Aa Aa
8 ივნისი 2021  |  18:00

BMW-ს ყველაზე შოკისმომგვრელი საავტომობილო დიზაინები

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში BMW-მ დიზაინერული ხედვები მნიშვნელოვნად შეცვალა და გააუმჯობესა. მიუხედავად ამისა, ახალი სტილის გულშემატკივარი ბევრი არ გახლავთ. სიაში ყველაზე შოკისმომგვრელ საავტომობილო დიზაინებს წარმოგიდგენთ, რაც BMW-ს შეუქმნია.

2021 წლის BMW M3 Competition-ი


2021 წლის BMW M3 და M4-ის კუპე წარმადობით, ტექნოლოგიებითა და მძლავრი აგრეგატით დატვირთული ავტომობილებია. მათი 3-ლიტრიანი ტურბინიანი 6-ცილინდრიანი ძრავები 503 ცხენისძალას გამოიმუშავებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმძლავრე ასფალტზე საკმაოდ ეფექტურად დაიტანება, რაც ნებისმიერ ადამიანს სახეზე ღიმილს გვრის.

ყველა ამ პროგრესსა და ეიფორიას უზარმაზარი ცხაურა ფარავს. თირკმელისებრი ცხაურის ზომაში ზრდა ძრავისთვისა და გაგრილებისთვის გახდა საჭირო. ის იმდენად დიდია, რომ სხვა ახალ დიზაინერულ შტრიხებსაც მალავს.

1970 წლის BMW Garmisch Concept-ი

იტალიური დიზაინერული ატელიეს, “ბერტონეს” მიერ შექმნილი Garmisch-ის კონცეპტი პირველად 1970 წლის ჟენევის ავტოჩვენებაზე ვიხილეთ. ამ ავტომობილს წარმოდგენა უნდა შეექმნა, თუ საით მიდიოდა მწარმოებელი დიზაინერული კუთხით. Garmisch-ში “ბერტონეს“ უამრავი დეტალი იყო ჩადებული, რაც იტალიური დიზაინისკენ ერთი დანახვით მიანიშნებდა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 1970 წელს წარდგენილი ავტომობილი მას შემდეგ არავის უნახავს. მსგავსი დიზაინერული გათვლები კი BMW-ს არასდროს ჰქონია.

1978 წლის BMW M1


ის, რაც BMW M1-ს ჩახლართულს ხდის მისი ისტორიაა. თავდაპირველად BMW-ს ამ ავტომობილით Porsche-სთან კონკურენციაში შესვლა სურდა Group 5-ის რბოლაზე. მწარმოებელმა ჰომოლოგაციური მოდელის შექმნაზე შეთანხმებას Lamborghini-სთან მიაღწია.

BMW-ში ღელავდნენ, რომ Lamborghini პროექტს ვერ დაასრულებდა, რის გამოც გერმანელებმა გარკვეული საკითხების მოგვარება თავად გადაწყვიტეს. პროექტის ზოგად ფორმაზე პასუხისმგებლობა ჯუჯარიომ აიღო. პირველი მოდელი ტურინში, Lamborghini-ს ყოფილმა დასაქმებულებმა Ital Design-ში ააწყვეს.

კიდევ ერთ კომპანიას, Baur-ს, პასუხისმგებლობა ჰქონდა ავტომობილში BMW-ს მიწოდებული ძრავები განეთავსებინა, სანამ BMW-ს ავტოსპორტის განყოფილება საბოლოო ცვლილებებს შეიტანდა. ეს არეული სიტუაცია კი საბოლოოდ Group 5-ში მონაწილეობის მიღების გარეშე დასრულდა. ამის შემდეგ, BMW-მ მოდელი M1 Procar-ის სახელით გამოუშვა.

1989 წლის BMW Z1


ჰოლანდიელი დიზაინერის, ჰარმ ლაგაის მიერ შექმნილი BMW Z1 ბავარიული კომპანიის არცერთ ნაწარმს არ გავდა. ის, რაც მოდელს გასაუცარს ხდიდა პლასტმასის კორპუსის დეტალები იყო, რომლის მოხსნაც და ჩანაცვლებაც ერთ საათზე ნაკლებ დროს მოითხოვდა.

მიუხედავად ამისა, ყველაზე მთავარი მოძრავი კარები გახლდათ, რომელიც დაბლა ჩადიოდა. ორი წლის განმავლობაში BMW-მ 8000 Z1-ის გამოშვება მოასწრო.

1998 წლის E36 BMW Z3 Coupe


1990-იან წლებში BMW სედანების მთავარი ხაზის შემუშავებაზე იყო კონცენტრირებული. ამ პერიოდში, დიზაინერული კუთხით, ყველაზე მეტად Z3 Roadster-ი გამოირჩეოდა. 1998 წელს BMW-ს ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ Z3-ს კუპე ვერსია სჭირდებოდა და პროტოტიპზე მუშაობა თავად დაიწყეს. საბოლოოდ კი Z3 Coupe მივიღეთ, რომელსაც უშვეულო Shooting Brake-ის დიზაინი აქვს.

BMW-ს მენეჯერები მოდელის წარმოებას უხალისოდ შეხვდნენ, თუმცა საბოლოო ვერისიამ საწარმოო ფორმა მაინც მიიღო. დღეს კი M Coupe ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ბავარიელია კოლექციონერებისთვის.

2001 წლის E46 BMW 3 Series Compact


BMW 3 Series Compact-ს კუპესა და ჰეჩბეკის შეზავებული კუდი ჰქონდა. პირველად ის 1993 წელს ვიხილეთ. 2000 წლისთვის კი ხაზი E46-ის პლატფორმაშიც ინტეგრირდა და უფრო მომრგვალებული ფორმა მიიღო. ამ ავტომობილში ყველაზე მეტად დაწვრილებული წინა მაშუქები დამოირჩეოდა, რომელსაც ზემოდან გადმოსული ძრავის ხუფი ყოფდა. უჩვეულო იყო Lexus IS200-ის სტილის უკანა მაშუქებიც, რაც უკანა ნაწილს მეტ ეფექტურობას სძენდა.

2002 წლის E85 BMW Z4


Z3-ის რეტრო სტილის შემდეგ, BMW-მ სრულად თანამედროვე ვიზუალის Z4 გამოუშვა. შთაგონების წყარო X-Coupe-ს კონცეპტიდან არის აღებული. გამოსვლისას მის შესახებ აზრი ორად იყოფოდა, მაგრამ თითქმის ორი ათწლეულის შენმდეგ  ისეთ შთაბეჭდილება გვექმნება, რომ თითქოს ის გუშინ იყოს შექმნილი.

2004 წლის E87 BMW 1 Series-ი


პრემიუმ კლასის ბაზარზე BMW-მ დიდი ნაბიჯი პირველი სერიის შექმნით გადადგა. ის Audi A3-სა და Mercedes-Benz A-Class-ის პასუხად იყო შექმნილი. კონკურენტებისგან განსხვავებით, BMW უკანა წამყვანი გახლდათ, რაც კლასიკური მართვის სტილს გვთავაზობდა.

2009 წლის F07 BMW 5 Series Gran Turismo


2009 წელს გამოსული მეხუთე სერიის Gran Turismo 5-კარიანი „ფასთბექ“ მოდელი იყო. რეგულარული სედანისგან განსხვავებით ზომები გაზრდილი იყო და მეტი პრაქტიკულობა ახასიათებდა. ეს ავტომობილი მათთვის იყო შექმნილი, ვისაც მეხუთე სერიის უნივერსალი არ ხიბლავდა.

მწარმოებელი ფიქრობდა, რომ მოდელი აშშ-ს ბაზარზე წარმატებით გაიყიდებოდა, თუმცა, 2010 წელს BMW-მ მეხუთე სერიის GT-ი ვერსიiს 2 500 ეგზემპლარზე ნაკლები გაყიდა.

2013 F34 BMW 3 Series Gran Turismo



მეხუთე სერიის GT-სთან დაკავშირებული სირთულეების გამო, BMW-მ ზომა შეამცირა და 2013 წელს მესამე სერიის GT-ი გამოუშვა. სედანის მოდელზე უზარმაზარმა „ფასთბექ“ ნაწილმა საეჭვო კუთხეები გააჩინდა. სიტუაცია 2016 წელს გამოსულმა „ფეისლიფტ“ ვერსიამ გამოასწორა.

2013 წლის BMW i3



BMW-ს პირველი ელექტრო ავტომობილის დიზაინი რევოლუციური იყო. სრულად ელექტრო ან ჰიბრიდული აგრეგატით წარმოდგენილმა მოდელმა თითქოს მომავალი დააჩქარა და ჩვენამდე მოიტანა. მთავარი სტრუქტურის შექმნისას კი კარბონი უხვად გამოიყენეს. ორიგინალური გახლდათ უკანა კარების მოძრაობაც.

ეს ავტომობილი BMW-ს პირველი მასობრივად წარმოებული EV-ა. ჯამში სულ 130 000 ეგზემპლარზე მეტია გაყიდული, რაც უდაოდ წარმატებული მაჩვენებელია.

2014 წლის F45 BMW 2 Series Active Tourer-ი


ცოტახნით, 2 Series Active Tourer-ის ვიზუალი გვერდით უნდა გადავდოთ და ვკონცენტრირდეთ იმ ფაქტზე, რომ ის პირველი წინაწამყვანი BMW-ა. ამ ავტომობილისთვის Mini Countryman-ის პლატფორმა იქნა გამოყენებული.

BMW-ს მოტივაცია Mercedes-Benz B-Class-ის კონკურენტის შექმნა იყო.

2017 წლის G32 BMW 6 Series-ი


როდის არ არის მეექვსე სერია ნამვდილი მეექვსე სერია? მაშინ, როდესაც მეხუთე სერიის GT-ის შემცვლელი გამოვიდა. BMW-მ ახალ 5-კარიან Fastback-ს 6 Series GT-ი დაარქვა. ეს ყველაფერი კი მერვე სერიის გაცნობით გახდა შესაძლებელი, რადგან 6er-ის სახელი თავისუფალი დარჩა.

2019 წლის G29 BMW Z4


ზოგჯერ რაღაცეები წრეზე ტრიალებს და როგორც ჩანს ეს ახალი Z4-ის შემთხვევაშიც გამართლდა. მან დეტალები ორიგინალი 2002-ის ვერსიისგან ითხოვა. შეხედეთ მის გვერდებსა და მაშუქების სტილს. აღსანიშნავია უზარმაზარი ჰორიზონტალური ცხაურაც.

ჯამში ეს შტრიხები Z4-ს საკმაოდ სპორტულს აჩენს. მიუხედავად ამისა, BMW-ს მოყვარულებში მოდელის შესახებ სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობს.

2020 F40 BMW 1 Series-ი


BMW-ს გადაწყვეტილებამ - გამხდარიყო პირველი სერია წინა წამყვანი - მოდელს მეტი პრაქტიკულობა, ხოლო კომპანიას პლატფორმების მოქნილობა შესძინა. წინ არსებული უზარმაზარი ცხაურა პრობლემაა, თუმცა, ეს ავტომობილი ჰეჩბეკის მოყვარულების აუცილებლად მოეწონებათ.

2020 წლის BMW 2 Series Gran Coupe


Mercedes-Benz CLA-სთან საბრძოლველად BMW-მ მეორე სერიის Gran Coupe გამოუშვა. ის პირველი სერიის პლატფორმაზეა დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წამყვანია. წინა მხრიდან მოდელი 1er-ს მნიშვნელოვნად ჰგავს, უკან კი სურათი სრულად შეცვლილია. იმ შემთხვევაში თუ ამ ავტმობილს უკან BMW-ს ემბლემა არ ექნებოდა, დიზაინს ნებისმიერ ავტომწარმოებელს მიაწერდით. ამ მიზეზით, 2 Series Gran Coupe-ს ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს.

გაზიარება: