Aa Aa
5 მაისი 2021  |  17:07

7 ახალი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც 2021 წლის ავტომობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს

ავტონომიური დამუხრუჭების სისტემა საკმარისი აღარ არის - ახლა ჩვენზე ჭკვიანი ავტომობილები გვჭირდება. 

ახალი ავტომობილების მიმართ ჩვენი მოლოდინები იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყოველი გასული წელი ავტონომიურად მართვად ავტომობილებთან გვაახლოებს და სტანდარტულ აღჭურვილობათა სიაც მზარდია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ისეთი ავტომობილების შექმნისკენ ვიღწვით, რომელიც ჩვენზე უკეთესი, მართვის ნებისმიერ ასპექტში იქნება.

დღეს მძღოლის დამხმარე უსაფრთოხების ფუნქციები, რომლებიც ერთ დროს ინოვაციას წარმოადგენდა, ავტომობილებში მასიურად მკვიდრდება და ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, ხაზიდან გადასვლის მაფრთხილებელი სისტემა და უკანა ხედვის კამერები დიდებული ტექნოლოგიებია, ეს თანამედროვე მომხმარებელს აღარ აკმაყოფილებს.

ქვემოთ იმ ტექნოლოგიათა სიას წარმოგიდგენთ, რომელთა ინტეგრირებასაც ახალ ავტომობილებში მოველით.

1. უსაფრთხოების ცენტრალური ბალიშები


ფრონტალური და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშების გარდა, თანამედროვე ავტომობილებისთვის უსაფრთხოების ცენტრალური ბალიშებიც აუცილებელი ხდება. ANCAP-ის მიხედვით, ცენტრში დამაგრებული უსაფრთხოების ბალიშები ისეა შექმნილი, რომ წინა რიგში მსხდომთათვის გვერდში დაჯახება ან ამოყირავება უფრო უსაფრთხო იყოს.

-„ეს ბალიშები მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის სავარძლიდან იშლება და კისრისა და ხერხემლის დაზიანებას მინიმუმამდე ამცირებს“ - ხსნის ANCAP-ი. ამ სისტემის მეშვეობით თანამედროვე ავტომობილები უსაფრთოხების ტესტში ხუთ ვარსკვლავს იმსახურებენ. ასეთ ტექნოლოგიას 2021 წლის შემდეგი მოდელები ატარებს: Toyota Yaris-ი, Kia Sorento, Mazda BT-50 და Isuzu D-Max-ი.

2. ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი


გახსოვთ დრო, როდესაც ჩვეულებრივი კრუიზ კონტროლი ფუტურისტულ ტექნოლოგიად აღიქმებოდა? დღეს ეს სისტემები ისეთი ამაღელვებელი არ არის თუ მათ სიტყვა „აქტიური“ ან „ადაპტირებადი“ წინ არ უძღვით. აქტიური ან ადაპტირებადი კრუიზ კონტროლების უმეტესობა რადარზე დაფუძნებულ სისტემებს იყენებს, რომელთა მეშვეობითაც მანქანა სიჩქარეს მოძრაობის გადინების მიხედვით ცვლის.

უახლესი სისტემები გზებზე არსებულ სიჩქარის შეზღუდვასაც აღიქვამენ და გადაადგილებას ამ უკანასკნელს უქვემდებარებენ. მათ შესაძლებლობებში შუქნიშნის ამოცნობაც და ავტომობილის დაძვრა-გაჩერებაც შედის. გარდა ამისა, ხაზის მიმყოლი დამხმარე მოწყობილობა ნახევრად ავტონომურ მართვას გვთავაზობს. ის თქვენს მაგივრად მოუხვევს და წინა მანქანის მიმართ დისტანციას ავტომატურად შეინარჩუნებს.

3. უსაფრთხო გადმოსვლის გაფრთხილება


უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემა მაშინაც უნდა მუშაობდეს, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია. 2021 წლის Kia Carnival-ის „უსაფრთხო გადმოსვლის გაფრთხილება“ და „უსაფრთხო გადმოსვლის ასისტენტი“ სპეციალურ სენსორებს იყენებს, რომელიც 3 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით გადაადგილებისას აქტიურდება. ის შესაძლო საფრთხეებს განსაზღვრავს.

თუ საფრთხე - ველოსიპედისტი ან სხვა მანქანა - გიახლოვდებათ, სისტემა მას დაინახავს და მგზავრების კარებს ავტომატურად ჩაკეტავს. სავარაუდო საშიშროების ჩავლის შემდეგ კი კარები ავტომატურად გაიღება.

4. დისტანციური პარკირების სისტემები


თანამედროვე ავტომობილების ნაწილს მძღოლის ზედამხედველობით დამოუკიდებლად პარკირება შეუძლია. უფრო თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭუვრილი მანქანები კი მძღოლის სალონში ჯდომას არც კი საჭიროებს. Tesla-ს ავტომანქანები ოფციების სიაში „Smart Summon” ტექნოლოგიას ითავაზება. ამ სისტემის დახმარებით, თქვენი ავტომობილი დამოუკიდებლად 60 მეტრს გაივლის და თქვენთან უსაფრთხოდ მოვა.

საინტერესოა Kia-ს “Remote Smart Parking Assist” სისტემაც, რომელიც ახალ Sorento-ში ვიხილეთ. მისი მეშვეობით ავტომობილის მართვა გასაღებიდან, დისტანციურად არის შესაძლებელი.

5. მკვდარი წერტილების ვიდეო მონიტორინგი


თანამედროვე მანქანების უმეტესობა მკვდარი წერტილების რაიმე სახით მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ის მეორე ავტომობილის აღმოჩენისას აქტიურდება და ხმოვანი სიგნალით ან საჭის ვიბრირებით გაფრთხილებთ. ახალი მოდელები კი ერთი ნაბიჯით წინ გახლავთ.

Honda მაგალითად “LaneWatch“ სისტემას გთავაზობთ, რომელიც მოხვევის მაშუქის გააქტიურებისას მაჩვენებელთა დაფაზე გვერდით არსებულ სიტუაციის ვიზუსალიზაციას ახდენს. Audi e-tron-ის სისტემა კი მძღოლებს სარკეების კამერებით ჩანაცვლებას სთავაზობს. კამერები ვიდეოს ლაივ რეჟიმში, მაჩვენებელთა დაფაზე არსებულ მონიტორზე აჩვენებენ.

6. გზის გადაკვეთის სკანირება


2000-იანების ბოლოს ავტოსამყაროს ავტომატური დამუხრუჭების სისტემა ინოვაციად მოევლინა. მისი გამოცდის შემდეგ კი თანამედროვე ავტომობილებში ინტეგრირება აუცილებელი გახდა.

AEB-ის სახელით ცნობილი ტექნოლოგია ავტომობილის წინ არსებული დაბრკოლებების აღმოსაჩენად სენსორებს იყენებს. მისი მეშვეობით, საფრთხის ინტერვენციის მიზნით, მანქანა დამოუკიდებლად ამუხრუჭებს.

თანამედროვე მოდელების უმრავლესობა ამ ფუნქციის მქონეა, თუმცა უმეტესობა მაღალ სიჩქარეზე მუშაობს. დაბალ სიჩქარეზე მომუშავე AEB სისტემა კი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია.

მიუხედავად ამისა, ამ ტექნოლოგიის უფრო სპეციფიკური ვერსია „გზის გადაკვეთისას შეჯახების საწინააღმდეგო გაფრთხილებაა“, რომელსაც „გზის გადაკვეთის სკანირებასაც უწოდებენ“. ეს გამაფრთხილებელი სისტემა გზის გადაკვეთისას აქტიურდება და მოახლოებული ავტომობილების შესახებ მძღოლს აფრთხილებს. ეს კი შეჯახებისგან ორივე მხარეს იცავს.

ამ ტექნოლოგიით უახლესი Toyota Yaris-ი, Mazda BT-50, Isuzu D-Max-ი, Kia Carnival-ი, Volkswagen Touareg-ი და Audi-ს რამდენიმე მოდელია აღჭურვილი.

7. 360-გრადუსიანი კამერები


მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოდელების უმეტესობა უკანა ხედვის კამერითა და პარკინგკონტროლებით გამოდის, ავტომწარმოებელთა უმეტესობა 360-გრადუსიან ან 3D ტექნოლოგიის კამერას გვთავაზობს.

ეს განსაკუთრებულად მოსახერხებელია მაშინ, როდესაც ავტომობილით მჭიდრო ადგილებში მოძრაობთ.

Jaguar-ი და Land Rover-ი 360-გრადუსიანი კამერას იატაკქვეშა ხედვის ფუნქციაც შესძინეს. ამ სისტემის მეშვეობით მძღოლს ძრავის ქვეშ არსებული გზის საფარის მონიტორინგიც შეუძლია. გამოსახულება მკაფიოა და მათი გამოყენება უგზოობის პირობებში ყველაზე დიდი კომფორტის შემქმნელია.

გაზიარება: