Aa Aa
8 მაისი 2021  |  13:01

12 ავტომობილი, რომელმაც ავტოინდუსტრია შეცვალა

ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არაა. ბევრი ადამიანისთვის ის თავისუფლებაა. ახალგაზრდებისთვის ის დამოუკიდებლობის სიმბოლოა, რომელიც ნებისმიერ დროს წაგიყვანს იქ, სადაც მოგინდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ის უბრალოდ კაცობრიობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა. ზოგი მათგანი ნამდვილი შედევრია, ზოგი უბრალოდ ცხოვრებას გვიმარტივებს.

უდავოა, რომ ავტომობილის გამოგონებამ სამყარო შეცვალა, თუმცა არსებობს ავტომობილები, რომლებლაც თავად ავსტოსამყარო შეცვალა:

Mercedes-Benz Benz Patent-Motorwagen

რა თქმა უნდა, ამ სიაში უნდა იყოს ავტომობილი, რომელმაც, საფუძველი არა მხოლოდ "მერსედესის“ დაარსებას ჩაუყარა, არამედ ზოგადად ავტოინდუსტრიას. სწორედ Patent-Motorwagen-ი იყო პირველი სრულფასოვანი ავტომობილი. იმ დროს ავტომობილის საჭიროებას სკეპტიკურად უყურებდნენ.

1888 წლის აგვისტოს ერთ დილას, ბერტა ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი და გაემგზავრა სტუმრად დედასთან. დედამისი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა. მანამდე არავის გაუვლია ამხელა მანძილი თვითმოძრავი ეტლით.

მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა.

Ford Model T (1908)

ავტომობილის გამოგონებიდან 22 წელი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მასობრივი წარმოება დაწყებულიყო და ეს სწორედ Model T-მ მოახერხა. მისი მართვა იმ დროისთვისაც კი მოუხერხებელი იყო. თუმცა, მთავარი მისი აგების პროცესი იყო, რომელმაც ავტოსამყაროში რევოლუცია მოახდინა. მასობრივი წარმოება მხოლო ერთ ფერში. 1908 წელს მისი ფასი დღევანდელი ექვივალენტით $20,000 იყო. თუმცა, მისი წარმოების საიდუმლოების გასაჯაროებასთან ერთად, ფასმა დაიკლო.

მალე ამერიკაში გაყიდული ავტომობილების ნახევარი Model T იყო. 1923 წლისთვის კი მისი ფასი $300, დღევანდელი ექვივალენტით $4200 იყო. 4 კონტინენტზე და 12 ქვეყანაში იწყობოდა. ჯამში კი 15 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა! ამ ავტომობილმა მსოფლიო ბორბლებზე შეაყენა.

Volkswagen Type 1 (1938)

ამ ავტომობილს უფრო Beetle-ს სახელით ვიცნობთ. ეს ავტომობილი ადოლფ ჰიტლერისთვის თავად ფერდინანდ პორშემ შექმნა. Beetle ბევრი ფილმის გმირია. სინამდვილეში კი ის საკმაოდ მოუხერხებელი ავტომობილი იყო.  მას შეიძლება პოსტ ომამდე პერიოდის Model T ვუწოდოთ. 2003 წელს წარმოება შეწყდა. 65 წლის განმავლობაში კი 21 მილიონი ეგზემპლარის აწყობა მოასწრეს.

Mercedes-Benz 300SL (1954)

კიდევ დიდხანს იმსჯელებენ იმაზე, თუ რომელი იყო პირველი სუპერქარი, თუმცა, 300SL თავისი თოლიის ფორმის ფრთებით ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მსუბუქი, ლამაზი და აეროდინამიკული.

რამდენად სწრაფი იყო 300SL-ი? 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 212 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ. მას „მერსედესის“ სუპერქარების სამეულის SLR McLaren-ის, SLS AMG-სა და AMG GT-ს არსებობას უნდა ვუმადლოდეთ. 

Citroën DS (1955)

რა იქნებოდა DS კარგი პროექტი  რომ არ გამოსულიყო? ეს Citroen-ის ავტორიტეტს ძალიან ცუდად დაარტყამდა. მაგრამ DC წარმატებული გამოდგა. მისი ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა რევოლუციური გამოდგა. თავად ავტომობილი კი ხელოვნების ნამდვილი ნიმუში იყო.

მისი დაბადებიდან 60 წლის შემდეგ Citroen-მა ამ ავტომობილის სახელი ბრენდს უწოდა. რა ბედი ელის მას, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

Morris Mini Minor (1959)

თანაბარი კუთხური სიჩქარეების სახსარი, ე.წ. “გრანატა"… ინჟინრებს ეს პრობლემა რომ არ მოეგვარებინათ, ალეკ ისიგონისს ამ ავტომობილზე უარის თქმა მოუწევდა. მათ გამოსავალს მიაგნეს, რომელიც შეზღუდული სივრცის საუკეთესო გამოყენება იყო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო პირველი წინაწამყვანი ავტომობილი, მაგრამ იყო პირველი, რომელმაც ეს ტექნოლოგია სრულყო. მან ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მას შემდეგ ყველა ხელმისაწვდომი ავტომობილი სწორედ ამ დიზაინით იწყობოდა. 

Ford Mustang (1964)

ორიგინალი პონი ქარი, რომელმაც ამერიკულ ავტოინდუსტრიაში, Corvette-თან შედარებითაც, დიდი გავლენა მოახდინა. უკეთესი მართვადობით და საუკეთესო კონსტრუციით იმ დროისთვის რაც ამერიკულ ბაზარზე იყო და თანაც შედარებით იაფი. ეს ავტომობილი უბრალოდ ნამდვილი ლეგენდაა.

Porsche 911 Turbo (1974)

1974 წელსაც კი ტურბოდაბერვა უკვე მოძველებულიიყო. მას საჰაერო ხომალდებში და სარბოლო ავტომობილებში უკვე გამოიყენებდნენ. თუმცა, Porsche იყო პირველი, რომელმაც საგზაო ავტომობილებში ტურბოს ტექნოლოგია სრულყო. როგორ?  Can-Am-ში წლების განმავლობაში მონაწილეობის შემდეგ Porsche 917/30-მა 1100 ცხენის ძალა მიიღო და 1973 წელს ყველა რბოლაში გაიმარჯვა. 

911 Turbo ბაზარზე შემდეგ წელს გამოჩნდა და მისი გავლენა მსოფლიო ავტოინდუსტრიაში იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგედგინათ.

Audi Quattro (1980)

ეს იყო პირველი ავტომობილი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ოთხივეწამყვანი სისტემა მხოლოდ უგზოობისთვის არ იყო საჭირო. Quattro-მ გვიჩვენა, რომ იმ ავტომობილების შესაძლებლობების გაუმჯობესებაც შეიძლებოდა, რომლებიც გზიდან არ გადადიან. მარტივად, რომ ვთქვათ, ამ ავტომობილით Audi-ს ის ფილოსოფია შეიქმნა, რომლითაც დღეს ეს ბრენდი ხელმძღვანელობს.

Honda NSX (1990)

ამ ავტომობილზე საუბრისას კონტექსტი უნდა გავიხსენოთ. MX-5 უცებ გაჩნდა და საუკეთესო ხელმისაწვდომი სპორტული ავტომობილის ტიტული მოიპოვა. Lexus LS400-მა ადგილი საუკეთესო მდიდრულ ავტომობილებში დაიკავა. Nissan Micra კარგი პატარა ავტომობილი იყო. სწორედ ამ დროს Honda-მ NSX-ი გამოუშვა.

ის უკეთესი სამართავი იყო, ვიდრე Ferrari 348 და უფრო ადვილი, ვიდრე Ford Fiesta. ის იაპონური ავტოინდუსტრიის საუკეთესო ქმნილება იყო, რომლის ტესტირებებშიც თავად აირტონ სენა მონაწილეობდა. მისი გავლენა ბევრ ავტომობილში იგრძნობა.

McLaren F1 (1994)

ამ ექსკლუზიურმა სუპერქარმა სიჩქარის ცნება თავიდან განსაზღვრა. იყო Ferrari F40, Porsche 959 და Jaguar XJ220. მაგრამ გორდონ მიურეის ქმნილებამ ავტოინდუსტრია მთლიანად შეცვალა. ფორმულა 1-ს ბოლიდით შთაგონებულმა სუპერქარმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.

გარდა იმისა, რომ ავტომობილი წარმოუდგენლად სწრაფი იყო, ამ ავტომობილში ადგილი სამი ადამიანისთვის და მათი ბარგისთვისაც კი იყო. მისმა სულ მცირედით მოდიფიცირებულმა ვერსიამ ლე მანიც მოიგო.

Tesla Model S (2012)

Model S-მა ავტოინდუსტრიაზე უდიდესი გავლენა  მოახდინა. თანაც ის ისეთმა კომპანიამ შექმნა, რომელსაც არსებობის 10 წლის ისტორიაც კი არ ჰქონდა.

ამ ავტომობილს 60კვ/სთ-იანი ბატარეით 335კმ-ს გავლა შეუძლია, 80კვ/სთ-იანით კი 425. ეს რიცხვები 10 წლის შემდეგაც კი შთამბეჭდავია.

სწორედ ამ ავტომობილმა შეცვალა ბევრი ავტომწარმოებლის მომავლის ხედვა, რომელშიც ელექტრო ავტომობილებს ცენტრალური ადგილი უკავია.

გაზიარება: