Aa Aa
4 მაისი 2021  |  12:25

BMW სუპერ იშვიათ 3.0 CSL Batmobile-ს იხსენებს

ეს კონკრეტული ავტომობილი რეპლიკა გახლავთ.

European Touring Car Championship-ის ჰომოლოგაციისთვის სპეციალურად შექმნილი BMW 3.0 CSL-ი პირველი ბავარიული ავტომობილია, რომელზეც M-ის ლეგენდარული ზოლები ვიხილეთ. ეს ფენომენალური მანქანა 1 265 ეგზემპლარად გამოუშვეს. ერთ-ერთი შემორჩენილი ნახევრად ორიგინალი მოდელი კი BMW Group Classic-ის მუზეუმს ამშვენებს.

ბრენდის კლასიკური ავტომობილების დივიზია YouTube-ის არხს ფლობს და უამრავ საინტერესო ვიდეოს ასაჯაროებს. ერთ-ერთ ვიდეოში V12 ძრავიანი X5 Le Mans Concept-იც ვიხილეთ. ამ არხის უახლეს ვიდეოში კი მუზეუმის ორი თანამშრომელი 3.0 CSL-ს განიხილავენ. ისინი ისეთ საპროექტო დეტალებს გვიხსნიან, რაც 50 წლის წინ BMW-ს დიზაინის განმსაზღვრელი იყო.

მიზეზი, რის გამოც ამ მოდელს Batmobile-ი შეარქვეს მისი აგრესიული აეროდინამიკური პაკეტია. ამ პაკეტის რამდენიმე კომპონენტი რიგ ქვეყნებში არალეგალურიც კი გახლდათ. მაგალითად, გერმანიაში ასეთი ტიპის უკანა ფრთით ქუჩაში გადაადგილება კანონდარღვევა იყო. ამ მიზეზით ავტომობილს ფრთა მოხსნილ მდგომარეობაში, საბარგულში ჰქონდა განთავსებული. მფლობელს კი მისი შეძენის შემდეგ, სარბოლო ტრასებზე გამოსაყენებლად, საკუთარი ძალებით დამონტაჟება უწევდა.

თუ იმედი გქონდათ, რომ სურათებზე ნაჩვენები მოდელის ძრავის ხუფის ქვეშ არსებულ აგრეგატს იხილავდით - იმედი უნდა გაგიცრუოთ. ეს კონკრეტული მოდელი რეპლიკაა და მისი ძრავი სრული რესტავრაციისთვისაა ამოღებული. BMW-ს ამ მანქანის გამოყენება European Touring Car Championship-ის მომავალ სეზონზე სურს.

ალბათ BMW-ს მოყვარულებს ეცოდინებათ, რომ 3.0 CSL-ის ძალოვანი აგრეგატის ტიპი ავტომობილის წარმოების პერიოდზე იყო დამოკიდებული. თავდაპირველად ძრავა 3.0 CS-ის იდენტური იყო, თუმცა 1972 წელს მოცულობა სამ ლიტრს მცირედით ასცდა. 1973 წელს კი ძრავს კიდევ ერთი განახლება ჩაუტარდა და მოცულობამ 3.2 ლიტრს მიაღწია.

გაზიარება: