარმოა და ყველა მოდელი მარცხენა საჭიანი გახლდათ. აშშ-ს ბაზრისთვის ეს მოდიფიკაცია არ იყო განკუთვნილი. თუმცა, ამ საწარმოო ხაზში კიდევ უფრო იშვიათი 20 ეგზემპლარი არსებობს. 20-ვე M5 1995 წელს არის შექმნილი.

M5 Touring-ი სახელად Elekta, იტალიური ბაზრისთვის წარმოებული მოდელი გახლდათ. ის Sterling Silver-ის საღებავისა და Marine Blue ტყავის კომბინაციით, ან British Racing Green-ისა და Tobacco-ს ტყავის კომბინაციით არსებობს. ავტომობილის ინტერიერში მეტი ტყავის დეტალია გამოყენებული, ხოლო სიჩქარის კოლოფის ბერკეტს ციფრები აქვს დატანილი. Elekta BMW M-ის ნაწარმი არ გახლდათ. ის BMW Individual-მა იტალიური სადილეროს შეკვეთისთვის სპეციალურად დაამზადა. მისი იშვიათობის გამო ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საკოლექციო M5-ა მსოფლიოში.

1992 წლის E34 M5 Convertible


M6 კაბრიოლეტის შექმნამდე BMW-ს პირველ მდიდრულ კუპე-კაბრიოლეტად M5 ესახებოდა. 1992 წელს BMW-მ მხოლოდ ერთი სრულად ფუნქციონირებადი პროტოტიპი შექმნა. ავტომობილი 3.5-ლიტრიანი S38B36 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით იყო აღჭურვილი. კუპე-კაბრიოლეტის თვლებს შორის მანძილი იგივე დარჩა, თუმცა საქარე მინა, 4-კარიან ვერსიასთან შედარებით, უფრო დახრილი გახლდათ.

სტრუქტურული სიხისტის სიმწირის გამო შასის დამატებითი გამაგრებებიც დაუმონტაჟდა. რბილ ქსოვილიანი სახურავის ავტომატურმა სისტემამ კი ავტომობილის წონა 100კგ-ით გაზარდა. BMW-მ აღნიშნული ვერსიის წარმოება „ფინანსური საკითხებისა და სირთულეების“ გამო შეაჩერა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ M5-ის კაბრიოლეტი 90-იანებში დიდი პოპულარობით ისარგებლებდა.

400-ცხენისძალიანი E34 M5 Individual-ი 


იცოდით, რომ ბავარიელებმა 90-იან წლებში 400-ცხენისძალიანი E34 M5 ქარხნულად გამოუშვეს? სავარაუდოდ არ გეცოდინებათ, რადგან ამის შესახებ მწარმოებელიც არ საუბრობს.

ეს იდუმალებით მოცული ვერსია Individual-ი გახლავთ, რომელიც თავიდან ბოლომდე პირველი მფლობელების გემოვნების მიხედვით აიწყო. ინდივიდუალური დეტალებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კი S38 ძრავის განახლებული მონაცემებია, რომელიც 400 ცხენის ძალას აღწევდა. ეს ყველაფერი კი ქარხნულად!

გამოდის, რომ BMW-ს ინჟინრებმა უკვე განახლებული აგრეგატიდან დამატებით 60 ცხენის ძალა ამოიღეს. 400 ცხენის ძალის 3.8-ლიტრიანი ძრავადან ამოღება კი საოცრად რთულია. ეს ნიშნავს, რომ BMW-მ ერთი ლიტრი მოცულობიდან 105 ცხენის ძალა მიიღო. არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარი 1994 წლის ავტომობილზე გვაქვს.

მსოფლიოში სულ 3 ან 5 ასეთი ეგზემპლარი არსებობს. ინფორმაცია კი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე, 2016 წლამდე ვრცელდება. ახლა ის ერთადერთიც კერძო კოლექციონერის ფარეხს ამშვენებს.

გაზიარება: