Aa Aa
27 აპრილი 2021  |  13:50

DMX-ის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობა Monster Truck-მა მიიღო

ჰიპ-ჰოპის ლეგენდის დაკრძალვამ უჩვეულოდ ჩაიარა.

ერლ სიმონსი - სასცენო სახელით DMX-ი - ახლახანს გულის შეტევით გარდაიცვალა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპერის დაკრძალვის ცერემონიალი განსაკუთრებული გამოდგა.

2021 წლის 24 აპრილს DMX-ი უკანასკნელ გზაზე Monster Truck-ითა და მოტოციკლების ესკორტით გააცილეს. კატაფალკის მანქანად მიწიდან მაღლა აეწული და სპეციალური ნაწილებით გაუმჯობესებული Ford F-250 აირჩიეს. უზარმაზარი ღერძებითა და საბურავებით აღჭურვილ მანქანას კორპუსზე Ruff Ryders-ის ლოგო ჰქონდა გამოსახული. მანქანას ამშვენებდა წარწერაც - „long live DMX”.

ბრუკლინში, Barclays Center-ისკენ მიმავალ გზაზე, წითელი სასახლე, პიკაპის უკანა ნაწილზე იყო განთავსებული. BETNetworks-ის დახმარებით, გულშემატკივრებს ცერემონიალის პირდაპირ ეთერში ყურების საშუალება ჰქონდათ.

მათთვის ვინც ჰიპ-ჰოპის სამყაროს ნაკლებად იცნობს ვიტყვით, რომ სიმონსმა კარიერა 1990 წელს დაიწყო. განსხვავებული სტილითა და დიდსულოვანი პიროვნულობით აღიარება მალევე მოიპოვა. დღემდე ის ერთადერთ რეპერად რჩება, რომლის პირველი ხუთი სტუდიური ალბომიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიალს მხოლოდ ოჯახი და მეგობრები ესწრებოდა, მოტოციკლების ესკორტს ათასობით მონაწილე ჰყავდა. წარმატებულ სამსახიობო და რეპერულ კარიერასთან ერთად DMX-მა თავი მსოფლიოს უამრავი სიკეთითა და ღირსეული საქციელით დაამახსოვრა.

გაზიარება: