Aa Aa
6 მაისი 2021  |  11:00

Bugatti-მ $300,000-იანი ბილიარდის მაგიდა წარმოადგინა, რომელიც იახტაზე გამოსადეგია

ის კარბონით, ალუმინითა და ტიტანიუმითაა გაკეთებული.

Bugatti-მ ის პრობლემა გადაჭრა, რომლის არსებობის შესქახებ არც კი ვიცოდით, ან არასდროს გვიფიქრია: როგორ უნდა ითამაშო ბილიარდი იახტაზე, როცა ტალღებში ხარ. მათ კარბონის ბილიარდის მაგიდა ააწყეს, რომელიც ბურთებს დაგორებისგან იცავს.

ეს შეზღუდული გამოშვების ბილიარდის მაგიდაა, რომელიც კარბონის ექსპერტებთან IXO-სთან თანამშრომლობით აიგო.  მაგიდა უნიკალური ჰიპერქარებითაა შთაგონებული. ჩარჩო ალუმინისა და ტიტანიუმისაა. Bugatti სიამაყით გვამცნობს, რომ ეს მაგიდა იმ დონისაა, რომელსაც პროფესიონალურ შეჯიბრებებზე იყენებენ. ასე რომ, რონი ო’სალივანს და მარკ შელბის იახტაზე თამაში თუ მოუნდებათ, ამას უპრობლემოდ შესძლებენ.

თვითგასწორების ტექნოლოგია გიროსკოპულ სენსორს ეყრდნობა. მაგიდის თითოეული ფეხი მოძრაობს და იახტის მოძრაობასთან ადაპტირდება. თანაც ეს წამის მეასედებში ხდება. ამ ფუნქციისთვის Bugatti დამატებით ფულს ითხოვს. რა თქმა უნდა, მათ, ვინც ამ მაგიდის სახლში დადგმას აპირებს, ეს ფუნქცია არ სჭირდებათ.

მაგიდას 13-ინჩიანი ეკრანი აქვს, რომელზეც ანგარიშისთვის თვალის მიდევნებაა შესაძლებელი. ცარცის ყუთი და ბილიარდის მაგიდისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობებიც ადგილზეა. მყიდველები „ფლეშკასაც“ მიიღებენ, რომელზეც მაგიდის წარმოების ფოტოები და ვიდეოებია ჩაწერილი.

ასეთი მაგიდა სულ 30 ეგზემპლარად გამოვა. ფასი კი $300,000-დან იწყება.

გაზიარება: