Aa Aa
18 აპრილი 2021  |  13:35

Yamaha 456-ცხენისძალიან აგრეგატს ელექტრო ჰიპერქარებისთვის შექმნის

Yamaha-მ ახლახანს ელექტრო აგრეგატის გამოსვლა დააანონსა, რომელიც სპეციალურად ჰიპერქარებისთვის შეიქმნა. კომპაქტური 800-ვოლტიანი აგრეგატი 496 ცხენისძალას გამოიმუშავებს და ის იმგვარადაა შემუშავებული, რომ ერთ ავტომობილში რამდენიმე მოთავსდეს. ეს ნიშნავს, რომ ორი ასეთი ძრავა მანქანას სერიოზულ სიმძლავრეს მიანიჭებს.

ეს Yamaha-ს ერთადერთი ელექტრო ძრავა არ გახლავთ. გასული წლიდან მოყოლებული, კომპანია თავისი ბიზნესის პროფილს აფართოვებს. ბრენდმა რამდენიმე აგრეგატი შექმნა, რომელთა სიმძლავრეც 47-დან 268 ცხენისძალამდე მერყეობს. Yamaha-მ პატარა ზომის ძრავები მოტოციკლებისთვის, ხოლო დიდი სიმძლავრის აგრეგატები მგზავრების გადასაყვანი ავტომობილებისთვის შექმნა.

კომპანიის საქმიანობა - აწარმოოს აგრეგატები სხვა კომპანიებისთვის - ახალი არ გახლავთ. Yamaha-ს ბენზინზე მომუშავე ძრავების აწყობა და სხვა ფირმებზე მიყიდვა 1967 წლიდან აქვს დაწყებული. პირველად მან 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით Toyota 2000GT აღჭურვა. მოგვიანებით წამრმოება გაფართოვდა და მისი ძრავები Toyota AE86-სა და MR2-ში ვიხილეთ. Ford-მა Taurus-ში Yamaha-ს 3-ლიტრიანი DOHC V6 ძრავა განათავსა, ხოლო Volvo-მ S80-ისთვისა და XC90-ისთვის 4.4-ლიტრიანი V8 ძრავა მიიღო. კომპანიის ყველაზე გამორჩეული მონაპოვარი კი Lexus LFA-ს V10 ძრავის შექმნაა.

ამ დიდი აგრეგატისთვის Yamaha პროტოტიპული ავტომობილის აწყობას გეგმავს. EV-ი ჰიპერქარის ძალოვანი აგრეგატის დებიუტი 2021 წლის Automotive Engineering Exposition-ზე, იაპონიაში, 26-28 მაისს შედგება.

გაზიარება: