Aa Aa
28 აპრილი 2021  |  12:16

Maybach S-Class-ი შედარებით ღარიბი მდიდრებისთვის 6-ცილინდრიან ძრავას მიიღებს

როდესაც სრული კომფორტი გსურთ, მაგრამ გადასახადებიც გადარდებთ

Mercedes-მა Auto Shanghai-ზე EQB-ს და EQS-ის ელექტრო სედანების წარდგენით ნამდვილად კარგი სანახაობა მოაწყო. ჩინეთის ჩვენებაზე CLS-ის განახლებული ვერსია და C-Class L სედანიც ვიხილეთ. ეს უკნასკნელი მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის იწარმოება. გარდა ამისა, ფართო მასებისთვის გასაჯაროვდა EQA-ც. თუმცა, ყველაზე შეუმჩნეველი მოდელი Maybach S-Class-ი დარჩა.

უფრო კომფორტული S-ის დებიუტი, V8 ძრავით, გასული წლის ნოემბერში შედგა. მიმდინარე თვის დასაწყისში Mercedes-მა Maybach-ის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად V12 ძრავიანი ვერსია დაანონსა. ახლახანს კი დღის შუქი მოდელის მესამე ვერსიამ იხილა. ის S480-ის ემბლემას ატარებს და შედარებით მცირე ზომის, 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს. ჩინეთის ბაზრისთვის ეს ყველაზე ეკონომიური მოდელი იქნება, რადგან დიდძრავიანი ავტომობილებისთვის ქვეყანაში მაღალი გადასახადებია.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წინა თაობის S-Class-ი სახალხო რესპუბლიკისთვის 4-ცილინდრიანი ძრავებითაც გამოდიოდა. ამავე აგრეგატით იყო აღჭურვილი G-Class-იც და CLS-იც. უახლესი S480 მოდელიც კონკრეტულად ჩინეთისთვის იქნება შექმნილი, თუმცა, შესაძლოა ის ევროპისთვის Maybach S450-ის სახელით ვიხილოთ.

Maybach S480 4Matic-ი 362 ცხენისძალიან 6-ცილინდრიან ერთრიგა ძრავას იყენებს, რომლის მაბრუნი მომენტიც 500 ნიუტონ მეტრს შეადგენს. ავტომობილს EQ-ს ელექტრო ძალაც ეხმარება. შედეგად, ეს უზარმაზარი ავტომობილი 0-დან 100-მდე 5.8 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ით განისაზღვრება.

ამ დროისთვის ჩინეთის ბაზრისთვის მხოლოდ 6-ცილინდრიანი მოდელია ხელმისაწვდომი, რომლის ფასიც 226 300$-დან იწყება. აშშ-ში V8 ძრავიანი Maybach S-Class-ი 184 000$ ღირს.

გაზიარება: