Aa Aa
4 მაისი 2021  |  11:38

შეჯავშნული Mercedes-Benz S600 აუქციონზე გაიყიდება

შეჯავშნული და გაუმჯობესებული S600 მალე აუქციონზე გამოჩნდება!

W140-თაობის Mercedes-Benz S-Class დაბალი გარბენით იშვიათია. უფრო დიდი იშვიათობა კი ამ ავტომობილის შეჯავშნულ მდგომარეობაში ნახვაა. წელს 30 წლის იუბილე აქვს. შესაბამისად, მის მიმართ კოლექციონერების ინტერესი სულ უფრო იზრდება.

რამდენიმე დღეში ბრიტანეთში აუქციონზე შეჯავშნული S600 გამოჩნდება. მხოლოდ 13 500 კილომეტრი აქვს გავლილი. ეს ავტომობილი არაბ შეიხ ხალიფა ბინ ჰამად ალ-თანის ეკუთვნოდა და, როგორც ჩანს, იშვიათად იყენებდა.  

W140-ის დებიუტი 1991 წელს შედგა და მან W126-თაობის S-Class-ი ჩაანაცვლა. ახალი მოდელი ნამდვილი იახტა იყო გზებზე. საბაზისო მოდელებს ბენზინისა და დიზელის  6-ცილინდრიანი ძრავები ჰქონდა, უფრო ძვირიან ვერსიებში კი V8-სა და V12-საც შეხვდებოდით. უმაღლეს საფეხურზე მდგარ S600-ს 6.0-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს.  

W140 მაშინვე სტატუსის განმსაზღვრელი გახდა. ეს იყო ავტომობილი მხოლოდ მდიდრებისთვის. მოგვიანებით, Mercedes-ი უფრო შორს წავიდა და სამ-რიგიანი Pullman ლიმუზინი გამოუშვა.

ეს კონკრეტული S600 B6/B7 დონეზე შესაჯავშნად ბელგიურ კომპანია Carat Duchatelet-ს გადასცეს. ეს იყო უმაღლესი ხარისხის ჯავშანი, რაც სამგზავრო ავტომობილებისთვის არსებობდა. Carat-მა, ჯავშნის გარდა, ავტომობილს ფუფუნების საგნებიც დაუმატა. მაგალითად, გასაშლელი მაგიდები და უკანა ცენტრალური კონსოლი, დამატებითი ტელეფონები, ტელევიზორი, ფარდები და ა.შ.

ვარაუდობენ, რომ აუქციონზე ავტომობილის ფასი $41,500-$55,300 იქნება. 1995 წელს მისი ფასი დღევანდელი ექვივალენტით $350,000-$450,000 უნდა ყოფილიყო.

ამ ავტომობილებზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია და მინიმუმ 10 წლის განმავლობაში შეჯავშნული S600 კვლავ შესანიშნავ ფორმაში იქნება. ერთადერთი პრობლემა შუშაა, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქიას კარგავს და მისი ჩანაცვლება ხდება საჭირო.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის გამოჩენა აუქციონზე დიდ ყურადღებას მიიპყრობს. S600-ს ფასი კი ყველა ნამდვილმა ავტომოყვარულმა კარგად იცის.

გაზიარება: