Aa Aa
28 აპრილი 2021  |  11:10

Manhart-ის მიერ გადაკეთებული BMW M2 Competition-ი M4-ზე მძლავრია

კუპეს 518 ცხენისძალა აქვს.

BMW M2 დიდი პოპულარობით 2016 წელს გამართული დებიუტიდან სარგებლობს. მათთვის, ვისთვისაც M3-ისა და M4-ის გაზრდილი ზომები პრობლემას წარმოადგენდა M2 საუკეთესო ალტერნატივა იყო. თუმცა Manhart-ში ამ მოდელის სიმძლავრე არ დააკმაყოფილათ და მისი გადაკეთება განიზრახეს. შედეგად, ტუნინგ ატელიემ Manhart MH2 500 Limited-ი გამოუშვა, რომელიც ცხენისძალების რაოდენობით ახალ M4-ს უკან ჩამოიტოვებს.

3-ლიტრიანი ორტურბინიანი S55 ერთრიგა ძრავა ახლა 518 ცხენისძალასა და 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ქარხნული ძრავა 410 ცხენისძალასა და 550 ნიუტონ მეტრს უყრის თავს. Manhart-მა ეს შედეგი MHtronik-ის მართვის ბლოკით მიიღო. დამატებითი სიმძლავრეს აკომპანირებას 100-მილიმეტრიანი კარბონის მაყუჩები და Manhart-ის სახშობები უწევენ.

კომპანიამ ავტომობილის შასის მოდერნიზებაზეც იზრუნა და H&R-ის დაკიდების სისტემა დაამონტაჟა. ავტომობილი ახლა ასფალტთან უფრო ახლოსაა და უფრო მანევრულია. მეტი მიმზიდველობისთვის M2-მა ვიზუალური დანამატებიც მიიღო, რომელიც კარბონისგანაა დამზადებული: წინა გამყოფი ტუჩი, ახალი უკანა დიფუზორი და საბარგულის ფრთა. Manhart-ის განცხადებით, ეს ავტომობილი BMW-ს ყველაზე სპორტულ ვერსიას, M2 CS-ს გავს. მანქანას 20-იანი Manhart-ის Concave One ალუმინის დისკები ამშვენებს, რომელიც Gunmetal Gray-ს ფერშია შეღებილი.

ინტერიერში ბრენდმა თავისი ლოგოები და AK Motion-ის ეკრანი დაამონტაჟა. ამ მაჩვენებელზე ძალოვანი აგრეგატის შესახებ არსებული საჭირო ინფორმაციაა გამოსახული. ის მძღოლის მხარეს არსებულ ცენტრალურ სავენტილაციო არხშია განთავსებული, რაც მეტ ორგანულობას ქმნის. Manhart-ის გეგმებში 10 ასეთი ეგზემპლარის შექმნაა. იმ შემთხვევაში თუ M4-ზე მძლავრი ავტომობილი გსურთ, ეს კუპე თქვენთვისაა.

გაზიარება: