Aa Aa
3 მაისი 2021  |  12:54

დიდ ბრიტანეთში კატალიზატორის მოპარვის შემთხვევები გახშირდა

სპეციალური მეტალის გაზრდილი ფასები კატალიზატორის მოპარვის შემთხვევების გაზრდაში ითარგმნა.

გასული წლიდან მოყოლებული სპეციალური მეტალის ფასები იზრდება. ერთ-ერთი ასეთი მასალისგან ავტომობილების კატალიზატორები მზადდება. ქურდებმა კი ძვირფასი ნაწილის მოხსნა გაახშირეს.

დიდ ბრიტანეთში ავტომანქანებთან დაკავშირებული ყოველი ათი ქურდობიდან სამი კატალიზატორის ქურდობას ეხება. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2020 წლის მარტში, ეს რაოდენობა ათიდან ორი გახლდათ.

კატალიზატორი ავტომობილის გამოსაბოლქვ სისტემაშია განთავსებული და ის პლატინისგან, პალადიუმისგან და როდიუმისგან მზადდება. RAC-ის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისში როდიუმის ფასი 200%-ით გაიზარდა და მისმა ღირებულებამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.

მეტალების არალეგალური გაცვლა წინ უძღვის მოქალაქეების გაქურდვას. საინტერესოა ისიც, რომ ხშირად ქურდობის ფაქტები დღისითაც ხდება. დამნაშავეები ავტომობილებს ძვირადღირებულ ნაწილს სავაჭრო ცენტრების პარკინგიდანაც კი ხსნიან.

RAC-ის წარმომადგენელმა, საიმონ ვილიამსმა განაცხადა, რომ ხშირად მძღოლები ვერც კი ხვდებიან კატალიზატორის არქონას. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც საპატრულო პოლიციას გაუჩერებია ავტომობილი, რომელიც უჩვეულოდ ხმაურიანად მუშაობდა. მძღოლებმა კი ყურადღება მხოლოდ ამ ფაქტების შემდეგ გაამახვილეს.

ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც თავიანთ მანქანებს ფარეხებში ვერ აჩერებენ, ურჩიეს, რომ პირადი ტრანსპორტი განათებულ ადგილას დატოვონ. ასე უსაფრთხოების კამერები და მოძრავი პატრული შემთხვევებს უკეთესად დააფიქსირებს.

გაზიარება: