Aa Aa
4 ივნისი 2021  |  09:29

ფორმულა 1-ის 10 პილოტის საინტერესო ავტომობილები

რომელი გუნდის ბოლიდებს მართავენ ფორმულა 1-ის პილოტები ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის. მაგრამ რა ავტომობილებს მართავენ მსოფლიოში საუკეთესო მძღოლები ტრასის მიღმა?

ფორმულა 1-ს ბოლიდის შემდეგ, რთულია იპოვო ისეთი ავტომობილი, რომელიც აგაღელვებს. რა თქმა უნდა, პილოტებს ფულიც საკმარისად აქვთ და გემოვნებაც იმისთვის, რომ ყველა კაპრიზი აისრულონ. სწორედ ამიტომ არის უფრო საინტერესო, რომელ ავტომობილებს ირჩევენ ისინი ტრასის გარეთ, ყოველდღიური გადაადგილებისთვის. გასაკვირი არაა, რომ ეს ადამიანები ავტომობილების საკმაოდ დიდ კოლექციებს ფლობენ.

სებასტიან ფეტელი და „ფერარები“

სებასტიან ფეტელი თავის პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებს. მას სოციალური ქლესებიც კი არ აქვს. ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რამდენი და რა ავტომობილები ჰყავს ფორმულა 1-ს 4-გზის მსოფლიო ჩემპიონს ამჟამად. თუმცა, უკვე ზუსტად ვიცით, რომელ ავტომობილებზე თქვა მან უარი. მან გასაყიდად 8 ავტომობილი გამოიტანა და მათგან 5 Ferrari იყო.

ამ ხუთს შორისაა შუაძრავიანების ტრიო: F50, Enzo და LaFerrari. დანარჩენი ორი F12tdf და 458 Speciale-ა. Aston Martin-ის გუნდში გადასვლის შემდეგ ფეტელმა ყველაფერი თავიდან მოიშორა, რაც Ferrari-სთან წარუმატებელ თანამშრომლობას ახსენებდა.

5 Ferrari-ს გარდა, AMG Mercedes SLS-სა და SL65 Black Series-ს ყიდის. როგორც ჩანს, ეს ავტომობილები იმ გუნდს ახსენებს, რომელმაც მისი ოცნებები დაანგრია. სიაში BMW Z8-ც მოხვდა.

შარლ ლეკლერი და Alfa Romeo Stelvio QV

შარლ ლეკლერის ავტომობილებს კოლექცია ისეთივე მრავალფეროვანი არ არის, როგორც სხვა პილოტების, მაგრამ რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილის საჭესთან ის არაერთხელ შენიშნეს. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, რამდენიმე Ferrari და Maserati. გარდა ამ ავტომობილებისა, ახალგაზრდა ვარსკვლავს Alfa Romeo SUV ჰყავს, რომელსაც უბრალოდ ყოველდღიური გადაადგილებისთვის გამოიყენებს ხოლმე. ეს ავტომობილი Giulia Quadrifoglio-ს სუვი ვერსიაა. 2.9-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V6 ძრავა 505 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ვალტერი ბოტასი და Mercedes Benz C63 AMG

ვალტერი ბოტასმა ეს Mercedes C63 AMG 2016 წელს შეიძინა, იქამდე, სანამ Mercedes-ის ფორმულა 1-ს გუნდს შეუერთებოდა. ამ ავტომობილს 6.2-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 7-სიჩქარიანი ავტომატური. ეს ავტომობილი უფრო ამაღელვებელია, ვიდრე GLE 350D და ML350 4 Matic, რომლებსაც ფინელი პილოტი ასევე ფლობდა.

კარლოს საინსი და McLaren 720s

კარლოს საინსი თავის პირად ცხოვრებას სხვებზე მეტად ასაიდუმლოებს. ამიტომ, ზუსტად ძნელია იმისა დადგენა თუ რამდენ და რა ავტომობილებს ფლობს ახალგაზრდა პილოტი და რალის ლეგენდარული პილოტის შვილი. სავარაუდოდ, Ferrari-ში გადასვლის შემდეგ, მის კოლექციას, რამდენიმე ღირებული ავტომობილიც მიემატა. თუმცა, ერთი რაც ზუსტად ვიცით, კარლოს საინს უმცროსს McLaren 720s ნამდვილად ჰყავდა. 720S-ის 4.0-ლიტრიანი ტვინ ტურბო V8 ძრავა 720 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 3 წამში ნაკლებ დროში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 341კმ/სთ.

დანიელ რიკიარდო და Porsche 918

დანიელ რიკიარდო თავისი საფირმო ღიმილით ყველასთვის საყვარელი პილოტია. მას ძალიან ბევრი ავტომობილი და მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ავტოფარეხი აქვს. მის კოლექციაში კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი Porsche 918 Spyder-ია. ჰიბრიდული სუპერქარი 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 2.6 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 345კმ/სთ.

ლანდო ნორისი და McLaren 570s

კარლოს საინსის მსგავსად, კონტრაქტის თანახმად, McLaren-ის ავტომობილი გუნდის ახალგაზრდა პილოტმაც მიიღო. ლანდომ მაშინ McLaren 570s-ი აირჩია. ის ისეთივე სწრაფი არ არის, როგორც 720s-ი, მაგრამ მისი მართვა არანაკლებ ამაღელვებელია. 3.8-ლიტრიანი V8 ძრავა 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ნორისმა ავტომობილს ისეთივე ფერი შეურჩია, როგორიც მის ბოლიდს აქვს.

კიმი რაიკონენი და Fiat 500

მას შემდეგ, რაც „ყინულის კაცმა“ 2007 წელს „ფერარის“ ბოლიდით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, მას საჩუქრად Fiat 500 Multijet-ი გადასცეს. ამ ქალაქის ავტომობილის პატარა 1.3-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავა 95 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 180კმ/სთ-ია, თუმცა კიმის ხელში ნებისმიერი ავტომობილი წარმოუდგენლად სწრაფია.

მაქს ფერსტაპენი - Porsche GT3 RS

Mad Max-ი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა პილოტია, რომელიც წელს 7-გზის ჩემპიონს გამარჯვებაში ეცილება. როცა მაქსი 18 წლის გახდა, მან თავისი Renault Clio, რომლითაც მართვის მოწმობა აიღო, „გადააგდო“ და არ მეტი, არც ნაკლები Porsche GT3 RS-ი იყიდა, რომელშიც 300 000$ გადაიხადა. 

ლუის ჰამიტონი და Shelby 427 Cobra

უცნაური იქნებოდა ფორმულა 1-ს 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი ამ სიაში რომ ვერ მოხვედრილიყო. პირველი ავტომობილი, რომელიც მან შეიძინა მეორადი Mini Cooper-ი იყო და მისი კოლექციაც ამ ავტომობილით იწყება. მას სულ მცირე 15 ავტომობილი ჰყავს.

მისი კოლექციის მარგალიტია $5-მილიონიანი იშვიათი 1966 წლის Shelby 427 Cobra. მას ასევე უახლესი $3 მილიონის ღირებულების Mercedes-AMG Project One ჰყავს.

გარდა ამისა, მის კოლექციაშია Ford Mustang GT 500, McLaren P1, LaFerrari და Pagani 760 LH.

ნიკო როზბერგი და Mercedes Benz 300SL

2016 წლის სეზონის მსოფლიო ჩემპიონს ბევრი გამორჩეული ავტომობილი ჰყავს. ის ავტომობილების ნამდვილი ენთუზიასტია. ნიკოს ექსკლუზიური ავტომობილების კოლექციაში მარგალიტი 1955 წლის Mercedes 300SL Gullwing-ია. როზბერგის თქმით, ეს ავტომობილი სრულიად აღდგენილია. მისი წითელი ტყავის სალონი შესანიშნავად გამოიყურება. ნიკომ თავის ვლოგში ეს ავტომობილი მონაკოს ქუჩებში გაასეირნა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს არის ავტომობილი, რომელიც ფორმულა 1-ს ნამდვილ ჩემპიონს შეეფერება.

გაზიარება: